რატომ ხვდებიან ადამიანები ტოქსიკური ურთიერთობებში - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ ხვდებიან ადამიანები ტოქსიკური ურთიერთობებში – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე.

რამდენად ხშირად გვხვდება ტოქსიკური ურთიერთობები?

ტოქსიკური ურთიერთობები – ბოლო დროს ეს ტერმინი ძალიან აქტუალური გახდა, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, როდესაც მოხდა არსებული ურთიერთობების გადაფასება, ჩვენი საკონტაქტო წრე შემცირდა და იძულებულები გავხდით მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებთან გაგვეგრძელებინა კომუნიკაცია. არსებობენ ადამიანები: მეგობრები, შეყვარებულები, კოლეგები, რომლებიც ფსიქოლოგიურად გვამძიმებენ. შესაძლოა თავისთავად ცუდი ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენთან კონტაქტში ურთიერთობის დინამიკას არაჯანსაღ ელფერს აძლევდნენ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გვაძლიერებდნენ, მხარს გვიჭერდნენ, სანდოობისა და გულწრფელობის განცდას აღვივებდნენ, პირიქით, გვძირავენ, თვითშეფასებას ქვემოთ გვიწევენ. მათ გვერდით მუდამ გვაქვს განცდა, რომ საკმარისად კარგები არ ვართ. ამის საპირწონედ ვიწყებთ ტოქსიკური პარტნიორის გულის მოგებას, ვმალავთ ჩვენს ემოციებს, უარს ვამბობთ ჩვენს საჭიროებებზე და ვხდებით პარტნიორზე დამოკიდებულები, ისევე, როგორც რომელიმე ნივთიერებაზე. ამ დროს, დამოკიდებულებების მსგავსად, პარტნიორთან ურთიერთობას იმიტომ კი არ ვაგრძელებთ, რომ ეს სასიამოვნოა, არამედ მის გარეშე თავს ცუდად ვგრძნობთ.

რაზე უნდა დავფიქრდეთ ასეთ დროს?

ამ დროს მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თავად ურთიერთობაში ყოფნაც ძალიან უსიამოვნოა, რომ ამ ადამიანის გვერდითაც ძალიან მარტოდ ვგრძნობთ თავს. გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც ისევე ვიყოთ ტოქსიკურები პარტნიორთან, როგორც პარტნიორია ჩვენთან. ხანდახან ისიც ხდება, რომ ბავშვობიდანვე დისფუნქციას მიჩვეულები, თავად ვირჩევთ ასეთ პარტნიორებს ან თავადვე განვუმტკიცებთ ტოქსიკურ ქცევებს. აქ მნიშვნელოვანია იმის განხილვა, ვინ რა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე ერთმანეთის დადანაშაულება. პირველი პასუხისმგებლობა, რომელსაც საკუთარ თავზე ვიღებთ, ეს არის ჩვენი თავისა და ჩვენი საჭიროების აღმოჩენა და შემდეგ გულწრფელი ძიება ხდება თუ არა საჭიროებების დაკმაყოფილება. რამდენად ბედნიერები ვართ? რამდენად დაცულად ვგრძნობთ თავს? რამდენად ვენდობით პარტნიორს? რამდენად შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი თავი, არ გვიწევდეს როლის თამაში? და თუ აღმოჩნდება, რომ ამ პარტნიორთან თავს უძალაუფლებოდ, სევდიანად, მარტოდ ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ, რომ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ? ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ?

არის თუ არა ეს კავშირში ბავშვობის ტრავმებთან?

ტოქსიკური ურთიერთობების საწყისს ხშირად ბავშვობისდროინდელი ტრავმა წარმოადგენს. როდესაც ბავშვობაში ან მოზარდობაში ერთ-ერთი მშობელი ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად გვერდით არ გვყავდა, ოჯახში იყო ძალადობა, ჩხუბი, რომელიმე მშობელი დამოკიდებული იყო ნივთიერებებზე, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სიყვარული ნიშნავს სევდასა და ემოციურ დისკომფორტს. შესაბამისად, თუკი ტოქსიკური ურთიერთობები განმეორებადი პატერნია, პირველ რიგში ამ ტრავმების “მკურნალობას” ვიწყებთ და ვცდილობთ აღმოვაჩინოთ, ჩვენ რა გვაკლია და ეს დანაკლისი როგორ მოქმედებს ჩვენს ქცევაზე. ამით ვძლიერდებით ან თავს ვარიდებთ ისეთ კონტაქტებს, რომლებიც გვთრგუნავს და განვითარებისგან გვაჩერებს.

Ad desktop banner Ad mobile banner