რა პრობლემები ექმნებათ დევნილებს და რას ურჩევენ მათ იურისტები - კანონის ფარგლებში

დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს ათეულობით წლებია აწუხებს – ეს არის დევნილების საკითხი. ისინი ომის დროს იძულებულები გახდნენ, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. ამ დრომდე ძალიან ბევრი მათგანი ისევ უსახლკაროდაა და ბინას ელოდება. რა უფლებები აქვთ მათ, რა პრობლემები ექმნებათ, რა შემთხვევაში მიიღებენ ან ვერ მიიღებენ ბინას – ამ თემაზე იურისტი აბელ გეგია გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” საუბრობს.

– დევნილებს, როგორც აღვნიშნე, არაერთი პრობლემა აქვთ, ერთ–ერთი გამოკვეთილი მაინც საცხოვრებელი ადგილია, თუმცა თქვენს პრაქტიკაში რა პრობლემური ქეისებია, ჯერ ეს რომ მოგვიყვეთ…

– ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს პრობლემა წარმოიშვა ომიდან, აფხაზეთის ომიდან. პრობლემები არის მრავალმხრივი. ეს არის დევნილის სტატუსის ქონა, ზოგჯერ მისი შეწყვეტა ხდება, ასევე, როგორც იცით, სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროგრამები დევნილებისთვის – იპოთეკური სესხის დაფარვა იქნება თუ ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს სამი თვის ვადით.

– თქვენ პირადად, რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე, თუნდაც დევნილის სტატუსის მინიჭების დროს რა გამოწვევებია..

– დევნილის სტატუსი არ მიენიჭება ადამიანს, რომელიც ომის დაწყებამდე სხვა ადგილას გადავიდა საცხოვრებლად. ანუ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რის გამო მოხდა მისი გადაადგილება. ეს იყო კონფლიქტის , ომის დროს და იყო თუ არა მისი ან მისი ოჯახისთვის საშიში პირობების გამო. თუ ის დაადასტურებს, რომ ომის დროს აფხაზეთში ცხოვრობდა და მისი გადაადგილება კონფლიქტმა გამოიწვია, სტატუსს მიიღებს. ძირითადად, მაინც საცხოვრებელი სადგომის განსაზღვრის საკითხზე მოგვმართავენ. ამ შემთხვევაში გარკვეულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს დევნილი ან მისი ოჯახი, რომ მიიღოს საცხოვრებელი ფართი.

– ანუ ბევრი დოკუმენტი და საბუთი სჭირდება ადამიანს ამისთვის ?

– ინდივიდუალურად ხდება. ქულების მიხედვით განისაზღვრება. მთავარია, რომ სახელმწიფომ აღიარა ეს პრობლემა და ეტაპობრივად მისცემს საცხოვრებელს.

– რა შემთხვევაში შეიძლება დევნილმა საცხოვრებელ ფართზე უარი მიიღოს?

– პირველი – არასწორად შევსებული განაცხადი , არასწორი ინფორმაციის მიწოდება. არის კიდევ სხვა საფუძვლები. არსებობს კომისია, რომელიც ამ ყველაფერს აფასებს, კონკურსი ცხადდება და ვისაც მაღალი ქულა აქვს, ის იღებს ფართს. კომისია აფასებს მონიტორინგის სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მონიტორინიგის სამსახური კი განაცხადში მითითებულ ინფორმაციას და რეალურ პირობებს ადარებენ ერთმანეთს. ზოგჯერ მოქალაქეები იყოფიან, ანუ ოჯახი იყოფა, რომ ორი საცხოვრებელი ფართი მიიღოს, ან რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და ცდილობს, მეტი ოდენობის ფართი მოიპოვოს. სულადობაზეა ეს ფართი დამოკიდებული. ფართი მას რეგისტრაციის მიხედვით გადაეცემა

– თქვენი მთავარი რჩევები დევნილებს…

– ჯერ გაიარონ კონსულტაცია იურისტებთან, სანამ შეავსებენ განაცხადს, რათა იცოდნენ ზუსტად რა როგორ შეავსებ, რომ შემდეგ პრობლემა არ შეექმნათ.