რა დარღვევები იწვევს სარძევე ჯირკვლების პრობლემებს - ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი და მამოლოგი თამთა გაბრიაძე გადაცემაში ,,პულსი"

გადაცემის ლაივი LIVE

17 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი და მამოლოგი თამთა გაბრიაძე სტუმრობდნენ, რომელთაც ქალბატონებისთვის მეტად აქტუალურ თემაზე – ენდოკრინულ და სარძევე ჯირკვლების პრობლემებზე ისაუბრეს.

– ნინო, ადამიანის საერთო მდგომარეობას მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერება ცვლა განსაზღვრავს. საინტერესოა, რა დარღვევები იწვევს სარძევე ჯირკვლების პრობლემებს?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სარძევე ჯირკვლის ფუნქციურ და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაზე ჰორმონი პროლაქტინი აგებს პასუხს, რომელსაც თავის ტვინში არსებული მცირე, თუმცა ფუნქციურად უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანო ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. მართალია, პროლაქტინის მაჩვენებელი ბუნებრივად იზრდება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მაგრამ სხვა შემთხვევაში მის მომატებას სწორედ ცვლილებები იწვევს სარძევე ჯირკვლებში, ამიტომ აუცილებელია პროლაქტინის მაჩვენებლის ზუსტი განსაზღვრა, რადგან უხეში მატება პირველ რიგში ჰიპოფიზის ადენომის არსებობაზე მიანიშნებს.

– რა შემთხვევაში უნდა გაიზომოს პაციენტმა პროლაქტინი?

– პროლაქტინის გაზომვა აუცილებელია მენსტრუალური ციკლის დარღვევის ან გაიშვიათების და ჭარბთმიანობის შემთხვევაში, რადგან პროლაქტინის მატება ქალური ჰორმონის – ესტროგენების შემცირებას იწვევს. სხვათა შორის, პროლაქტინის მატება მამაკაცებსაც აღენიშნებათ, რაც ტესტოსტერონის შემცირებით და ქალების მსგავსად სარძევე ჯირკვლიდან გამონადენით გამოიხატება. საყურადღებოა პროლაქტინის კავშირი ფარისებრ ჯირკვალთანაც, რადგან ჰიპოთირეოზის განვითარებისას ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, სწორედ ჰიპოფიზში მატულობს მისი მარეგულირებელი ჯირკვლის სტიმულირებისთვის.

– თამთა, რამდენად აუცილებელია ენდოკრინოლოგისა და მამოლოგის თანამშრომლობა  სარძევე ჯირკვლების პათოლოგიების დასადგენად და მკურნალობის სტრატეგიის შესამუშავებლად?

– რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. სარძევე ჯირკვლები ენდოკრინოლოგიის სფეროს მიეკუთნება, ამიტომ ძალიან გვიჭირს მათ გარეშე მუშაობა. ძუძუს ქსოვილი რამდენიმე ეტაპს გადის სრულად ჩამოყალიბებამდე, ყველაზე მნიშვნელოვანი – რეპროდუქციული ასაკია. სამწუხაროდ, ძუძუს კიბო, რომელმაც ყველა ონკოლოგიურ პათოლოგიას გაუსწრო, დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება, რადგან რვა ქალბატონიდან სულ მცირე ერთს მაინც აღენიშნება, თუმცა დაავადებით მამაკაცებიც საკმაოდ ხშირად იტანჯებიან, ამიტომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ძუძუს კიბოს დიაგნოზირება და მკურნალობაა საჭირო, არამედ პრეკლინიკური ფორმების დიაგნოზირებაც, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და ე.წ. ძუძუს კიბოს ქსოვილის მეორადი პათოლოგიები. არალაქტაციური გამონადენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს და გინეკოლოგს, რათა ჯერ პროლაქტნის შემოწმდეს, მერე სხვა აუცილებელი ტესტები ჩატარდეს. ზოგადად ძუძუს ქსოვილი მეტად მგრძნობიარე ორგანოა, რომელიც ყველსა სტრესსა და ჰორმონალურ ცვლილებაზე რეაგირებს.

– ქალი რამდენიმე გარდამტეხ ეტაპს გადის ცხოვრების მანძილზე – მოზარდობით დაწყებული, ორსულობით და კლიმაქტერიული პერიოდით დასრულებული. რომელია  ყველაზე კრიტიკული ეტაპი და რამდენად შესაძლებელია პათოლოგიების განვითარების თავიდან აცილება?

– ჩვეულებრივ, ორი წამყვანი ჰორმონი – ესტრადიოლი და პროგესტერონი გამოიყოფა. იმ შემთხვევაში თუ ამ ჰორმონების ინდექსი ნორმაშია და სარძევე ჯირკვალიც ნორმალურად ფუნქციონირებს, მაშინ პათოლოგიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ ესტრადიული (ესტროგენის ყველაზე მნიშვნელოვანი რეპროდუქციული ჰორმონი) პრეკლიმაქტერიულ პერიოდშიც მაღალია, მაშინ პათოლოგიების განვითარების ალბათობაც მატულობს.

– რამდენად განაპირობებს პროლაქტინის მატებას მედიკამენტების მიღება?

– გეთანხმებით, მედიკამენტები, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოზური, შარდმდენი და წნევის სამკურნალო პრეპარატები მართლაც ხშირად ხდება პროლაქტინის მატების მიზეზი, ამიტომ აუცილებელია მათი მაქსიმალურად შეზღუდვა.

– თამთა, შეიძლება თუ არა ძუძუთი კვება პათოლოგიების ერთგვარ პრევენციად ჩაითვალოს?

– რა თქმა უნდა, ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმი მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა მისი ფუნქცია სრულფასოვნად სრულდება. ლაქტაცია ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციაა პროცესების ფიზიოლოგიური ბმაში, მისი უგულებელყოფით კი, ბმა ირღვევა და ორგანიზმიც გაუთვალისწინებელ სტრესს განიცდის.