თუ აქციზის გადასახადი განახევრდება, 1 ლიტრი ბენზინი 25 თეთრით გაიაფდება - რა იწვევს და როდემდე გაგრძელდება ნავთობზე ფასის ზრდა? / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

საწვავის ფასი საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა. ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი საშუალოდ 3₾ და 15 თეთრი ღირს. გაძვირდა დიზელიც. ამის მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის განუხრელი ზრდაა. ერთი ბარელი ნავთობი 85$ ღირს. რაც შარშანდელ ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირია. საწვავს გაუფასურებული ლარი და აქციზის გადასახადიც აძვირებს. რა იწვევს ნავთობზე ფასის ზრდას და როდემდე გაგრძელდება ის?

თემაზე სასაუბროდ ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მოვიწვიეთ.

-ბატონო ვანო, მინდა ჩვენს მსმენელს მარტივად ავუხსნათ, რისგან შედგება ნავთობის ეს ფასი. პირველი ვიცით, რომ ნავთობი, ერთი ბარელის ფასი ამ ყველაფერს განსაზღვრავს. გარდა ამისა, რა მდგენელები აქვს ბენზინის ფასს და როგორია მოგების პროცენტი ერთი ლიტრი ბენზინიდან კომპანიისთვის?

– ბოლო პერიოდზე ნავთობზე ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, რაც განაპირობებს შემდგომში უკვე ისტორიულად მაღალ ფასებს საცალო ქსელში. რაზეა დამოკიდებული ეს მოცემულობა?

რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რომელზეც პირდაპირ და ცალსახად საწვავის ფასია დამოკიდებული, პირველი ეს არის საერთაშორისო ფასი.

მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო პრაქტიკაა, რომ როდესაც დგება კონტრაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ნავთობის ფასი ცვალებადია, კონტრაქტში მკაფიოდ გაწერილია, რომ როდესაც ხდება პროდუქტის დატვირთვა, უშუალოდ მწარმოებელთან, იმ დღის მონაცემებით ან საშუალო შემდგომი სამი დღის მონაცემებით ხდება ანგარიშსწორება.

საწვავის ფასი ასევე დამოკიდებულია მის საერთაშორისო ფასზე დოლარში, შემდგომ ეს არის ლოგისტიკური დანახარჯები.  საქართველომდე ტრანსპორტირება, შეიძლება გემით მოხდეს და შესაძლოა რკინიგზით. აქ კიდევ არის ბევრი დეტალი, რომელიც ლოგისტიკურ დანახარჯებს მოიცავს და ესეც დოლარშია გამოხატული.

ზოგადად მსოფლიოში ტრანსპორტირება და დანახარჯები პანდემიის შემდგომ ყველგან გაიზარდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ საწვავთან მიმართებაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია ლოგისტიკური დანახარჯები.

მესამე კომპონენტი გახლავთ სახელმწიფო გადასახადები, და აქ ჩვენ გვაქვს ძირითადი აქციზური გადასახადი. დღეს 1000 კილოგრამზე (და ეს არ არის 1000 ლიტრი, მინდა დავაზუსტო), ბენზინის შემთხვევაში ეს არის 500 ლარი, საწვავის შემთხვევაში -400 ლარი. რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ეს არის საოპერაციო დანახარჯები და შორს გათვლილი ხარჯები. თქვენს კითხვას რაც შეეხება კარგი პირობებში და მოცემულობაში მოგება შეიძლება იყოს 2-3%. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2-3 %-იან ფასნადებზე, შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს და შესაძლოა, ოდნავ მეტი იყოს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საწვავის პროდუქტი არის სწრაფად ლიკვიდური პროდუქტი და გარდა ამისა, თვითონ ბრუნები ანუ რეალიზაციები, დიდ მოცულობის გაყიდვებზეა საუბარი და თავისთავად ცხადია, 1, 2 3 %-იანი ფასნამატი, საბოლოო ჯამში, მიიჩნევა, რომ ნორმალურია.

მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია და სიტყვაზე ფასნამატები არის არანორმალური. როდესაც ჩვენ კონკურენციაზე ვსაუბრობთ, საქართველოს საწვავის ფასებზე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ, რომ დღეს საქართველოში 5 ცნობილი ბრენდირებული კომპანიაა, რომლის გაყიდვების წილი არის 60 %-მდე და ამის გარდა გვაქვს არაბრენდირებული გასამართი სადგურების, საკმაოდ დიდი სპექტრი, რომლის გაყიდვებია 40 %-მდე. არის 30-ზე მეტი იმპორტიორი კომპანია. მათ შორის თქვენს მსმენელს კარგად რომ გავაგებინოთ, 700 ერთეული ეს არის არაბრენდირებული გასამართი სადგურების და 550- 600 შეიძლება იყოს ბრენდირებულების.

საკმაოდ დიდი კონკურენციაა და აქ კონკურენცია გამოხატულია ერთ და ორ თეთრში და ფასებიც რომ ნახოთ და მათი ლოიალური დამოკიდებულებაც, რომ ნახოთ მომხმარებლის მიმართ, ყველა მათგანს ფასდაკლების ბარათები გააჩნიათ. აქციების სახით 10, 15, 20 თეთრიანი ფასდაკლებებია. ის ფასები, რომელსაც ჩვენ ტაბლოზე ვხედავთ, არ არის საბოლოო ფასი, ანუ მათ ლოიალური მომხმარებლის მიმართ მუდმივად აქვთ ასეთი სისტემური ფასდაკლებები.

-ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოში ერთი ლიტრი საწვავის ფასი შემცირდეს, არის აქციზის გადასახადის შემცირება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციით აკრძალული აქვს სხვა ტიპის გადასახადის გაზრდა, თუ არ ჩატარდება რეფერენდუმი. რეფერენდუმზე კი გადასახადის გაზრდას რომ არავინ დაუჭერს მხარს, ეს ძალიან კარგად ვიცით და ეს საკითხი უბრალოდ გაყინულია, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ეს აქციზის გადასახადი ნავთობზე და თამბაქოზე.

რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის რამდენჯერმე გაიზარდა. თუ განიხილებოდა ან განიხილება დღეს, რომ აქციზის შემცირებით ერთი ლიტრი საწვავის ფასი შემცირდეს და ცოტა ბიუჯეტმა და სახელმწიფომ დაიკლოს, მაგრამ სამაგიეროდ მომხმარებლებს პირდაპირ ჯიბეებიდან არ ამოვაცალოთ მომხმარებლებს ფული, რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ იხდით აქციზის გადასახადს, ამას ფასში აუცილებლად გაითვალისწინებენ ნავთობკომპანიები და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ სახელმწიფო ჩვენი ჯიბიდან იღებს აქციზის გადასახადს მისი გაზრდით.

თუ არის რამე საშუალება ან შემცირების, კერძო ან საჯარო დიალოგის პირობებში თუ გქონიათ ამაზე საუბარი, რომ ამ გზით მივაღწიოთ ფასის შემცირებას.

ლარს უცებ ვერ ვამყარებთ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ბაზარზე ჩვენ ვერ ვმოქმედებთ, ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ სახელმწიფომ დაწიოს აქციზის გადასახადი. ეს თემა განიხილებოდა?

თქვენ აბსოლუტურად სწორად ჩამოაყალიბეთ კითხვა და ყველა ნაწილს შეეხეთ. მათ შორის საერთაშორისო ფასს, გარე ფაქტორებს, ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართვაში. აქაც საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს, თუმცა, ბოლო 2 თვის განმავლობაში ის მეტნაკლებად სტაბილურია და საწვავის ფასის ფაქტორზე უარყოფითად არ მოქმედებს. თავისდათავად თუ მან გამყარება დაიწყო, ფასებს დაასტაბილურებს, ეს ცალსახაა. ვნახოთ, ამის არც პროგნოზები არსებობს და რეალობაში ამის წარმოდგენა რთულია მიმდინარე ეტაპზე. რაც შეეხება გადასახადებს, გადასახადი ყოველთვის ერთადერთი ბერკეტია, რომლის მართვითაც შენ შეგიძლია, საწვავის ფასზე იმოქმედო.

მაგალითად თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, თურქეთში წლების განმავლობაში ჩვენზე ბევრად მაღალი ფასი იყო საწვავზე და ხდებოდა ასეთი რამ. საქართველოდან ხდებოდა დიზელი საწვავის ლეგალურად გადინება თურქეთის მიმართულებით, თუმცა დღეს, იქ 8-10 ევრო ცენტით ნაკლებია ჩვენთან შედარებით საწვავზე ფასები. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ იქ არსებობს ე.წ. მცურავი აქციზის თემა.

ანუ სახელმწიფო მართავს აქციზურ გადასახადს, როცა ხედავს, რომ ინფლაციური საკითხი რთულდება, ამ დროს ის აქციზის გადასახადს ამცირებს იმდაგვარად, რომ საწვავზე ფასები რაღაცნაირად შეინარჩუნოს. სიმართლე გითხრათ, ამას უზრუნველყოფს კიდეც. ძირითადად ამ აქციზის შეცვლა, პრეზიდენტი აღნიშნავს კიდეც, რომ ვითარებიდან გამომდინარე ხდება. ეს თურქეთში და ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

-ჩვენთან რატომ არ კეთდება პირობითად თუ შესაძლებელია?

ბიზნესი ზოგადად არასდროს არ ითხოვს გადასახადებთან დაკავშირებით ასეთ მოთხოვნას.

-ოპოზიციური პარტიების პროგრამებში გვინახავს ჩვენ ეს.

როდესაც დღეს ოპოზიცია სავსებით ობიექტურად შეწუხებულია ასეთი მაღალი ფასებით, მაღალი ფასები ეს არის არამარტო უკმაყოფილო და დაზარალებული მომხმარებელი. ასევე ინფლაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლის მასშტაბების დიდი სოლიდური წილი საწვავის ფასს უკავია. ჩვენ ვთავაზობდით ასეთ ინსტრუმენტს. შემოღებულიყო მცურავი აქციზი, მცურავი აქციზი ნიშნავს იმას, რომ როდესაც საერთაშორისო ფასი იზრდება, ამ პერიოდში ხდება აქციზის შემცირება, რადგან საწვავის ფასის შემდგომი ზრდა არ გაგრძელდეს. თუმცა თუ ის საერთაშორისო ბაზარზე შემცირებას იწყებს, ამ შემთხვევაში აქციზი თავის ძველ ნიშნულს უბრუნდება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს საბიუჯეტო ნაწილში მნიშვნელოვანი კლება ხდება. გასულ წელს საწვავის აქციზის სახით 600 მილიონი შევიდა მხოლოდ.

წლევანდელი წელი გასულ წელს რომ შევადაროთ, იმპორტი 4 %-ით უფრო მეტია, სხვათა შორის პანდემიამდელ წელთან შედარებით 10 %-ით უფრო მეტია. რეალურად იმპორტი და მოხმარება გაზრდილია. სახელმწიფო გარანტირებულ სტაბილურ შემოსავალს იღებს საწვავის ინდუსტრიიდან. ამიტომ მისთვის დღის წესრიგში ზუსტად ეს დგას.

თქვენ სწორედ თქვით, პირველი ის რომ სახელმწიფომ მიიღოს შემოსავალი, მაგრამ მეორეს მხრივ მომხმარებელს ზედმეტად არ გადაახდევინოს.

კარგად რომ ჩამოვაყალიბოთ. თუ აქციზის გადასახადი განახევრდება, 1 ლიტრ ბენზინზე 25 თეთრით კლება მოხდება.

კითხვა ისმევა ხოლმე, თუ გაიზრდება, ამას მომხმარებელი ვერ დაინახავსო, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს ნავთობის ფასი, მომხმარებელი 23-25 თეთრით ყოველთვის ნაკლებს გადაიხდის. გასაგებია სახელმწიფოს ლეგალური ინტერესი რომ ბიუჯეტში მეტი შემოსულობა უნდა ჰქონდეს.

-რეალურად საბოლოო ჯამში მაინც გამოდის რომ ეს არის ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული, ეს ჩვენ გადაცემას არ ეხება, მაგრამ სახელმწიფო ფულს როგორ და რა მიმართულებით ხარჯავს და რამდენად ადეკვატურად იხარჯება  თუნდაც სოციალურ დახმარებებში, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ეს თემა სავარაუდოდ კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური და ჩვენ მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებით.