ნინი წიკლაური: „ამერიკაში ყველაფერს გაპატიებენ, აქ - არა“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი ნინი წიკლაური, რომელმაც კარიერის საწყისები გაიხსენა და ამერიკაში ცხოვრების შესახებ ისაუბრა. 

მოდი დავბრუნდეთ წარსულში, დავიწყოთ ყველაფერი ბავშვობიდან…

ნინი წიკლაური: 

კი ბატონო, დავბრუნდეთ ძალიან მაგარ წარსულში, სადაც თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ, ამისთვის მადლიერი ვარ. პირველი სიმღერა ჩემს კარიერაში თქვენი დახმარებით ჩაიწერა. ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯები იყო უკონკურენტო მუსიკალურ პროექტ „ჯეოსტარში“, საზოგადოება ელოდა ყოველ ორშაბათ დღეს, ერთ ლაივში ჩვენ ყველა ვარსკვლავები გავხდით. იმ პერიოდში „ჯეოსტარი“ ერთადერთი გამონათება იყო. ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რადიოსგანაც იყო დიდი ხელშეწყობა. ლაივების შემდეგ თქვენს რადიოში იყო „ჯეოსტარის დღიურები“.

ზოგადად, ჩემს ოჯახში ყველა კარგად მღერის, ბავშვობიდან მქონდა სიმღერის ნიჭი. პროექტში ძალიან დავმეგობრდით, ახლაც ვმეგობრობ ბევრ მის მონაწილესთან. ჩემი აზრით, მე ვარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამახსოვრო თავი მაყურებელსა და მსმენელს. ასევე მაგალითი იმისა, თუ რაოდენ საჭირო და აუცილებელია, კარგი სიმღერის გარდა, იყო კარგი, დადებითი ადამიანი. მე დღემდე მცნობენ ქუჩაში. ბევრს უთქვამს, რომ როცა ვმღერი, ჩემგან კარგი აურა მოდის. ეს მთავარია. ერთ-ერთმა დიდმა პროდიუსერმა მითხრა, რომ მსმენელს არასდროს უნდა აგრძნობინო, რომ  ნერვიულობ, ან რაღაცას განიცდიო. მიეცი იმის საშუალება, რომ ისიამოვნოსო, დღემდე ასე ვარ, ჩემი მსმენელი ჩემს ცუდ განწყობას ვერასდროს გრძნობს. ეს მომცა პროექტებმა და ქართულმა სცენამ. იქ, ამერიკაში, ყველაფერს გაპატიებენ, აქ – არა. ზოგადად, კონკურსებში მონაწილეობა ძალიან რთულია, მე ჩემს შვილებს ვერ გავიმეტებდი ამისთვის, ამიტომ დავასრულე, გავიზარდე, მოვეშვი კონკურსებს.

რატომ მიიღე ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება?

ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე იმ ფაქტს, რომ საქართველოდან იმიტომ არ წავსულვარ, რომ აქ ჩემი მზე ჩაესვენა და მოდი, სხვაგან ამოვიყვან. ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით, ძალიან კარგად ვიყავი, ვმუშაობდი კულტურის სამინისტროში, ღონისძიებათა დეპარტამენტში. ჩემს სფეროში ვიყავი, ვმღეროდი, ვახმოვანებდი ფილმებს, რეკლამებს, ბენდი მყავდა, უამრავ ღონისძიებაში ვიყავი ჩართული, არ ვიყავი გაჩერებული. რომ მივდიოდი, იქ დარჩენა არ მქონდა გადაწყვეტილი, რაღაც პერიოდი მინდოდა იქ გამეტარებინა და მერე დავბრუნებულიყავი. რომ დაჯდა თვითმფრინავი საქართველოში და გავაცნობიერე, რომ მე აქ ექვსი წელი არ ვყოფილვარ, მერე მივხვდი, – მე ეს წლები გამეპარა. იქ ისე გადის დრო, რომ ვერ ხვდები, სულ შრომაში ხარ, სულ მუშაობაში. მგონია, რომ იქ საათის ისრები უფრო მალე ტრიალებს. ჩასვლის დღიდანვე ჩემი პროფესიით დავსაქმდი. ვასწავლიდი ქართულ სიმღერას. ზოგადად, სიმღერას ისე ისწავლი, თუმცა ქართულ სიმღერას, პედაგოგის გარეშე ვერ. ასევე შევკარი არაჩვეულებრივი ბენდი, კლავიშს თავად ვუზივარ, ვმღერით ქართულ სიმღერებს და უნდა ნახო, როგორ ისმენენ ამერიკელები, ჯავშნიან ადგილებს და გულისყურით უსმენენ, უყვართ „თბილისოს“, „ციცინათელას“ ჩემეული ვერსიები.

ზოგს ქართული ავიწყდება, შენ კი ჩვეულებრივად მეტყველებ…

ეს არის წარმოუდგენელი, ალბათ, უფრო მოდას აყოლაა, ჩემი შვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამერიკაში და მისი სასაუბრო ენაა ინგლისურია, წყალივით და თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად. თუ ოჯახიდან და თავიდან  არ ამოძირკვავ ქართულს, სხვანაირად წარმოუდგენელია დაგავიწყდეს, ასე რომ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ, მოდის აყოლაა. სადაც ვმუშაობ, სადაც ვმღერი, ყველგან დამყავს ჩემი ორი შვილი. არც ერთი წუთი, არც ერთი საათი, არც ერთი დღე არ მყოლია ძიძა. არ მყოლია იმიტომ, რომ ამის საშუალება არ იყო. ბავშვებს, სხვათა შორის უნდათ წასვლა, იქ ჰყავთ მეგობრები, მეზობლები, ის გარემო ურჩევნიათ.

გეგმებზე გვესაუბრე…

ახალ სიმღერას ვწერ, პაუზის შემდეგ გამიჭირდა. ვმუშაობ „ბრავო რეკორდსში“. ისე არ წავალ, რომ ახალი სიმღერა არ მოგიტანოთ.