,,ვუმასპინძლებთ ამერიკელ  მუსიკოსს და კომპოზიტორს ალენ ჰასლის, რომელიც მართლაც, რომ ჯადოსნურ მუსიკალურ მოგზაურობას გვპირდება" - ციცი იაშვილი „სოციალურ სივრცეში“ დაგეგმილი სიახლეებით „არტ-FM“-ში

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ციცი იაშვილი სტუმრობდა, რომელმაც შეკვეთილში არსებულ „სოციალურ სივრცეზე“ და იქ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ციცი, რით იქნება გამორჩეული წლევანდელი სეზონი და რა სიახლეებს გვთავაზობს „სოციალური სივრცე?

პირველ რიგში, საუბარი მინდა იმ მიზნით და მისიით დავიწყო, რის გარშემოც აშენდა მთელი ეს კონცეფცია და გითხრათ თუ რა იდეა დევს ზოგადად „სოციალურ სივრცეში“. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მხოლოდ ლამაზ სივრცედ აღიქმებოდეს. სამწუხაროდ, ბევრი სტუმარი მხოლოდ ფოტო ზონად აღიქვამს მას, ბევრი კი რესტორნად და ეს შეცდომაა. ჩვენ არ ვართ არც რესტორანი, არც ლაუნჯი, არც ბარი. ჩვენ ვართ სივრცე, რომელიც უბრალოდ ერთ ლოკაციაზე სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ, ისევ თქვენთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, მაგრამ ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო ენა მუსიკაა. ადამიანები ჩვენთან პირველ რიგში მუსიკის მოსასმენად, ღონისძიებებზე დასასწრებად უნდა მოდიოდნენ. ჩვენი სურვილია შევკრათ კომუნა, რომელიც იმ ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომელთაც იგივე ღირებულებები ექნებათ, რაც ჩვენ, ეს კი ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას გულისხმობს. ხშირად გვსაყვედურობენ, გარემოზე ზრუნვას ღაღადებთ და ყველაფერი ხისგან გააკეთეთო. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვთქვა, რომ სივრცე სრულიად გადამუშავებული, მეორადი მასალისგან არის შექმნილი და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მელანო ზიბზიბაძეს ამ საოცარი დიზაინის შექმნისთვის.

რა ღონისძიებები იგეგმება „სოციალურ სივრცეში“ ახლო მომავალში და რომელ საათებში ფუნქციონირებს აღნიშნული სივრცე?

სივრცე მუშაობს ყოველდღე, დღის სამი საათიდან ღამის ორ საათამდე, სამზარეულო კი მხოლოდ და მხოლოდ 22:00 საათამდე. ჩვენი სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკთან მდებარეობს. რაც შეეხება ღონისძიებებს, ჩვენ ყოველდღიურად ველით საზოგადოებას გამაჯანსაღებელ ღონისძიებებზე, 10:00 საათზე ველით ყველას, ვისაც სურს, რომ ჩვენს კომუნას შემოუერთდეს და ჩვენთან ერთად ივარჯიშოს. 14 აგვისტოს „ჩაის დღე“ გვექნება, რომელიც დღის თორმეტ საათზე დაიწყება და მთელი დღე გაგრძელდება. ჩვენი მეგობრები სხვადასხვა სახის ჩაის დეგუსტაციას და თერაპიულ პროცედურებს შემოგთავაზებენ. ამავე საღამოს ვუმასპინძლებთ ამერიკელ  მუსიკოსს და კომპოზიტორს ალენ ჰასლის, რომელიც მართლაც, რომ ჯადოსნურ მუსიკალურ მოგზაურობას გვპირდება. ასე, რომ 14 აგვისტო საკმაოდ დატვირთულია და არ გამოტოვოთ. 15 აგვისტო სეზონის კულმინაციური დღე არის, რადგან არენის ეზო პირველად უმასპინძლებს ფრანგულ ბენდს „L’Impératrice“ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. 16 აგვისტოს ლი ბურიჯს ვუმასპინძლებთ. ღონისძიებების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მათ, ვისაც უყვართ მუსიკა, გართობა, ზღვა, სიმწვანე და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მიღება სურთ, აუცილებლად დაგეგმონ შეკვეთილში სტუმრობა.