რა დაავადებების გამოკვლევა შეიძლება ულტრასონოგრაფიული კვლევით - ალექსანდრე მინდაძე ფილტვის პათოლოგიებსა და ამ პათოლოგიების კვლევის მეთოდებზე გადაცემაში ,,პულსი"

გადაცემის ლაივი LIVE

რეკლამა – 16:38 – 20:06

29 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ექიმ-რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე მინდაძე სტუმრობდა, რომელმაც ფილტვის პათოლოგიებსა და ამ პათოლოგიების კვლევის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე, რა თქმა უნდა, ფილტვის დაავადებები საინტერესო და მეტად მოცულობითი თემაა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ფილტვის ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდი, რომელშიც არა თუ ფართო საზოგადოება, მედიკოსებიც ნაკლებად არიან გაცნობიერებული. საინტერესოა, რამდენად სარგებლობენ კვლევის მსგავსი მეთოდით განვითარებულ ქვეყნებში?

– სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად იცნობენ ულტრასონოგრაფიულ კვლევის მეთოდს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ფილტვის ექოსკოპია რადიკალურად განსხვავდება სხვა ორგანოების ულტრაბგერითი კვლევისგან, რადგან ჰაერი, რომელსაც ფილტვი შეიცავს, ულტრაბგერას აირეკლავს, წარმოქმნილი არტეფაქტების ფონზე კი, შეუძლებელია ფილტვის ქსოვილის დანახვა. თუმცა 1990-იან წლებში შესაძლებელი გახდა ამ არტეფაქტების შესწავლა, რის საფუძველზე 2000-იან წლებში ულტრასონოგრაფიული კვლევის ფუძემდებელმა, ფრანგმა პროფესორმა ლიხტენშტაინმა 12 ძირითადი არტეფაქტი დაადგინა, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ მათი გარჩევა ძალიან მარტივია. ჯანმრთელი ფილტვი ოთხი ძირითადი არტეფაქტით ხასიათდება, დანარჩენი რვა – ე.წ. პათოლოგიური არტეფაქტი ან მათი კომბინაცია კი, ფილტვის სხვადასხვა ტიპის დაავადებაზე მიანიშნებს. ალბათ იცით, რომ ფილტვის გამართული მუშაობის დროს ალვეოლებიდან ჟანგბადი კაპილარებში გადადის, ხვდება სისხლში და მარაგდება მთელი ორგანიზმი, თუმცა, ალვეოლთა შორის სივრცეში დაბრკოლების – შეხორცების ან სითხის დაგროვების შემთხვევაში ვერც ჟანგბადი გადადის სისხლში, ვერც ორგანიზმი მარაგდება, ხველა კი, სწორედ ორგანიზმის პირველი რეაქცია იმ შემაწუხებელ უცხო სხეულზე, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობს. კვლევის დროს ნათლად ჩანს, რომ ჯანმრთელი ფილტვი ალვეოლთა სივრცეში ჰორიზონტალური ხაზებით ხასიათდება, მაშინ როცა დაზიანებულში ვერტიკალური ხაზები ჩნდება, რომელთა რიცხვი დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება.

– მართალია, ულტრასონოგრაფიული კვლევის წყალობით საკმაოდ მარტივია ჯანმრთელი ფილტვის დაავადებულისგან გარჩევა, მაგრამ მსგავსი ტიპის კვლევა მაინც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს,

– ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რადგან საქართველოსგან განსხვავებით განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი კვლევა საკმაოდ აქტიურად გამოიყენება.

– რა დაავადებების გამოკვლევა შეიძლება ულტრასონოგრაფიული კვლევით?

– ულტრაბგერითი კვლევით მეტწილად პნევმოთორაქსი, პლევრის ღრუში სითხის ოდენობა და ალვეოლთა შორის დაზიანება დგინდება. სხვათა შორის, საზღვარგარეთ აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის ულტრაბგერითი კვლევის პორტატული აპარატით აღჭურვა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საკმაოდ ხშირია პნევმოთორაქსის შემთხვევები, რომლის კვლევა ადგილზევე ხორციელდება.

– რას იტყვით დღეს მეტად აქტუალურ ფიბროზულ დაზიანებებზე?

– ზოგადად, ინტერსტიციალური დაზიანებები პირობითად სამ ნაწილად იყოფა, სწორედ ერთ-ერთია ფიბროზი, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის შეხორცება ვითარდება ფილტვში და ფერხდება ჟანგბადის სისხლში გადასვლა, თუმცა არსებობს ფილტვის შეგუბებაც, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების დაავადების დროს ვითარდება. ამ შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევა ერთის მხრივ, დაავადების ხარისხის, მეორეს მხრივ, რემისიის დროს გამოიყენება იმ რისკების დასადგენად, რომელთაც შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა დაამძიმონ. ცალკე განხილვის თემაა თირკმლის პათოლოგია, როცა ორგანიზმიდან ვერ იდევნება ზედმეტი სითხე და საჭირო ხდება დიალიზის გამოყენება. ულტრაბგერითი კვლევა ერთადერთი მეთოდია, რომელიც ამგვარი პათოლოგიის დროს ფილტვებში შეგუბების ხარისხს ანუ სითხის რაოდენობას განსაზღვრავს.

– კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ბევრად იაფია ულტრასონოგრაფიული კვლევა, რაც არა მხოლოდ კერძო პირებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც მეტად მომგებიანია, რადგან საკმაოდ სოლიდური თანხა იზოგება,

– პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ფილტვის დაავადებები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უამრავი შრომა მიეძღვნა ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდს სწორედ ვირუსის გათვალისწინებით. გასულ წელს ევროპის რადიოლოგთა ასოციაციამ 26 ქვეყნის ექსპერტის რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომელთაც არა მხოლოდ კოვიდის დიაგნოზირებისას, არამედ დაავადების ხარისხის განსაზღვრის და მკურნალობის ყველაზე ეტაპზე ულტრაბგერითი კვლევის გამოყენება ურჩიეს მედიკოსებს. მართალია, კომპიუტერული ტომოგრაფია ე.წ. „ოქროს სტანდარტია“, მაგრამ თავისი უპირატესობა აქვს ულტრაბგერით კვლევას, რაც გასათვალისწინებელი და აუცილებლად გამოსაყენებელია. ერთ-ერთ უპირატესობად სწორედ ხელმისაწვდომობა შეიძლება ჩაითვალოს, რისი უგულებელყოფა ნამდვილად არ იქნება მართებული.