„მწვანე პასპორტის“ შემოღების რისკები და სარგებელი - რამდენად დააჩქარებს ახალი რეგულაცია ვაქცინაციის პროცესს/ „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

დღესაც განსხვავებული ფორმატით გავდივართ ეთერში არ მეყოლება სტუმარი და თქვენთან ერთად გავაგრძელებ იმ თემებზე მსჯელობას, რომელიც ორშაბათს უკვე დავიწყე.

„მწვანე პასპორტის“ შემოღება და გარკვეული რეგულაციები.

როგორც ვნახეთ, მთავრობამ  კონცეფცია შემოგვთავაზა. პრინციპში გარკვეულწილად გაზიარებულია უცხოური მაგალითები. თუმცა სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლაზე მხოლოდ რამდენიმე სფეროს და არა ბევრ მიმართულებას. მოლებში შესვლა შეიძლება „მწვანე პასპორტის“ გარეშე, აფთიაქებში, სურსათის მაღაზიებში და ა.შ.

ძირითადად „მწვანე პასპორტების“ თემა შეეხო გასართობ დაწესებულებებს. როგორიცაა რესტორნები და კაფე-ბარები, მუზეუმები, კინოთეატრები, ოპერა და ა.შ. შესაბამისად მე მაინც მგონია, რომ არასაკმარისი იქნება ეს შეზღუდვა იმისთვის, რომ ამან აცრის მოტივაცია გაზარდოს მოსახლეობაში.

ბიზნესასოციაციამაც განაცხადა, რომ იმედოვნებენ, რომ  „მწვანე პასპორტები“ დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

ისინი მიიჩნევენ, რომ დროულია და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება.
იმედს ვიტოვებ, რომ მაგალითად რეგიონებში ადამიანებისთვის ეს იქნება მოტივაცია.

არ ვიცი ეს რამდენად იქნება მოტივაცია, რომ თუ  რესტორანში და თეატრში ვერ წავლენ, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, აიცრებიან.

ალბათ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იქნება სასურველი, რადგან რაღაც რეგულაციების სანახევროდ გატარება, არ გვაძლევს როგორც წესი სათანადო შედეგს და იწვევს იმ ადამიანების უკმაყოფილებას, ვინც არიან ე.წ. ანტივაქსერები, ან არ სურთ აცრა.

საბოლოო ჯამში მთავრობა იღებს მხოლოდ უკმაყოფილებას და რეალურად შედეგი არ დგება.

პრინციპში ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, რამდენად მოიმატებს აცრების რაოდენობა პირველი დეკემბრიდან, როდესაც „მწვანე პასპორტები“ შემოდის მოქმედებაში და დავაკვირდებით.

ბიზნესი არ იყო წინააღმდეგი, რომ ეს შეზღუდვები დაწესებულიყო და ვნახეთ, რომ ბიზნესმენთა ასოციაცია მიესალმა ამ ნაბიჯს. თუმცა რისკებიც გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში, რადგან არ არის გამორიცხული, იგივე აუცრელი ადამიანების რაოდენობა, რომელიც დააკლდება ამ ბიზნესს და ეს იყოს პირდაპირი ზიანი.

მაგრამ რეალურად ქვეყნის ეკონომიკისთვის ფინანსური პრობლემა გაცილებით მეტია, როდესაც მოსახლეობის ფაქტობრივად 70 % აუცრელია.
ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი მგონია 12-დან 15 წლამდე მოზარდებზე აცრის დაშვება, მხოლოდ „ფაიზერით“, ძალიან ბევრი მშობელი გამოთქვამდა სურვილს, რომ როგორც სხვა ქვეყანაში არის დაშვებული, რომ აქაც დაეშვათ და ქვეყნისთვის მთლიანად იმუნიტეტის გაზრდისთვის ეს კარგი იქნებოდა.

„მწვანე პასპორტებთან“ ერთად მოგეხსენებათ, რომ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი გაიცემა პენსიონერებზე, რომლებიც აიცრებიან.

ესეც ცოტა უსამართლო მგონია, იმიტომ რომ ძალინ ბევრი პენსიონერი ვიცით, რომელიც უკვე აიცრა, პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რომლებიც ერთ-ერთი პირველები აიცრნენ, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საკითხს, სახელმწიფო მათ არაფერს არ სთავაზობს და იმათ, რომელიც აქამდე არ აიცრნენ, სთავაზობენ ფულს იმისთვის, რომ ახლა აიცრან, რაც პრინციპში ცოტა უსამართლოა.

რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც აქამდე პასუხისმგებლიანად მოიქცნენ?

ხანდახან მთავრობას ემართება ხოლმე, რომ ცოტა მისი გადადგმული ნაბიჯები და ეკონომიკური თვალსაზრისითაც კი ცოტა გაუმართლებელია.

თუმცა მთავარი მიზანი და ამოცანაა ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება.

ჩვენ როგორც გითხარით ამას დავაკვირდებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო სწრაფად წავა ეკონომიკური აღდგენის პროცესი.

მაგრამ არ წარმოვიდგინოთ ისე, რომ ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული.

ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაშია შექმნილი. რაც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ, რომ ეს არის ხელოვნური კრიზისი, დადგმული და „ფეიკი“. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი არ აღიარებენ ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში მათ რეალურად წაართვეს გამარჯვება კოალიციურ კანდიდატებს.

შესაბამისად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ხალხმრავალი, მიმდინარეობს პროტესტი, ამაზე წერს დასავლეთიც. ვნახეთ ევროპარლამენტარებისა და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადება.

შესაბამისად ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე, არის ყველა მხარეს, მაგრამ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე.

რადგან მე ხშირად ვიმეორებ, ყველაფერი კარგი და ცუდი, რაც ხდება ქვეყანაში პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება და მან უნდა განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი და ეს შესაძლებელია გარკვეული ადეკვატური ნაბიჯების გადადგმით.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა პირველ რიგში იმიტომ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაზე მეტად უშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

წარმოვიდგინოთ, ინვესტორი ხარ, გინდათ ქვეყანაში შესვლა და ფიქრობთ, ჩადოთ იქ ფული და ყოველ დღე ან ინტერნეტში , ან საინფორმაციო გამოშვებებში, მათ შორის საერთაშორისო არხებზე, ნახავთ, რომ საქართველოში არის დაძაბულობა და პოლიცია მუდმივად ვიღაცას აკავებს და მუდმივად არის აქციები.

მესამე პრეზიდენტი გადაჰყავთ საპატიმროში, სადაც გადაყვანის სურვილი მას არ ჰქონდა და სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქ არ უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერს უყურებს ინვესტორი. როგორ გაუჩნდება მას სურვილი, რომ ამ ყველაფერში ფული ჩადოს.

ამ ყველაფერს უნდა მიაქციოს საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება.

ის, რომ ორშაბათს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა მხოლოდ საქმეზე ვისაუბრებთ, მინისტრებს დავავალეო. მხოლოდ ასეთი განცხადებები ქვეყნის ეკონომიკას ვერ შველის.
ოპტიმიზმის დათესვა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქვეყნის კარგი სახით წარმოჩინება, მხოლოდ განცხადებებით როგორც ვიცით, არ ხდება.
ამას სჭირდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის.

ამაზე ვერავინ შეგვედავება, რომ პოლიტიკური კრიზისი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

ბოლოსკენ მინდა შევეხო ერთ საინტერესო თემას.

რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი, ბიზნესი დაინტერესდა წალენჯიხით. როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანი მანამდე ნამყოფიც არ იყო წალენჯიხაში.
ადგილობრივ არჩევნებში ერთადერთ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა ოპოზიციამ.

მამუკა ხაზარაძემ, (რომელიც ქართველი ხალხის წარმოდგენაში უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ჯერ კიდევ მისი აღქმა ასე ხდება) ასევე ცეზარ ჩოჩელმა და თემურ ჭყონიამ განაცხადეს, რომ მზად არიან წალენჯიხაში შექმნან გარკვეული მოდელი, თუ როგორ მუშაობს ოპოზიციური მუნიციპალიტეტში ბიზნესი.
ეს არის საინტერესო პრეცედენტი. აქამდე საქართველოში ასეთი ისტორია არ გვქონია.

როგორც წესი, ბიზნესი ერიდება ხოლმე პოლიტიკურ რისკს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

ალბათ მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებები, თუ რა მიმართულებით ჩადებენ ფულს და რამდენად მისცემენ ისინი მაგალითს სხვა ბიზნესმენებსაც.

ზოგადად თვითმმართველობა და ეკონომიკური გაძლიერება დამოკიდებულია მაღალ კონკურენციაზე.
წარმოვიდგინოთ, რომ რაიონის მერი ეჯიბრებოდეს მეორე რაიონის მერს არა იმიტომ, ვინ უფრო მეტ მხარდამჭერს მიიყვანს აქციაზე.
არამედ ვინ უფრო მეტ ინვესტიციას მიიზიდავს საკუთარ ქალაქში თუ რაიონში და ვინ მეტ ადამიანს დაასაქმებს.

ამაში რომ ეჯიბრებოდნენ, ქვეყანა უფრო წინ წავიდოდა და რეგიონების განვითარების გზა ამაშიც არის.