უცხოელი პარტნიორებისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ „კოდალას“ სათამაშოების წარმოებაში დასაქმებულები არიან სპეციალური საჭიროების მქონე პირები / "ბიზნესკურიერის" პოდკასტი

სოციალური საწარმო “კოდალა” ხის ეკო-მეგობრულ სათამაშოებსა და დეკორატიულ ნაკეთობებს 2016 წლიდან აწარმოებს. ის საქართველოს გარდა ევროკავშირის ბაზარზეც არის გასული. “კოდალა” სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით , ხელს უწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას. სოციალური საწარმო “კოდალა”, ძირითადად მუშაობს ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებზე, რომელიც ავითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში.

წარმოებაში გამოიყენება საქართველოში დამზადებული ნატურალური ხის მასალა, უმეტეს წილად კი წიფელი. საწარმოში დასაქმებულია 25-მდე ადამიანი, აქედან 16 შშმ პირია.

გადაცემაში ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს კოტე სვანაძე „კოდალას“ დამფუძნებელი.

– ბატონო კოტე, რამდენადაც ვიცი, გარკვეული წარმატებები გაქვთ, სხვადასხვა ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტების სიაშიც ხართ. თქვენს უახლოეს წარმატებებზე გვიამბეთ და შემდეგ სხვა თემებზეც გადავიდეთ.

– ბოლო წლების განმავლობაში წინ მივდივართ, როგორც ჩვენი პასუხისმგებლობის ზრდის კუთხით, ასევე ეკონომიკური ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს გამოიხატა იმაში, რომ გავედით „თიბისის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფინალში და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ლოდინი გამარჯვებით დასრულდება და ბევრი წინსვლა გვექნება, რომ უფრო მეტ სოციალურ შედეგებს მივაღწიოთ.

– თქვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზეც გადის. იქ მოხვედრა, როგორც ვიცით, არ არის ადვილი და ძალიან მაღალი კონკურენციაც არის. რით არის თქვენი პროდუქცია გამორჩეული, რომ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

-ნამდვილად დიდი კონკურენციაა განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც უსაფრთხო სათამაშოებზე საკმაოდ ბევრი რეგულაციებია დაწესებული, თუმცა ჩვენ ამ ყველა რეგულაციას ვაკმაყოფილებთ. თავისთავად გვაქვს EN71- ის სერტიფიკატი სათამაშოების უსაფრთხოების დამატასტურებელი.  უცხოელი პარტნიორებისათვის საკმაოდ მიმზიდველი გამოდგა ფორმა, რომ სათამაშოების წარმოების პროცესში დასაქმებულები არიან სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები და რაც მთავარია, ისინი ხარისხიანად ქმნიან ამ პროდუქციას, სათამაშოებს, რომელიც არის განმავითარებელი, რაც ჩვენი მთავარი ხაზია და ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიურად აღიქვამს ბაზარი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ბაზარი.

ვფიქრობ, უახლოეს მომავალში არამარტო ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, არამედ ამერიკულ ბაზარზეც შევძლებთ გასვლას.

– ყოველთვის, როდესაც დასაქმებაზე ვსაუბრობთ, საქართველოში მუდმივად ჩნდება კითხვა და მთავარი პრობლემა ძირითადად არის, რომ მუშახელის დიდი ნაწილი არაკვალიფიციურია კონკრეტული მიმართულებით. რა თქმა უნდა, სათამაშოების კეთების ცოდნა აკვნიდან არავის დაჰყვება, მაგრამ ალბათ თქვენ გაქვთ შექმნილი შესაბამისი პირობები, სადაც ახალ ადამიანებს მოიზიდავთ და ასწავლით ამ საქმეს და შემდეგ უკვე ასაქმებთ თქვენთან.

-ნამდვილად დიდი გამოწვევაა საქართველოში კვალიფიციური მუშახელი და ძალიან ბევრ ბიზნესფორუმზე სხვა ბიზნესმენებიც ხაზს უსვამენ, რომ მათაც ეს პრობლემა აქვთ. თუმცა განსხვავება სოციალურ საწარმოსა და ჩვეულებრივ ბიზნესს შორის კადრებთან მიმართებაში ის არის, რომ არამარტო კვალიფიციური კადრები ჭირს, არამედ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე შეზღუდული ადამიანის შესაძლებლობებში უნდა შევძლოთ კვალიფიკაციის მიცემა და გადამზადება, თუნდაც თავიდან სწავლა საფუძვლებიდან გამომდინარე და ამისათვის ჩვენ უკვე შევქმენით ჩვენ ბაზარზე სოციალური მეწარმეობის სკოლა, სადაც ექვსთვიანი კურსი გვაქვს უკვე აკრედიტებული და შედგენილი, სადაც პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდოლოგიით ბენეფიციარები ეუფლებიან ახალ პროფესიებს.

მთელი ციკლის გავლის შემდეგ ხდება უკვე მათი ჩართულობა სამუშაო პროცესში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შრომატევადია და მეტი პასუხისმგებლობაა, როგორ კომპანიისთვის, ისე ბენეფიციარებისთვის, თუმცაღა გარკვეული შედეგები გვაქვს და ამით შევძელით კადრებთან მიმართებაში გარკვეული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღმოფხვრა.

– ანუ პრობლემა იყო და შესაძლოა, ბოლომდე ამოწურულიც არაა.

-ეს არაა პრობლემა, რომელიც შეიძლება, ერთი ხელის მოსმით ამოიწუროს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში და ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა. თუმცა ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ, ამ ფორმით.

– პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით, მინდა გკითხოთ, მან თქვა, რომ სოციალური დახმარებების სისტემამ ხალხი ცოტათი გააზარმაცა და უმუშევრობას ხელი შეუწყო, არა, მაგრამ შეიძლება სოციალური დახმარების მიმღები ადამიანი არ დათანხმდეს მის სოციალურ დახმარებაზე მაღალ ანაზღაურებას. ეს პრობლემაა და გარკვეულად სისტემის შეცვლა იგეგმება.

-ამ ინიციატივას მივესალმები. დიდი ხანია, ამ საკითხზე ასევე გვაქვს ჩვენ გამოცდილება და ვიზიარებთ ამ პრობლემას და კარგია თუ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ამის გააზრება. რადგან გვაქვს შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებს ვეძებთ, გარდა იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს ვასაქმებთ, სოციალურად დაუცველებსაც ვთავაზობთ დასაქმების პროგრამას.

ახალგაზრდებში იმდენად უკვე მენტალური პრობლემაა, რომ მათ ურჩევნიათ, თვეში გარანტირებული 300 ლარი აიღონ, ვიდრე დაიწყონ პროფესიის დაუფლება და 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი ანაზღაურება გამოიმუშაონ. ეს რაღაც სენივითაა მოდებული და ეს მიდგომები რადიკალურად შესაცვლელია.

ეს ბიზნესსაც აფერხებს, ეკონომიკასაც აფერხებს და უმუშევრობას ზრდის საქართველოში. ამ სიტუაციიდან რაღაცნაირად უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. რაც უფრო მეტი ასეთი ხელშეწყობა იქნება, პროგრამულად, მით უფრო უკეთესი მდგომარეობა ექნება ბიზნესსაც და ახალგაზრდებსაც.

– ცოტა შეიძლება მტკივნეული იყოს ეს რეფორმა, მაგრამ რეფორმები როგორც წესი მტკივნეულია ხოლმე.

მივესალმები ამ რეფორმას. ბაზარზე სულ ამბობენ, რომ უმუშევრობაა, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესი ყოველთვის ეძებს კადრებს და ყოველთვის ვაკანსიაა და თანხვედრა ვერასდროს ვერ ხდება. ალბათ ეს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

-დიდი მადლობა ბატონო კოტე, მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ. კარგ საქმეს აკეთებთ გარდა იმისა, რომ ასაქმებთ ადამიანებს, ასაქმებთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, ალბათ, საქართველოში სამსახურის პოვნა. წარმატებებს გისურვებთ უახლოეს ბიზნეს დაჯილდოებებზე და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას რადიო „ფორტუნას“ ეთერში.