რატომ არის აუცილებელი ბავშვს განუვითაროთ ემპათიურობა და ასერტულობა  - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რატომ არის აუცილებელი ბავშვს განუვითაროთ ემპათიურობა და ასერტულობა  – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სხვებთან ინტერაქცია?

ბავშვის განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია გავითავალისწინოთ როგორ ვასწავლით მას „სხვებთან“ ინტერაქციას. ვისაუბროთ იმაზე, რომელი მიდგომა არის უფრო მორგებული ბავშვზე და რომელი განსაზღვრავს მის მენტალურ კეთილდღეობას, რის შედეგადაც ექნება მეტი ნდობა გარემოს მიმართ, ნაკლები შფოთვა და არ გაუძნელდება სოციალიზაცია.

პირველი თავისებურება ეს არის ბავშვის ეგოცენტრიზმი – მისთვის ყველაფერი თავისია და ეს არის განვითარების ნორმალური, ბუნებრივი თავისებურება. კარგი იქნება თუ ბავშვის სოციალური და ემოციური კომპეტენციის განვითარების პროცესში შევარჩევთ ისეთ მეთოდებს, რომლებიც მორგებული იქნება მის ასაკობრივ თავისებურებებზე. აქ საკმაოდ კომპლექსური საკითხი შემოდის – ემოციური კომპეტენციის თემა, რომლის წინაპირობაც სანდო და უსაფრთხო გარემოა, ვგულისხმობ სანდო ემოციურ მიჯაჭვულობას.

ვასწავლით ბავშვს თვითგამოხატვა – ვასწავლით თუ არა შვილებს  ემოციების ცნობას, გამოხატვას, მართვას. ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ხანგრძლივი მგზავრობისას თანამგზავრი ყოფილა ბავშვიანი მშობელი. მგზავრობის რაღაც ეტაპზე ბავშვი იწყებს ტირილს, არის გაღიზიანებული და არაფრით მშვიდდება. მშობელი ამ დროს შფოთავს, აღარ იცის რა ქნას, როგორ დაამშვიდოს პატარა, ბოდიშს უხდის გარშემომყოფებს და ბავშვს ეუბნება:  „სირცხვილია”. ხომ არ აჯობებდა ბავშვისთვის გვეკითხა: „რა გაწუხებს, რატომ ტირი?“ და დაგვეწყო იმის გარკვევა, რა შეიძლება იყოს მიზეზი. ასე უფრო მალე დამშვიდდება და ნელ-ნელა ისწავლის საკუთარი ემოციების მართვას, არ დაიძაბება „სხვების“ გარემოცვით, რადგან არავინ აგრძნობინებს, რომ მისი მოთხოვნილება მეორეხარისხოვანია და მთვარია რომ სხვები არ შეწუხდნენ.

ემპათიურობა და ასერტულობა…

არსებობს ორი უნარი, ეს არის ემპათიურობა და ასერტულობა. ემპათიურობა ნიშნავს, რომ ბავშვს შეეძლოს სხვისი ემოციების ამოცნობა, გაგება და თანაგანცდა. ამ უნარის განვითარებას სჭირდება გარკვეული ბაზა – ჯერ თვითონ უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების ამოცნობა, გაგება და მართვა, რის შემდეგაც მზად არის, გაიგოს სხვისიც. მოვთხოვოთ ბავშვს სხვისი გათვალისწინება, მაშინ როდესაც მისთვის ეს მდგომარეობა ჯერ გაუგებარი და უცნობია – უშედეგო მცდელობაა. მეორე უნარი – ასერტულობა, საკუთარი პოზიციის დაცვა, ისე რომ სხვა არ დააზიანო. ვასწავლოთ რომ მისი აზრი, დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, გვაინტერესბეს, ვუსმენთ, ვითვალისწინებთ, ამავე დროს ვასწავლით რომ მის მსგავსაც, სხვასაც აქვს ასეთი აზრები, ყველას თავისებური აზრი შეიძლება ჰქონდეს და ეს ნორმალურია. თუ მოზარდს სურს სახლიდან გვიან გასვლა, ეს მისი სურვილია, რომელმაც შესაძლოა დისკომფორტი შეუქმას სხვას – ოჯახის წევრებს. ასერტულმა და ემპათიურმა მოზარდა იცის რა სურს, ისიც იცის რას გამოიწვევს სხვაში მისი სურვილი და შესაბამისად, შეუძლია წინასწარ დაგეგმოს საკუთარი ქცევა ისე, რომ ნაკლები შფოთვა მოყვეს ამ ყველაფერს.

ბავშვობასა და მოზარდობის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური და ემოციური კომპეტენცია განსაზღვრავს სამომავლოდ ინდივიდის სოციალურ ცხოვრებას – შეუძლია გაიგოს რა სურს, რა განსაზღვრავს თავისი ქცევის მექანიზმს ადამიანებთან ურთიერთობისას, ასევე შეუძლია გაიგოს სხვა ადამიანის, შესაბამისად ურთიერთობას წარმართავს ისე, რომ პირველ რიგში არ დაიზიანოს საკუთარი თავი, იმის გამო რომ სხვა კომფორტში ამყოფოს, ასევე, არ დააზიანოს სხვა, იმის გამო რომ თვითონ იყოს კომფორტში.

Ad desktop banner Ad mobile banner