რამდენად ხშირია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდეთ სექსუალური ძალადობის შესახებ და როგორ უნდა დაეხმაროთ მსხვერპლს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.

რამდენად ხშირია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა?

დღევანდელ დღეს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა აქტუალური თემაა, თუმცა ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ან არ ხდება ან თუ ხდება ძალიან იშვიათად, რაც ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია მშობელს ჰქონდეს ცოდნა თუ რას გულისხმობს სექსუალური ძალადობა, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასევე შეძლოს ამოიცნოს ბავშვის ემოციური და ქცევითი ცვლილებები, რომელიც მიუთითებს, რომ ის რთულ სიტუაციაშია და იცოდეს, სად და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს დახმარებისთვის. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა მოიცავს ქმედებების ფართო სპექტრს, მოძალადე ხშირ შემთხვევაში არის ზრდასრული ადამიანი, თუმცა არის შემთხვევები, როცა სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს მოზარდი, თანატოლი.

რა ასაკში ხდება ძალადობის შემთხვევები?

75-90 % შემთხვევაში სექსუალურად მოძალადე არის ბავშვისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს როგორც გოგო ასევე ბიჭი. უფრო ხშირად 6-დან 12 წლამდე ასაკში ვხვდებით, თუმცა ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ჩვილი ბავშვიც კი.

სექსუალური ძალადობას ახასიათებს თანდათანობითი განვითარება და შესაძლებელია წლების განმავლობაში გაგრძელდეს. შეიძლება დაიწყოს ბავშვის თვალთვალით ან მისთვის სექსუალურ თემებზე საუბრით, ნდობის მოპოვებით და ნელ-ნელა მოახდინოს მისი სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩათრევა, ამ საწყის ეტაპზეც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დანაშაულის და სირცხვილის განცდა, შფოთვა და სერიოზული ზიანი მიადგეს ფსიქიკას.

არსებობს სექსუალური ძალადობის შემდეგი ფორმები:

ბავშვისთვის სექსუალური ხასიათის მიმართვა /მეტყველება, პორნოგრაფიული სურათების გადაღება ან სექსუალური ხასიათის ჟურნალების, ფილმების ჩვენება, გაუპატიურება ან მცდელობა, ეროტიკული ალერსი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, სასქესო ორგანოების დემონსტრირება, სხეულით ვაჭრობის იძულება.

მოზარდებში ხშირად ვხვდებით სოციალური ქსელების მეშვეობით, როდესაც მოძალადე ფარავს საკუთარ სქესს და ასაკს ამყარებს თავდაპირველად მეგობრულ ურთიერთობას და შემდგომ უკვე მუქარისა და შანტაჟის გამოყენებით მოზარდისგან ითხოვს სექსუალური ხასიათის ვიდეოების ან ფოტოების გაგზავნას.

საზოგადოებაში გავრცელებულია უამრავი მით სექსუალური ძალადობის შესახებ, ბავშვები იშვიათ შემთხვევაში იტყუებიან და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვის თანხმობით მოხდა თუ არა, რადგან უფროსს ადამიანს ადვილად შეუძლია სხვადასხვა გზებით: მუქარით, შანტაჟით, დადანაშაულებით ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა, გარდა ამისა ბავშვს არ შეუძლია ასეთი ქცევის მნიშვნელობის გაგება და შეფასება. ითვლება, რომ სექსუალური ძალადობა ყველაზე მძიმე ტრავმას აყენებს ფსიქიკას. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ბავშვები არ საუბრობენ თავს გადახდენილ ამ მძიმე ფორმის ძალადობაზე:

  • შიში – რადგანაც მოძალადეები ხშირად იყენებენ მუქარას და შანტაჟს, რომ ფიზიკურად ავნებენ მისი ოჯახის წევრებს.
  • დანაშაულის განცდა – რომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა;
  • წუხილი – რომ მაინც არავინ დაუჯერებს;
  • სირცხვილის განცდა – თუ ამას იტყვის ყველა ზურგს შეაქცევს და მას დაადანაშაულებენ;
  • ღალატი;
  • იმედგაცრუება;

ნებისმიერი ფორმის სასტიკი მოპყრობა ბავშვის მიმართ იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც გავლენს ახდენს ბავშვის ფუნქციონირების ნებისმიერ სფეროზე: ემოციურ (დეპრესიული სიმპტომები, სევდა მწუხარება ) ინტელექტუალურ (დასწავლის უნარის გაძნელება, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა , ინტერესების და აზროვნების შევიწროება ) , პიროვნულ და სოციალურ სფეროებზე. ის არღვევს სხეულის მთლიანობას, საზღვრებს რომელიც ქცევაში ვლინდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი იწყებს საკუთარი სხეულის დემონსტრირებას არ შეუძლიათ ფიზიკური სიახლოვის და დისტანციის სოციალურად მისაღები ნორმების ათვისება, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით ბავშვი სხეულს ფარავს, გაურბის ნებისმიერ კონტაქტს.

ნებისმიერ შემთხვევაში სექსუალური ძალადობის შედეგად ყალიბდება ტრავმირებული პიროვნება, რომელიც ვლინდება მთელი რიგი ფსიქოლოგიური მახასიათებლებით: დაბალი თვითშეფასება , წარუმატებლობა, ვერ აწყობენ პროდუქტიულ ურთიერთობებს, ზოგიერთს შეიძლება ახასიათებდეს აგრესიული ქცევები, სისასტიკე , თვით დამაზიანებელი ქცევა და შესაძლებელია ბავშვი თვითონ გახდეს მოძალადე.

სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სიმპტომები ვლინდება რომელიც მიუთითებს რომ შესაძლოა ბავშვი იყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: სკოლამდელი ასაკის ბავშვებში:

  • ძილის დარღვევა ; • მადის დაკარგვა ; • უცხო ადამიანების შიში; • სექსუალური თამაშები ; • შიშები; • აგრესია; • დუმილი ან უეცარი ალაპარაკება; • სირცხვილი; • მასტურბაცია • სექსუალური თამაშები;

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები: • აგრესიული ქცევა ; • ძილის დარღვევა; • კონცენტრაციის პრობლემა ; • აკადემიური მოსწრების დაქვეითება; • უფროსების მიმართ წინააღმდეგობრივი გრძნობები, • შიში, • სირცხვილი; • ზიზღის გრძნობები; • სამყაროს მიმართ უნდობლობა; • განმარტოება; • სექსუალური ქცევები სხვა ბავშვებთან.

მოზარდები : • დეპრესიული სიმპტომები; • იზოლაცია; • სექს მანიპულირება სხვა ბავშვების; • დანაკარგის განცდა; • საკუთარი თავის ზიზღი; • წინააღმდეგობრივი ქცევა; • თვითდაზიანება; • აკადემიური მოსწრების დაქვეითება ; • აგრესია.

მშობლებმა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყონ ბავშვებთან საუბარი იმის შესახებ რომ სხვა ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოჯახის წევრი, ახლობელი ნათესავი არ აქვს უფლება შეეხოს, შეუქმნას წარმოდგენა საკუთარი სხეულის საზღვრების შესახებ, თუ კი სხვა ადამიანი არღვევს საზღვრებს აუცილებლად უნდა შეატყობინოს მშობლებს ან სხვა უფროს ადამიანს ვისაც ენდობა. გარდა ამისა მოზარდებს აუხსნან, რომ სოციალურ ქსელებში ნებისმიერი ინფორმაცია მათ შესახებ არ იყოს ხელმისაწვდომი უცხო ადამიანებისთვის.