„როცა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა საუბარი, ბიზნესის მოგება მე-10 რიგში უნდა გადავიდეს“ - თემურ ჭყონია / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

მთავრობამ ახალი კოვიდრეგულაციები შემოიღო. 1 დეკემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებში 18 წელს ზემოთ მოქალაქეების მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შევლენ. საინტერესოა, როგორ ხვდება ბიზნესი ახალ შეზღუდვებს. ამავდროულად, ორნიშნა ინფლაცია მოსახლეობას ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად აღარიბებს, მთავრობა კი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბიზნესი ხელისუფლებისგან უფრო აქტიურ მოქმედებას და პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.

“ბიზნესკურიერის” სტუმარია თემურ ჭყონია, ბიზნესმენი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი

-ბატონო თემურ, პირველ რიგში კოვიდრეგულაციებს შევეხოთ. კონკრეტულად თქვენს კომპანიებში რა მდგომარეობაა. როგორც ვიცი, თქვენ არ დაელოდეთ მთავრობისგან ნაბიჯებს და თქვენს თანამშრომლებს მოსთხოვეთ ვაქცინაცია.

– ეს ჩვეულებრივი პასუხისმგებლობის გამო გავაკეთეთ. როდესაც ასეთი რთული სიტუაციაა, ამ მიმართულებით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცესო. ვისაც როგორც უნდა ისე მოიქცეს იმ არეალში, სადაც თვითონ ცხოვრობს, მაგრამ როდესაც წარმოებაში ხარ ინტეგრირებული და უამრავ ადამიანთან გაქვს შეხება, ამიტომ ეს შენზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მესმის მთავრობის ეს დამოკიდებულება, რომ ლიბერალური უნდა იყოს, მაგრამ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ წარმოებები რომელიც ქმნის პროდუქციას, რომელსაც შეხება აქვს საზოგადოებასთან, უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღონ და ჩემთან დასაქმებულებს ჩვეულებრივად ვუთხარი, მეგობრებო, ან აიცერით, ან სახლში იყავით. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამ წინადადებას ყველა ძალიან ნორმალურად შეხვდა, წინააღმდეგობა არ გვქონია. ამიტომ ჩვენი წარმოებები, რესტორნები, თვითონ ქარხნები ვგეგმავთ, რომ მწვანე ბარათები მივიღოთ და ამისთვის ყველა პირობა გვაქვს, ეს თემა შევასრულოთ.

-თუმცა ბიზნესის ნაწილი მაინც საუბრობს იმაზე, რომ მწვანე პასპორტები პრობლემებს გაყიდვების თვალსაზრისით შეუქმნის. აუცრელი მოქალაქე ვერ შევა რესტორანში და კაფეში…

– ამაზე არ უნდა ვიფიქროთ მეგობრებო, არის ადამიანის ჯანმრთელობასა და ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი და აქ მოგება მეათე რიგში უნდა გადავიდეს. პირველ რიგში უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ კოვიდრეგულაციებმა სწორი ფორმა მიიღოს და ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი მწვანე ბარათის.  საზოგადოებაში პასუხისმგებლობის დონე უფრო მაღლა უნდა იყოს აწეული, ვიდრე ახლა არის. ამდენი ადამიანი რომ იღუპება და გავრცელების ამხელა რიცხვია, როგორ შეიძლება ამას ისე მივუდგეთ, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. მე არ ვარ ამის მომხრე.

-გასაგებია, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს ჩვენ გვაქვს რიცხვების მაღალი ზრდა. მაგრამ ამავდროულად ფასების კატასტროფული ზრდას ვხედავთ მაღალი მოხმარების პროდუქციაზე, სურსათზე 20%-ია ფასების ზრდა, რაც ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს აღარიბებს. ბიზნესისთვისაც ინფლაცია ძალიან რთული გამოწვევაა. როგორ უმკლავდება თქვენი კომპანიები და ზოგადად რა ნაბიჯებს ითხოვთ ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან და ეროვნული ბანკისგან.

– ეროვნული ბანკი ამჟამად ცუდად არ მუშაობს. ჩვენი ინფორმაციით, ვალუტის შესყიდვა დიდი რაოდენობით არ ხდება და ბაზარზე ტრიალებს და შესაბამისად სტაბილურობა შეიძლება ამით არის გამოწვეული. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ სწორ ანალიზს ვერ ვაკეთებ ინფორმაციის უქონლობის გამო. რაც შეეხება ფასების ზრდას, რაც არ უნდა წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვინაიდან ჩვენ ინტეგრირებული ვართ მსოფლიო ფასების სისტემაში, ამას ვერ შევეწინააღმდეგებით.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელფასები რჩება იგივე. აქედან გამომდინარე ჩვენ 2022 წლიდან ხელფასების ზრდას ვაპირებთ 10- 12 პროცენტით. რაც ოდნავ შეამცირებს იმ ტვირთს, რაც ჩვენს თანამშრომლებს აქვთ და ჩვენი თანამშრომლების რიცხვი დაახლოებით 3 ათას კაცამდეა. ვცდილობთ, რომ მოგების შემცირების ხარჯზე ხელფასები გავზარდოთ და ხელი შევუწყოთ, რომ ადაპტირებულები იყვნენ იმ ფასებთან, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს არამარტო გასავალზე, არამედ ფსიქიკაზე. გაძვირებები არის ძალიან მტკივნეული და აქედან გამომდინარე უალკოჰოლო ბაზრის სისტემაში 17-18 პროცენტით არის გაზრდილი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ 6.5 პროცენტს არ ავცილებულიყავით. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით ბიზნესს, გვესმის აბსოლუტურად შექმნილი პრობლემები, იმიტომ რომ ბევრი წელია, ბაზარზე ვართ, ტრადიციულად ბევრი მომხმარებელი და ბევრი გულშემატკივარი გვყავს. არ მინდა მათ ისე გაიგონ, რომ ჩვენ მოგებას ვზრდით. არა მეგობრებო, ფასების ზრდა ობიექტური მიზეზების გამოა გამოწვეული, სამწუხაროდ ფასების ზრდა ბევრი მიზეზის გამო ხდება, არამარტო საქართველოში.

 

 

-დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეალურად ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. მან თქვა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და რამდენიმე კვირაში წარმოადგენენ ხედვას, რომელიც ამ მიდგომას შეცვლის. მე გავიხსენებ, რომ წელს სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 70 ათასი ადამიანით გაიზარდა, რაც ეკონომიკასთან ერთად სამწუხაროდ პოლიტიკასთანაც და არჩევნებთანაც არის დაკავშირებულია. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? სოციალური დახმარებების მოხსნის ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივა დიდად არ ჩანს. როგორ უნდა შესთავაზოს სათანადო სამსახური და სათანადო ანაზღაურება.

მე მესმის, რომ ეს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა არაა. მან თამაშის წესები უნდა შექმნას, სადაც შემდეგ უკვე ბიზნესი შექმნის ამ თამაშის წესებში სამუშაო ადგილებს, მაგრამ საითკენ უმიზნებს მთავრობა ამ განცხადებით, რომ ის სოციალური პოლიტიკა, რაც არის, უსაქმურობას და უმუშევრობასა და სიღარიბეს აჩვევს ადამიანებს

– მე რამდენიმე ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, რომ როდესაც ადამიანებს სთავაზობენ სამუშაოს დაწყებას, ერთ-ერთი პასუხია, მე რომ სამუშაო დავიწყო, სოციალურ დახმარებას შემიწყვეტენ…

აბსოლუტურად სწორი კურსია, რაც მთავრობამ ახლა აიღო. უნდა გავაანალიზოთ, ვინ არის სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რა შეუძლია, რამდენი წლისაა, რა სარგებლობას იღებს და რას იკლებს თვითონ. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. იმიტომ რომ 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე, არის ძალიან დიდი ციფრი. როგორ შეიძლება, რომ სოფელში ადამიანს, რომელსაც მიწა აქვს და სახლი აქვს, შეუძლია, საქონელი ჰყავდეს და შეუძლია, ფრინველი ჰყავდეს, სოციალურად დაუცველი იყოს? – ეს ყველაფერი თუ ორგანიზებულად გაკეთდა და სახელმწიფომ შექმნა ისეთი სტრუქტურა, რომელიც მათ მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროდუქციას შეისყიდის გარანტირებული ფასით, მიღწევადია.

მერწმუნეთ ხანგრძლივი სამუშაოა, მაგრამ სარგებელს უეჭველი მოიტანს და ადამიანებს აგრძნობინებს ადამიანებად თავს და ის არ დაელოდება სოციალურ დახმარებას. უფრო მკაცრი უნდა იყოს სოციალური დახმარება.

2 მომენტია: სოციალური დახმარება ერთია, მაგრამ სახელმწიფოში მომუშავე ადამიანების რაოდენობა უნდა შემცირდეს.  ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია. 600 ათას სოციალურად დაუცველ ადამიანს, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი ემსახურება. რამდენი ადამიანის შემცირება მოხდება სოციალური ადამიანის დასაქმების მიზნით. ამიტომ ჩემის აზრით, უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, ვის შეუძლია მუშაობა და ვის არა. რა თქმა უნდა, არის ადამიანების კატეგორია, რომელიც არაშრომისუნარიანია, წარმოიდგინეთ ქვეყანაში 600 ათასი არაშრომისუნარიანი ადამიანია, ეს უკვე ქვეყნის ავადმყოფობაა. რაღაც უბედურებაში ვართ გახვეული, რომ ამდენი ადამიანი არაშრომისუნარიანია. როგორ შეიძლება ასეთი დიდი ციფრი არსებობდეს.

ამ ადამიანებს ვეხმარებით, რომლებსაც შეუძლიათ იქით დაეხმარონ ქვეყანას და თავიანთი შვილები გაზარდონ სწორად, მაგრამ აქ მეორე მომენტია. ცოდნა, რა უნდა გააკეთოს, ამიტომ მუნიციპალიტეტებს უშველებელი დატვირთვა აქვთ, რა უნდა გააკეთონ, რომ სწორი იდეოლოგია ჩაუსახონ.  არიან მწარმოებელი ოჯახები, რომლებიც მცირე რაოდენობით აწარმოებენ რაღაც პროდუქტს და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბაზარში წასვა ან მარკეტებში მისვლა არ შეუძლიათ,, მაგრამ აქვთ ჯერ კიდევ ზედმეტი პროდუქცია, ამ ზედმეტი პროდუქციის რეალიზება უჭირთ, ან არ აქვთ საერთოდ პროდუქცია იმის გამო, რომ ცოდნა არ აქვთ.  ქვეყანას ავითარებს შრომისმოყვარე მცოდნე ხალხი. უსაქმურობით სახელმწიფო ვერ განვითარდება.  დღეს 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე მომავალში შეიძლება გახდეს მილიონი.

ეს ტენდენცია თუ არ შეჩერდა, წლების განმავლობაში ეს რაოდენობა ხომ იზრდება და არ მცირდება.

-ეს ნაბიჯები ცოტა მტკივნეული ხომ არ იქნება?

– უდავოდ მტკივნეული იქნება, მაგრამ მეგობრებო, ყველა წარმატების გზა მარტივად არ გადის. თუ გვინდა, რომ მომავალში იყოს წარმატებული, მტკივნეული უნდა იყოს. ყველა რეფორმა არის მტკივნეული. ყველა რეფორმა გამოიწვევს ნეგატიურ შეფასებას. მაგრამ სახელმწიფოსა და მომავლის განვითარებისათვის, მათი შვილების განვითარებისათვის, ეს უნდა გაკეთდეს. სოციალურად დაუცველი შვილსაც სოციალურად დაუცველად ზრდის. ოჯახური ტრადიციები ჩამოუყალიბდება, როგორ აუაროს გვერდი შრომას, რომ ფული უშრომლად აიღოს.

ზოგმა შეიძლება თქვას, შენ რა გენაღვლებაო და ლოგიკაში მართლები იქნებიან, მაგრამ პრაქტიკაში მართლები არ იქნებიან, იმიტომ რომ მხოლოდ შრომით და ცოდნით შეიძლება, მოიპოვოს ქვეყანამ სიმდიდრეც და თავისუფალი მოქალაქეც. თავისი შრომით მოპოვებული ერთი ლუკმა ერჩივნოს სახელმწიფოსგან მიღებულ 100 ლარს, არაა ეს საინტერესო.

ცხრაშვილიანი ოჯახი ვართ, სოციალურად დაუცველიო, რომ ამბობენ, შე ოჯახაშენებულო, ცხრა შვილი რომ რაღაც მომენტში დასაქმებული იყოს და თავისი თავის რჩენა შეეძლოთ, ჩემი აზრით, ეს სოფელში შესაძლებელია. და უამრავი ადამიანი, იმის გამო, რომ სოფელში არ მუშაობენ, ჩამოდიან ქალაქში, სხვადასხვა რაღაცებს აკეთებენ ასე ქალაქების თავკომბალა შეიქმნა, სადაც ეს ადამიანები რას აკეთებენ არც იციან. ვფიქრობ, რომ ამ თემაში სახელმწიფომ მტკივნეული და არაპოპულარული და ძალიან მტკივნეული ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგრამ თვითონ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს არაპოპულარული ნაბიჯი გადაიდგმება, ერთ წელიწადში ბედნიერები იქნებიან.

 

ამავე თემაზე:

თემურ ჭყონია მომავალი წლიდან თანამშრომლებს ხელფასს 10-12 პროცენტით გაუზრდის

წარმოიდგინეთ, ქვეყანაში 600 ათასი არაშრომისუნარიანი ადამიანია, ეს უკვე ქვეყნის ავადმყოფობაა, რაღაც უბედურებაში ვართ გახვეული – როგორ აფასებს თემურ ჭყონია პრემიერის ინიციატივას