,,სიმღერა პირველი მოსმენისთანავე მომეწონა და ძალიან მომინდა მისი ჩაწერა, რადგან საოცრად ენერგიული, საზაფხულო განწყობის კომპოზიციაა" - გიორგი დათიაშვილი და ნათია დუმბაძე პრემიერით „არტ-FM“-ში

გადაცემის ლაივი LIVE

4 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსები გიორგი დათიაშვილი და ნათია დუმბაძე სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „სხვა რამ“ პრემიერით.

– ნათია, როგორ შეიქმნა სიმღერა?

– მუსიკა გიორგის ეკუთვნის, ტექსტზე კი, მასტერმა იმუშავა. სიმღერა პირველი მოსმენისთანავე მომეწონა და ძალიან მომინდა მისი ჩაწერა, რადგან საოცრად ენერგიული, საზაფხულო განწყობის კომპოზიციაა ადვილად დასამახსოვრებელი მისამღერით.

– გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის ნათიასთან ერთად ჩაწერა?

– მე და ნათია დიდი ხანია ვმეგობრობთ და კარგად ვიცნობთ ერთმანეთის გემოვნებას, ამიტომ ერთად მუშაობაც ყოველთვის გვიადვილდება. ცოტა ხნის წინ ნათიას ბენდის რეპეტიციას დავესწარი, რადგან ვიცოდი, ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობდა. სწორედ მაშინ შევთავაზე სიმღერის ჩაწერა, რომელიც უკვე მოსმენილი ჰქონდა და სიამოვნებით შევუდექით მუშაობას.

– ნათია, კლიპის გადაღებას ხომ არ ფიქრობთ?

– აუცილებლად გადავიღებთ, თუმცა ჯერ დეტალებს ვაზუსტებთ. 23 აგვისტოს კონცერტი გვექნება, სადაც სიმღერა გაჟღერდება და მერე ვიდეოსაც გადავიღებთ.

– ნათია, რამდენად შესაძლებელია საქართველოში მუსიკოსის შემოსავლით ნორმალურად ცხოვრება?

– სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან არასტაბილური შემოსავალი გვაქვს, რადგან ზოგჯერ უამრავ კონცერტში ვმონაწილეობთ, ზოგჯერ კი, პირიქით, საერთოდ არ გვაქვს სამუშაო.

– ოდესმე თუ გიფიქრიათ პროფესიის შეცვლაზე?

– (ნათია დუმბაძე) მართალია, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, მაგრამ ჩემს საქმედ მაინც მუსიკა მიმაჩნია, რომელსაც არასდროს ვუღალატებ.

– (გიორგი დათიაშვილი) მე მენეჯერი ვარ, თუმცა ყოველთვის მემღერებოდა, ამიტომ საბოლოოდ მუსიკის კეთება გადავწყვიტე. პირადად ჩემთვის მუსიკა სიამოვნებაა, რა თქმა უნდა, კარგი შემოსავალი აუცილებელია, თუმცა ჩემთვის მსმენელის დაფასება უფრო მნიშვნელოვანია.