,,ნიჭიერი" ყველაზე სახალხო, ყველაზე ყურებადი და მოთხოვნადი პროექტია თანამედროვე ტელესივრცეში, რაც მისმა 10-წლიანმა პოპულარობამაც დაადასტურა - გიორგი ბახუტაშვილი და გიორგი კოტორაშვილი ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

16 ნოემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” გიორგი ბახუტაშვილი და გიორგი კოტორაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც პოპულარულ შოუზე  “ნიჭიერზე” ისაუბრეს.

– გიორგი, თაყვანისმცემლები ყოველთვის განებივრებენ ყურადღებით. რამდენად მომაბეზრებელია პოპულარობა?

– (გიორგი ბახუტაშვილი) სიტუაციას გააჩნია, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ზოგჯერ  პირიქით – საშინლად მოსაბეზრებელი. პირადად მე ძალიან მაღიზიანებს, როცა არ მცალია, ვიღაც კი, ჯიუტად მოითხოვს ჩემთან ფოტოს გადაღებას.

– რით განსხვავდება წლევანდელი “ნიჭიერი” გასული სეზონებისგან?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ “ნიჭიერი” ყველაზე სახალხო, ყველაზე ყურებადი და მოთხოვნადი პროექტია თანამედროვე ტელესივრცეში, რაც მისმა 10-წლიანმა პოპულარობამაც დაადასტურა. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება და მაყურებელს ისეთივე მრავალფეროვან, სანახაობრივ შოუს შევთავაზებთ, როგორც გასულ წლებში იყო.

–  გიორგი, როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობ და სერიოზულად ხარ დაინტერესებული ქიმიით. რატომ გადაწყვიტე “ნიჭიერში” მონაწილეობა?

– (გიორგი კოტორაშვილი) ქიმია მართლაც ძალიან საინტერესო მეცნიერებაა, რომელიც სკოლაში შევიყვარე, უნივერსიტეტში კი, მისი შესწავლა გავაგრძელე. “ნიჭიერში” მონაწილეობა ჩემი ცოდნის და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემის სურვილით გადავწყვიტე, რაც ვფიქრობ გამომივიდა, რადგან მართლაც ბევრი დაინტერესდა და შეიყვარა ჩემი პროფესია.

– გიორგი, რა გხიბლავს ტელევიზიაში ყველაზე მეტად?

– (გიორგი ბახუტაშვილი) სცენისგან განსხვავებით, სადაც მსახიობს პერსონაჟის ხასიათის დამუშავების დრო აქვს, ტელევიზიაში ყველაფერი წამიერად ხდება და რაც მთავარია სპონტანურად.

– როდის დასრულდება კასთინგი და როდის ნახავს მაყურებელი პირველ ცოცხალ შოუს?

– კასთინგი უკვე სრულდება, 7 დეკემბრიდან ნახევარფინალები დაიწყება, 31 დეკემბერს კი, შოუს გამარჯვებული გამოვლინდება.

– რამდენად შეძელი მეწყვილესთან ნუკი კოშკელიშვილთან საერთო ენის გამონახვა?

– ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი რთული და დამღლელი იქნებოდა გადაცემის წაყვანა. უამრავი კონკურსანტი გვყავს, კასთინგი მთელი დღე გრძელდება და ჩვენც მთელი დღე, ამოსუნთქვის გარეშე გვიწევს მუშაობა. მართალია, მე და ნუკი დიდი ხანია ვმეგობრობთ, მაგრამ ერთად არასდროს გვიმუშავია, არადა საოცრად კომფორტული, მსუბუქი პარტნიორი აღმოჩნდა, ვისთან ძალიან სასიამოვნოა მუშაობა.

– გიორგი, რას ნიშნავს შენთვის “ნიჭიერი”

– (გიორგი კოტორაშვილი) ალბათ, სიახლის შექმნას და საზოგადოებისთვის წარდგენას, მერე კი, მათი შეფასებით გადაწყვეტას, რამდენად საინტერესო იყო შენი შეთავაზება.

– რამდენად განიცდი ნეგატიურ შეფასებას?

– ნაკლებად განვიცდი, თუმცა დადებითი შეფასება უფრო სასიამოვნოა, რადგან ყოველთვის პუბლიკაზეა დამოკიდებული ღირს თუ არა გარისკვა შემდეგ ეტაპზე.

– რას გრძნობ სცენაზე გასვლამდე?

– ალბათ სცენაზე გასვლამდე ყველა ნერვიულობს, რადგან არავინ იცის, რამდენად წარმატებული იქნება მისი გამოსვლა.

– რაში დახარჯეთ პირველი ჰონორარი?

– (გიორგი კოტორაშვილი) პირველი ჰონორარით ქიმიური ჭურჭელი შევიძინე.

– (გიორგი ბახუტაშვილი) ჩემმა პირველმა ჰონორარმა 70 ლარი შეადგინა, რომელიც იმ იმედით ვაჩუქე სხვას, რომ მომავალში უფრო მეტს მივიღებდი.

– როგორ თვლი, არის ფულში ბედნიერება?

– (გიორგი ბახუტაშვილი) ბედნიერება და კმაყოფილების შეგრძნება ჩვენშია, როცა ყველა წვრილმანით შეგვიძლია სიამოვნების მიღება.

– გიორგი, როგორ ფიქრობ, სად იქნები 20 წლის შემდეგ?

– (გიორგი კოტორაშვილი) ალბათ ლექტორი ვიქნები და რომელიმე სასწავლებელში წავიკითხავ ლექციებს.

– ზედმეტსახელი თუ გქონდათ ბავშვობაში?

– (გიორგი კოტორაშვილი) ბავშვობაშიც და ახლაც “კოტორას” მეძახდნენ.

– (გიორგი ბახუტაშვილი) მეც გვარიდან წარმოქმნილი ზედმეტსახელი – “ბახუტა” მქონდა, რომელიც დღემდე შემომრჩა.

– ყველაზე დიდი სირთულე, რისი დაძლევაც პროექტის ფარგლებში მოგიხდათ?

– (გიორგი ბახუტაშვილი) ჩემთვის ყველაზე რთული ფეხზე დგომაა.

– (გიორგი კოტორაშვილი) ჩემს შემთხვევაში სირთულეები ნაკლებად, უფრო რისკებია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.