როგორ დავძლიოთ შიში - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავძლიოთ შიში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ელენე ბარამიძემ ისაუბრა.

ელენე, რა არის შიში?

შიში, როგორც ემოცია ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ მთლიანობას საფრთხე ემუქრება. ფიზიკური საფრთხის მაგალითია საგზაო შემთხვევა, ფიზიკური აგრესია და სხვ. ფსიქოლოგიური საფრთხისა – მარცხის შიში, მიტოვების შიში და ა.შ.  საფრთხე შეიძლება იყოს რეალური, ან არარეალური, მხოლოდ წარმოსახვითი.

რა არის არქაული ემოცია?

შიში ყველაზე ძველი, არქაული ემოციაა. ადამიანი ამ ემოციით იბადება, რადგან ის გამოდის კომფორტული, დაცული გარემოდან და ხვდება აბსოლუტურად ახალ და უცნობ გარემოში, სადაც ის უმწეო და მთლიანად სხვაზე დამოკიდებული არსებაა. დროთა განმავლობაში შიში არ გვავიწყდება, მაგრამ ვსწავლობთ მასთან გამკლავებას. მასთან ერთად ცხოვრებას. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ტიპის შიშები გვაქვს. ბავშვობაში ეს შეიძლება იყოს სიბნელის, ცხოველის, დაფასთან გასვლის, გამოცდის, გარიყვის შიში… ზრდასრულობაში – შვილის, სამსახურის, სოციალური მდგომარეობის დაკარგვის შიში,  და ა.შ.

ყველას ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს შიშთან დამოკიდებულებაში და მის ინდივიდუალურ სახეებსაც ვიგონებთ ხოლმე. მაგრამ ასევე არის ისეთი სახეობებიც, რომლებიც ყველასათვის საერთოა, რაც ყველას გვაერთიანებს. ასეთია, მაგალითად, სიკვდილის შიში. მისი გარდაუვალობა ჩვენი ეგზისტენციალური შფოთვის პირველწყაროა. სხვა მაგალითებია მიტოვების, გარიყვის შიში, უცხოს, შეუცნობელის შიში. ადამიანებს გვაქვს თანდაყოლილი სურვილი, რომ ვაკონტროლოთ გარემო, ვიცოდეთ რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ის, რაც არ ვიცით, რაც უცხოა ჩვენთვის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, გვაშინებს და გვახსენებს სწორედ იმ პირველყოფილ უმწეობის შიშს, რომელიც დაბადების დროს განვიცადეთ. როგორც არ უნდა გვიყვარდეს სიახლეები, მას ყოველთვის თან ახლავს შიში. ეს ნორმალურია. შესაბამისად, არანორმალურია, როდესაც არაფერი გვაშინებს. ხშირად პატარა ბავშვებს მოუწოდებენ ხოლმე, რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. მაგრამ ამისთანა მოწოდებებს შედეგი არ მოაქვს. ვერ აღმოფხვრი იმას, რაც შენში ყველაზე ძველი და ბუნებრივია. ადამიანები თანდათანობით ვსწავლობთ საკუთარი შიშების მიუხედავად ნაბიჯების გადადგმას, საკუთარ თავში გამბედაობის გამომუშავებას. გამბედავ ადამიანსაც ეშინია, უბრალოდ ამ შიშის მიუხედავად ის ახერხებს მის დაძლევას და თავისი მიზნისკენ სწრაფვას.

აქვს თუ არა შიშს დამცავი ფუნქცია?

შიშს, ერთი მხრივ, სასიცოცხლო, დამცავი ფუნქცია აქვს. ის საფრთხის შესახებ გვაუწყებს, რის შედეგადაც ჩვენ რიგ ზომებს ვიღებთ, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ და თავი გადავირჩინოთ.

შიში აუცილებელი ემოციაა ბავშვის ჩამოყალიბებისთვის. ის სწავლობს, როგორ გადაირჩინოს თავი და აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. მაგალითად, ის ხვდება, რომ თუ სიმაღლიდან გადახტება, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს. ადამიანი შიშის მეშვეობით აცნობიერებს თავის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ საზღვრებს. შიშის წყალობით ცნობიერებაში აკრძალვის ცნება შემოდის და ბავშვი ხვდება, რომ ის არც ყოვლისშემძლეა და არც ყველაფერია მისთვის ნებადართული. 3-4 წლის ასაკში ბავშვებს სხვადასხვა ფობიები აქვთ ხოლმე, რაც ნორმალურია. მათ ხშირად აქვთ სიბნელის, სიღრმის, წარმოსახვითი პერსონაჟების, ცხოველების შიში. მსგავსი ფობიები მათ ეხმარებათ აკრძალვის გააზრებაში. საგანგაშო ხდება თუ კი ეს გაგრძელდა  7-8 წლის ასაკამდე.

ასევე შეგვიძლია გამოვყოთ შიში, რომელიც ინტერესს გვიღვივებს, ემოციურად აღგვაგზნებს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ შეგრძნებაზე დამოკიდებულები ხდებიან, ისინი შიშის მეშვეობით გრძნობენ თავს ცოცხლად და ფუნქციურად. ასეთები არიან ალპინისტები, ფორმულა 1-ის პილოტები და სხვა ექსტრემალური პროფესიების წარმომადგენლები.

რა არის ირაციონალური, არაცნობიერი შიშები?

მეორე მხრივ, შიშებმა შეიძლება ჩვენი სურვილების, მიზნების პარალიზება მოახდინოს. ასეთია შფოთვად გარდაქმნილი შიში, რომელიც გვტანჯავს და გვიპყრობს. შიშების გამო მივეჯაჭვებით ხოლმე უკვე ნაცნობ, უსაფრთხო გარემოს, რომელიც, დროთა განმავლობაში, თავის მხრივ, შემაწუხებელი ხდება. ადამიანს თან სურს იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, თანაც აშინებს ეს მდგომარეობა.  სწორედ ამ შიშების გამოვლენა გვეხმარება ხოლმე, მათ მიღებაში და გადალახვაში.

ჩვენი შიშები ხშირად ირაციონალურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი არაპროპორციულია რეალური საფრთხის მიმართ. ხანდახან ვერც კი ვახერხებთ მათი მიზეზის ამოცნობას. ამას უკვე შფოთვას ვეძახით. შფოთვისგან განსხვავებით, შიშს ყოველთვის აქვს ცნობიერი, რეალური თუ წარმოსახვითი ობიექტი. თუმცა არც შფოთვაა ობიექტის გარეშე, უბრალოდ ის არაცნობიერია და ერთი შეხედვით ვერ ვხედავთ მის მიზეზს.

რა არის კოლექტიური შიშები?

ინდივიდუალურთან ერთად არსებობს კოლექტიური შიშებიც. საზოგადოებას  კოლექტიური დაუცველობის განცდა ახასიათებს და მის შესამცირებლად სხვადასხვა მექანიზმებს მიმართავს. ჩვენ ვცდილობთ გავაკონტროლოთ გარემო, ზემოქმედება მოვახდინოთ მასზე, რომ თავიდან ავიცილოთ მოულოდნელობები.

კოლექტიური შიშები ცვალებადია სხვადასხვა კულტურასა თუ ეპოქაში. მაგალითად, შუა საუკუნეებში თუ ცოდვის ჩადენის შიში იყო გავრცელებული, დღევანდელ დღეს უკავშირდება შიშები გლობალიზაციის, გლობალური დათბობის და სხვა ამგვარის მიმართ.

მაგრამ შიშები ყოველთვის არ ეხება რეალურ პრობლემებს და მოვლენებს. ისინი ხშირად წარმოსახვითი საფრთხეებისგან მომდინარეობს. ხანდახან სერიოზული აცდენაა ხოლმე აღქმულ რისკსა და რეალურ ვითარებას შორის. ამის მაგალითია აპოკალიფსთან დაკავშირებული შიშები. ხშირად გვეშინია, რომ სამყაროს დასასრულს ვიხილავთ. ყველამ იცის, რომ ერთ დღეს მოკვდება, თუმცა ამავდროულად ყველა დარწმუნებულია საკუთარ უკვდავებაში. ამიტომაც უარვყოფთ და ჩვენი ცნობიერებიდან ვდევნით ხოლმე ცოდნას, რომ მოკვდავნი ვართ.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს – პანდემიის პირობებში. პანდემია განდევნილ ცოდნას ჩვენი მოკვდავობის შესახებ ისევ ცნობიერების ზედაპირზე აბრუნებს და საყოველთაო პანიკას ქმნის. შედეგად ამუშავდება თავდაცვის ინსტინქტი, რომელიც ადამიანს ზოგ შემთხვევაში რაციონალურ გამოსავალს (აცრა, სოციალური დისტანცია, პირბადე და ა.შ.) აძებნინებს, ზოგ შემთხვევაში კი ირაციონალურ დასკვნებს აკეთებინებს, მაგალითად, ადამიანმა შეიძლება უარყოს კოვიდის არსებობა, ან იფიქროს, რომ კოვიდი არსებობს, მაგრამ მას არ შეეხება. ორივე რწმენა მოკლებულია გონივრულ საფუძველს და ყალბი თავდაცვის ფუნქციას ასრულებს.

საბოლოოდ, ირაციონალური შიშების გაცნობიერება გვეხმარება მათ გადალახვაშიც. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მათი მიღება. ადამიანებს გვახასიათებს ჩვენი შიშების იგნორირება, დამალვა. თუმცა იგნორით შიში არ ქრება, პირიქით იმატებს. რაც უფრო მეტად ვუსწორებთ მათ თვალს, მით უფრო ნაკლებად ვატყუებთ თავს და მით უფრო მეტად ვხედავთ გამოსავალს.

  Ad desktop banner Ad mobile banner