რა არის და როგორ კეთდება დენტალური იმპლანტაცია

გადაცემას “Smile Care” სტუმრობდნენ იმპლანტოლოგები დავით მანჯგალაძე და გივი ბენიძე, რომლებმაც იმპლანტაციის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს და განმარტეს რა შემთხვევაში და როგორ კეთდება კბილის იმპლანტი.

 

გივი, რა არის იმპლანტაცია და რა დროს მოგმართავენ პაციენტები იმპლანტაციისთვის?

დენტალური იმპლანტაცია უკეთდება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნაწილობრივი ან სრული ადენტია, ანუ ერთეული ან მრავლობითი კბილების დანაკარგი. დენტალური იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელიც გამოიყენება ყბის ძვალში ფიქსაციისთვის. ამ იმპლანტზე შემდეგ ორთოპედიული კონსტრუქცია ფიქსირდება.

როდესაც პაციენტი პირველად მოდის კლინიკაში, რა ტიპის კვლევებია საჭირო?

დავითი: რიგ პაციენტებში მრავალი კვლევაა საჭირო, თუმცა მთავარი არის კომპიუტერული ტომოგრაფია და პაციენტის ანამნეზი. უნდა ვიცოდეთ არსებობს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება, რადგან ზოგჯერ იმპლანტაცია უკუჩვენებაა. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თვალნათლივ ჩანს ძვლის ქსოვილი, სადაც უნდა დაფიქსირდეს ჩვენი იმპლანტი. ანუ ვარკვევთ, ძვლის სტრუქტურას და გაბარიტულ მაჩვენებელს.

რა უპირატესობა აქვს იმპლანტაციას მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით?

ბუნებრივია სხვა ალტერნატივები არსებობს, თუმცა ეს მეთოდი ნამდვილად შეუცვლელია. მარტივად რომ ვთქვათ, სადაც პაციენტს კბილი არ აქვს, იქ ვამაგრებთ ხელოვნურ ფესვს, ანუ ფაქტობრივად კბილი ამოგვყავს. არ გვჭირდება ჯანმრთელი კბილების რედუცირება, ანუ მოქლიბვა, ისე როგორც პროთეზირების შემთხვევაშია საჭირო.

რას ნიშნავს უსისხლო, განაკვეთის გარეშე იმპლანტაცია?

უსისხლო ნაკლებად იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმება განაკვეთის გარეშე იმპლანტაცია. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია, რომ ჩავსვათ იმპლანტი იქ, სადაც საჭიროა, არ გვჭირდება დიდი განაკვეთის გაკეთება. ანუ მთელი პროცესი ნაკლები ჩარევით, ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილებით მიმდინარეობს.

რა დროს მოიცავს ერთი კბილის იმპლანტაცია?

გივი: იმპლანტაციის დრო მოიცავს ანესთეზიასაც და საერთო ჯამში 25 წუთი, ნახევარი საათი გვჭირდება. ბუნებრივია, ეს ერთი იმპლანტის შემთხვევაში. დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბის ოპერაცია კეთდება.

ორთოპედიული კონსტრუქციის შერჩევა დაგეგმარების ეტაპზე ხდება, რა რაოდენობის იმპლანტებია საჭირო სხვადასხვა კონსტრუქციებისთვის?

თავიდანვე, დაგეგმარების პროცესშივე ვიცით იმპლანტაციის შემდგომ რა უნდა გაკეთდეს ანუ რამდენ იმპლანტზე კეთდება კონსტრუქცია. უკბილო ყბის შემთხვევაში, თუ კონსტრუქცია უნდა იყოს მოუხსნელი, პაციენტს სავარაუდოდ ერთ ყბაზე ექვსივე იმპლანტი ესაჭიროება. მოსახსნელი კონსტრუქცია კი მინიმუმ 4 იმპლანტის შემთხვევაშიც შესაძლებელია. ზუსტი ციფრი არ არსებობს და ყველაფერი კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზეა დამოკიდებული.

ერთ მომენტიანი იმპლანტაცია (როცა გარკვეულ მომენტში კარგავთ კბილს და მაშინვე იკეთებთ იმპლანტაციას) შესაძლებელია?

ვსაუბრობთ ე.წ. მომენტალურ იმპლანტაციაზე, რომელიც ძალიან სპეციფიკური შემთხვევაა და ქირურგის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. იმპლანტაციის წარმატებას ორი ფაქტორი განსაზღვრავს, პირველი – იმპლანტი კარგად დაფიქსირდეს ყბის ძვალში, ადაპტაციისთვის ორგანიზმს 14-16 კვირა სჭირდება. როცა ვსვამთ იმპლანტს და კბილსაც ვაფიქსირებთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ მიკრორყევები არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპლანტს დავკარგავთ. წინასწარ ვერასდროს დავპირდებით პაციენტს, რომ ჩაგისვამთ იმპლანტს და მაშინვე კბილებით გაგიშვებთო.

ძვლის დეფიციტის დროს რა ტიპის ჩარევაა საჭირო, რა ვადებზეა საუბარი?

ძვლის დეფიციტის დროს შეიძლება დაგვჭირდეს სიგანეში გაზრდა, სიმაღლეში გაზრდა ანდაც უფრო მარტივი, სივრცეების შევსება გვჭირდებოდეს. შესაბამისად, ვადებზე საუბარი ცოტა რთულია. შესაძლოა იმპლანტაციის მომენტშივე მოხდეს ხელოვნური ძვლის გამოყენება და საბოლოო ვადებზე არ იმოქმედოს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მხოლოდ აუგუმენტაციას სჭირდება 9 თვე.

ძვლის დეფიციტის დროს, ძვლის აუგუმენტაციის ალტერნატივა თუ არსებობს?

დროთა განმავლობაში, როცა პაციენტები კბილებს კარგავენ, ძვალს დაპატარავება ახასიათებს. არის გარკვეული საზღვრები, როცა იმპლანტაცია ძვლის გაზრდის გარეშე შეუძლებელია. არსებობს ბევრი ტიპის იმპლანტი და კონკრეტული პაციენტისთვის საუკეთესოს ექიმი არჩევს. ხოლო იმ შემთხვევაში როცა ყველაფერი კარგადაა, გაბარიტული მაჩვენებლები ნორმალურია, პაციენტს იმპლანტის არჩევის საშუალებას ვაძლევთ.

როცა ყბის ძვალი არის თხელი, შესაბამისი იმპლანტი ირჩევა, რომ ძვლის დამატება არ გახდეს საჭირო.

დიახ, სწორედ ასეთი სისტემაა „რუთი“, რომელიც იძლევა საშუალებას რომ თხელ ძვალში მომენტალურად ჩავსვათ იმპლანტი. ტექნიკურად შესაძლებელია, რომ კბილები ოპერაციის დღესვე გაკეთდეს, თუმცა პაციენტისთვის უფრო კომფორტულია, რომ ეს ყველაფერი არა ოპერაციის შემდეგ მომენტალურად, არამედ 5 დღის ვადაში მოხდეს.

რამდენად შესაძლებელია მაქსიმალურად ესთეტიკური შედეგის მიღება?

იმპლანტი არ იძლევა პირდაპირ ესთეტიკას, ის მხოლოდ კბილის დასამაგრებლადაა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების მოლოდინი გავითვალისწინოთ და მათ ზუსტად ავუხსნათ თუ რა შედეგს მიიღებენ.

პოსტოპერაციულ პერიოდში რა გართულებებია მოსალოდნელი?

პირველი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია შეშუპება, თუმცა მას ანტიბიოტიკებით ვმართავთ. პაციენტს ზუსტ დანიშნულებას ვაძლევთ, ჭრილობის ჰიგიენურად მოვლის შესახებ. მოკლედ, პირველი რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაფერი ოპერაციის მასშტაბებზეა დამოკიდებული.

იმპლანტის ექსპლუატაციის ვადები რაზეა დამოკიდებული?

იმპლანტი ძირითადად მზადდება ტიტანისგან, ეს კი ძალიან მყარი მასალაა. იმპლანტის დაზიანება ხდება, თუკი მასზე დატვირთვის განაწილება სწორად არ მოხდება. თუმცა, ძირითადი გართულება მის გარშემო ქსოვილების ანთებაა. იგივე დაავადებებია იმპლანტის გარშემო ჩასაფრებული, როგორიც ჩვეულებრივი კბილის შემთხვევაში. ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს კონსტრუქციის, გვირგვინის ხარისხი, პაციენტმა სწორად უნდა დაიცვას ჰიგიენა. მოლოდინი გვაქვს, რომ იმპლანტმა იმუშაოს მთელი ცხოვრება, თუმცა პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა მისი ამოღება გვიწევს.

რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?

მნიშვნელოვანია, რომ არჩეულ ექიმს პაციენტი ბოლომდე ენდოს, გაითვალისწინოს მისი რჩევები და კლინიკას გადამოწმების მიზნით 6 თვეში ერთხელ მაინც ესტუმროს.

ტეგები: smile care