სიახლეები ჩვენს ქვეყანაში მალევე უნდა დაინერგოს, რომ მომავალში მსოფლიო რუკაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დავრჩენა კვლავ შევძლოთ / "ბიზნესკურიერის" პოდკასტი

2022 წელი ტურიზმის სექტორისთვის ისევ მძიმედ დაიწყო. პანდემიური კრიზისიდან გამოსვლას ომი დაემთხვა, რამაც საქართველოს მიმართულებით ჯავშნების ნაწილის გაუქმება და შემცირება გამოიწვია.

ამავე დროს, ტურიზმის სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

ინდუსტრია გასული 2 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაზარალდა, შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის.

სხვადასხვა პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმი 2019 წლის 50%-იან მაჩვენებელზე გავა. სრულად აღდგენა წელსაც ვერ მოხერხდება.

ომის ფონზე, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მოლოდინებზე სტუმრად გიორგი კეპულაძესთან გადაცემაში „ბიზნესკურიერში“ მაია სიდამონიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს.

– მაია, რამდენად აისახა რუსეთის აგრესია და რეგიონში ომი და დაძაბულობა საქართველოს მიმართულებით ტურისტულ ნაკადებზე?

– პოსტკოვიდური სიტუაცია დამთავრებული არ იყო, ტურიზმის ინდუსტრია იწყებდა გაჯანსაღებას და ალბათ, წელს პანდემიის შემდეგ პირველი ზაფხულის სეზონი იქნებოდა, როცა  ინდუსტრიის გამოცოცხლებას ვნახავდით. თუმცა, ომის დაწყებისთანავე ჯავშნების გაუქმება დაიწყო და ტურიზმის სექტორი დადგა ახალი კრიზისის წინაშე, რადგან საქართველო სამწუხაროდ ომთან ერთად აღიქმება საშიშ და არაუსაფრთხო ქვეყნად ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის.

– აქვე შევეხოთ იმ შეღავათს, რაც მთავრობამ გამოაცხადა, ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა დაბალანსება იმ ზარალის, რაც სექტორმა მიიღო ორი წლის განმავლობაში ალბათ გაჭირდება.

– შეღავათი მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა განიცდის დიდ ეკონომიკურ კრიზისს და ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორი – სასტუმროები და რესტორნები ნამდვილად არ მუშაობდნენ მოგების მარჟაზე.

ყველა გადასულია ხარჯების დაფარვაზე და ოპტიმიზაციაზე და იმაზე, რომ ხელფასები  და საბანკო სესხები გაისტუმრონ, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ სანამ ბოლომდე გაჯანსაღდება, მათ შეძლონ ერთი მხრივ გადარჩენა და მეორე მხრივ თვითრეაბილიტაცია.

– საკმაოდ აქტიური იყო მარტი, კონფლიქტის დაწყების დღიდან საქართველოში ძალიან ბევრი უკრაინელი, რუსი და ბელარუსი ტურისტი შემოვიდა… პრინციპში მათ ტურისტებს ვერ დავარქმევთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, რამაც ერთგვარი გამოცოცხლება გამოიწვია ტურისტულ სექტორში, მაგრამ ომის გავლენა საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც რჩება.

– მე ვერ ვიტყოდი, რომ უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული ვიზიტორები არიან ტურისტები. ძირითადი დატვირთვა მოხდა აპარტამენტებში და ბინები იქირავეს. შეიძლება მარტში პოზიტიურად აისახა სასტუმროების ქსელზე ეს ამბავი, მხოლოდ რამდენიმე დღით, რადგან ისინი თავდაპირველად სასტუმროებში მოთავსდნენ თუმცა, მერე მათ ბინები იქირავეს ძირითადად და დღეს სასტუმრო ინდუსტრია სასტუმროები კრიზისს განიცდიან.

– ამბობენ 60 %-საც, თუმცა სხვადასხვა პროგნოზებით წელს ტურიზმი 2019 წლის 50 %-იან მაჩვენებელზე გავა, რამდენად ოპტიმისტურია ეს პროგნოზი და რეალობასთან თუ არის ახლოს?

– გეთანხმებით, რომ ფინანსური მაჩვენებლები შეიძლება 2019 წლის 50%-იანი მაჩვენებელზე იყოს, თუნდაც იმიტომ რომ  შემოსული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ტურისტები, შემოდიან და ხარჯავენ ფულს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ რაოდენობრივად 2019 წლის პროცენტულობას გაუტოლდეს.

ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში პანდემიის, ომის და მშვიდობის კუთხით. ამ ყველაფერზეა დამოკიდებული ტურიზმის სექტორის განვითარდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, იმიტომ რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არაა აღდგენილი ტურიზმი სრულყოფილად და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა სრულყოფილად.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2023 წლიდან შევძლებთ ნელ-ნელა, წინა წლების მაჩვენებელს გავუტოლდეთ, იმედია, წინსვლას დავაფიქსირებთ და არა რეგრესს.

– თქვენ ხელმძღვანელობდით ტურიზმის ადმინისტრაციას, ახლა უკვე თავადაც ჩართული ხართ ამ ბიზნესში. რა რეკომენდაციები გექნებათ თქვენს კოლეგებთან და რა შეიძლება მოითხოვოს სექტორმა მთავრობისგან დახმარების სახით?

– იმისთვის, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლები გადარჩნენ და თვითრეაბილიტაცია მოახდინონ, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ საშეღავათო პაკეტებზე იფიქროს და შემდეგშიც კარგი იქნება, რომ გარკვეული პაკეტები შესთავაზოს ხელისუფლებამ ინდუსტრიას.

მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდეს მიზნობრივ ბაზრებზე. ძალიან ბევრი შეიცვალა და კვლავ შეიცვლება ტურისტული სამომხმარებლო კუთხით, ახალი ტენდენციების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს სიახლეები ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდეს და მალევე დაინერგოს, რომ მომავალში კვლავ შევძლოთ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება და მსოფლიო რუკაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დავრჩეთ.

– თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია მთავრობის ძალისხმევა თუნდაც ახალი მიმართულებების აღმოჩენის კუთხით?
შეიძლება ითქვას, სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრადიციულ ბაზრად იქცა. ამ და სხვა მიმართულებით თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ იმ აქტივობით, რასაც ახორციელებს სახელმწიფო, ეს რამდენად საკმარისია?

– ახალი ტურისტული ბაზრების აღმოჩენაში სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია უნდა იყოს ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც ნიშნავს კონკრეტულ ბაზრებზე არდამოკიდებულებას.

რუსეთის შემთხვევაში ცხვირი წავიმტვრიეთ.ვფიქრობ, კრიზისი კარგი პერიოდი იყო იმისათვის, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისთვის ნაბიჯები გადაგვედგა.

ჩვენი ტრადიციული ბაზრები მეზობელი ქვეყნებია, საიდანაც ტურისტები შემოდიან და სპარსეთის ყურე, თუმცა, მნიშვნელოვანია, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება და მომავალში ახალი ბაზრების შემოყვანა საქართველოში.

ამისთვის კარგი მომენტი იყო და რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ მთავრობას, რადგან არ დამინახავს ამ მხრივ ხელისუფლების გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომავალში ჩვენ შევძლოთ მაღალმხარჯველიანი სეგმენტის ტურისტის შემოყვანა და იმ ტურისტული პროდუქტების შეთავაზება, რომლითაც რეალურად, საქართველო განსხვავდება და აქვს თავისი უნიკალურობა.

– რუსეთის ბაზარზეც გკითხავთ. რა თქმა უნდა, ამ ბაზარზე დამოკიდებულება შეიძლება ითქვას, დამღუპველია კონკრეტულად ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის მით უმეტეს.
თუმცა, წლევანდელ ზაფხულს და სეზონს თუ გავითვალისწინებთ, რუსებს ბევრი წასასვლელი არ ექნებათ. შესაძლებელია, საქართველო გახდეს მათთვის საინტერესო ქვეყანა, რადგან ისინი აქ თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% აქვთ ოკუპირებული.

შესაბამისად რუსეთიდან შარშანდელთან შედარებით ზრდას თუ ელოდებით იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის ძირითადი ტურისტული მიმართულებები საქართველო და თურქეთია.

– რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირება ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურად მოხდა, რაც მათი მხრიდან ფრენების შეწყვეტასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, დღევანდელ დღეს, სახელმწიფომ იმდენად მეგობრული ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, რომ ალბათ ესეც ძალიან მალე მოიხსნება და შესაძლოა, ძალიან მალე კვლავ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი იყოს საქართველოში.

ისინი უკვე შემოდიან და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა არამარტო ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით და პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ რუსეთზე ნებისმიერ დამოკიდებულება არის არასტაბილური და არამდგრადი. ნებისმიერ მომენტში მას ეს შეუძლია მანიპულირების საგნად და ემბარგოს მიზეზად გამოიყენოს.

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ჩვენ ჯერ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და ისევ და ისევ ამ ბაზაზე ვრჩებით დამოკიდებული და არ ვიხედებით გარშემო, რომ ეს ბაზარი ჩავანაცვლოთ და ახალ ბაზრებზე ვიფიქროთ.

ღვინის სექტორთან ერთად ტურიზმის სექტორიც აღარ იყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე და ეს დამოკიდებულება ბოლო წლების განმავლობაში კვლავ გააქტიურდა, რადგან ჩვენი მთავრობა კვლავ გააქტიურდა და ჩვენივე გადასახადებით შესული ფულით რუსეთში  აქტიური კამპანიები და მარკეტინგული აქტივობები ტარდებოდა.

– დაგეთანხმებით, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება დამღუპველია, რომ არ მოგატყუოთ არ მაქვს იმედი, რომ მთავრობა რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ამ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების კუთხით და ალბათ კერძო ბიზნესმა და მეწარმეებმა უნდა გამოიჩინონ, დავარქვათ ამას ჭკუა და წინდახედულობა, რომ არ „ჩამოეკიდონ“ რუსეთის ბაზარს და არ იყვნენ დამოკიდებული ამ ქვეყნის ბაზარზე.