რა გამოწვევები არსებობს მშობლისა და შვილის ურთიერთობაში - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რა გამოწვევები არსებობს მშობლისა და შვილის ურთიერთობაში – თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა მარინა ფრუიძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს მშობლობა?

ხშირად მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა საკმაოდ რთულდება. მეტიც, ორივე მხარისათვის კონფლიქტებისა და სტრესის მიზეზი ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არიან მზად ამისათვის მშობლები და შვილები ცალ-ცალკე და ერთად, რადგან სწორედ ეს შინაგანი მზაობა განსაზღვრავს მათ ქცევას და ემოციას კონკრეტულ სიტუაციაში.

როდესაც დაძაბული ურთიერთობა გრძელდება და ოჯახის წევრები თავად ვერ პოულობენ გამოსავალს, მაშინ ისინი სტრესითა და გარკვეული ჩივილებით მიმართავენ სპეციალისტს.

ხშირად ვხედავთ, რომ მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს შორის ურთიერთობას აზარალებს, ერთის მხრივ მშობლების მხრიდან გადამეტებული მზრუნველობა, მუდმივად მათი ინიციატორის როლში ყოფნა, მეორეს მხრივ, კი შვილები ხდებიან ინიციატორები, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების მსურველები, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარ არჩევანზე მხოლოდ თავად არიან პასუხისმგებლები. ასეთი პოლარული დამოკიდებულებების დროს იწყება შვილების გაუცხოვება, მათი გამიჯვნა მშობლებისაგან, საკუთარ თავში ჩაკეტვა. ამგვარი დისტანცირება კი, შეიძლება დამატებითი სტრესის მიზეზიც გახდეს მათთვის.


ამ შემთხვევაში, რას ურჩევთ მშობლებს?

კონფლიქტის მოგვარებისაკენ პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება ერთი და იგივე პრობლემის დანახვა, როგორც მშობლების, ასევე შვილების მხრიდან. ვთხოვთ დაფიქრდნენ და პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა მოლოდინი აქვთ მშობლებს? რას ფიქრობენ ისინი საკუთარ როლზე შვილების ცხოვრებაში და რა შეხედულებები აქვთ ამ ყველაფერზე შვილებს? რამდენად დამოუკიდებლები არიან შვილები? როგორ ხედავენ შვილები მშობლების როლს? ისინი მხოლოდ აღმზრდელები არიან, ვის მითითებებსაც უპირობოდ უნდა დაემორჩილონ, თუ თვლიან მათ უფროს მეგობრებად, ვისთანაც იფიქრებენ, იმსჯელებენ, თუნდაც იკამათებენ, მაგრამ ერთობლივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხები დაანახვებს მათ წარმოშობილი წინააღმდეგობების მიზეზებს, დააფიქრებს საკუთარ შეხედულებებზე და შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს მიმღებლობა ამა თუ იმ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვსაუბრობთ საკუთარი შეხედულებების გადახედვის, მიმღებლობის გაზრდის შესახებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ცალმხრივობას. ამისათვის ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს მზაობა.

რადგან კონფლიქტების, და აქედან წარმოშობილი სტრესის, გამო მოგვმართავენ მშობლები (უფრო ხშირად) და შვილები, უნდა გვახსოვდეს, რომ შინაგანი კონფლიქტი და სტრესი მით უფრო მძაფრია, რაც მეტია განსხვავება მოლოდინსა და არსებულ რეალობას შორის. ამის დასადგენად, მოლოდინისა და რეალობის მაქსიმალურად დასაახლოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებსა და შვილებს შორის სწორი კომუნიკაცია. ეს კი, მხოლოდ მოთმინებით, ერთმანეთის მოსმენით, პატივისცემით და გულახდილი დიალოგით მიიღწევა. ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის შვილებთან მეგობრობა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება და ასაკის მატებასთან ერთად ფორმირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს განსაკუთრებული მეგობრობაა, რომელიც ერთის მხრივ აახლოვებს მშობლებსა და შვილებს, მეორეს მხრივ, კი ინარჩუნებს იმ აუცილებელ ზღვარს მათ შორის, რომლის გარეშეც ჯანსაღი ურთიერთობები ძნელი წარმოსადგენია. აქ წამყვანი როლი მშობლის ავტორიტეტს და ურთიერთნდობის ფაქტორს ენიჭება. ეს უკანასკნელიც ასევე წლების მანძილზე ყალიბდება და თავის თავში უკვე გარკვეული ურთიერთობების გამოცდილებასაც მოიცავს.

ეს არის შანსი, მხარეებმა მოუსმინონ და პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს, შეიქმნას ჯანსაღი გარემო, სადაც თანასწორობის განცდით მიეცემათ მათ საშუალება დიალოგისათვის. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შესაძლებლობა კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ორივე მხარემ ზუსტად იცოდეს რა შესაძლებლობები, იმედი და მოლოდინი აქვთ ერთმანეთისაგან.

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა საკმაოდ მგრძნობიარე და ფაქიზი თემაა. უნდა გვახსოვდეს, რომ აქ აღმოცენებულ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში არ არის გამარჯვებული. არც ერთიანი, მზა რეცეპტი არსებობს ამ ურთიერთობის დარეგულირებისა და ჰარმონიულობისათვის. ყველა შემთხვევა კონკრეტულია და ინდივიდუალური. ის რესურსიც, რომლებიც თავად მშობლებსა და შვილებს გააჩნიათ კონფლიქტის მოსაგვარებლად. სწორედ ამ რესურსებს მიეკუთვნება მათი უნარები: გადააფასონ ძველი კონცეფციები, შეძლონ შეცვალონ საკუთარი შეხედულებები, გაზარდონ მიმღებლობა სხვადასხვა საკითხებში, დისტანცირდნენ პრობლემისაგან და დიფერენცირებულად მიუდგნენ მას. Ad desktop banner Ad mobile banner