რა უნდა ვიცოდეთ არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ - დალი ტრაპაიძე მკურნალობისა და პრევენციის მეთოდებზე

გადაცემის ლაივი LIVE

20 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი დალი ტრაპაიძე სტუმრობდა, რომელმაც არტერიულ ჰიპერტენზიაზე, მისი მკურნალობისა და პრევენციის მეთოდებზე ისაუბრა.

– ქალბატონო დალი, რას წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზია და რატომ აღინიშნება მაინცდამაინც მაისის თვეში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე?

– არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ რთული კლინიკური მდგომარეობაა, რომელიც ისეთი სისხლძარღვოვანი გართულებების საწყისად ითვლება, როგორიც თავის ტვინის ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და თირკმლის ქრონიკული დაავადებაა. რაც შეეხება მაისის თვეს – 2017 წელს, სწორედ მაისში იქნა ინიციირებული ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალური კამპანია, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობის ცოდნის ამაღლება წარმოადგენდა. ბევრმა საერთო არ იცის, რამდენად ვერაგი, სახიფათო დაავადებაა არტერიული ჰიპერტენზია და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოვლენა, რათა არ დაზიანდეს თავის ტვინი, გულის კუნთი, თვალები და თირკმელები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საზოგადოებაც მსოფლიო საზოგადოების წევრია, ამიტომ სიამოვნებით მივიღეთ შეთავაზება და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შევუერთდით გლობალურ კამპანიას. მართალია, 2020 წელს პანდემიის გამო მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა გაგვიჭირდა, მაგრამ 2021-ში, არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ფონის მიუხედავად, მაინც შევძელით გარკვეული აქტივობების მოწყობა. გასულ წელს თითქმის 90 ქვეყანა მონაწილეობდა ჰიპერტენზიის კამპანიაში, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება იმ მონაცემების გაცნობა, რომლებიც საერთო საინფორმაციო ბაზაში დამუშავდა და ჩვენს უახლოეს მომავალში მივიღებთ.

– როგორია სტატისტიკური მონაცემები, რამდენად განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან?

– ჰიპერტენზიის კლინიკური მდგომარეობა საქართველოში მსოფლიოში არსებული სტანდარტული კვლევის ყველა მეთოდით შევამოწმეთ და მთავარ პრობლემად დაავადების უარყოფა გამოვავლინეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა ნაკლებად აქცევს ყურადღებას მაღალ წნევას და სხვადასხვა მიზეზს, თუნდაც სტრესს, ან ცოტა ხნით ადრე მირთმეულ ყავას აბრალებს. სხვათა შორის, წლევანდელი სკრინინგის კამპანიის ერთ-ერთ სიახლედ სააფთიაქო ქსელების გააქტიურების რეკომენდაცია იქცა, სწორედ აფთიაქებში მონიტორინგის პროცესში გამოვიკვლიეთ რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი, თუმცა ზუსტი პასუხი – რით მკურნალობდნენ არტერიულ წნევას, ვერავისგან მივიღეთ. ყველას გულგრილი, საკმაოდ ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტეპაზე გამოვლენა, რადგან მხოლოდ დროული დიაგნოზირებით შეიძლება გართულების თავიდან აცილება.

– რამდენად გამართლებულია ე.წ. „ჩემი წნევის“ სტერეოტიპი და რა ითვლება არტერიული ჰიპერტენზიის ნორმად?

– 2020 წლის ივლისიდან საქართველოში დაავადების მართვის სტანდარტი მოქმედებს, რომელსაც 2018 წლის ევროპული გაიდლაინი დაედო საფუძვლად და ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცდა. პროტოკოლის მიხედვით ნორმად – 139/89, მომატებულ წნევად კი, 140/90-ზე და მეტი ითვლება. თუმცა არსებობს განსხვავებული შეფასებაც, მაგალითად, სპეციალისტთა ჯგუფი იდეალურ წნევად 120/80-ზე მიიჩნევს. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის დროს სამიზნე წნევის განსაზღვრა და მისი მიღწევა ექიმის პრეროგატივაა და არ პაციენტის, ამიტომ არაა საჭირო თვითნებური მკურნალობა და მედიკამენტების საკუთარი გემოვნებით შერჩევა.

– რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის ექიმის როლი დაავადების დროულად გამოვლენაში?

– სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ენიჭებათ გადამწყვეტი როლი დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებასა და მის პრევენციაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. პროფილაქტიკური ვიზიტები, რათა ადამიანმა შეამოწმოს რამდენადაა მიდრეკილი ჰიპერტენზიისკენ, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დროულად მოხდეს მისი აღმოფხვრა.