,,მთელი გულით მინდა მივულოცო წარმატება ჯერ მარიამს, მერე მესტიას და მთელ საქართველოს" - გიორგი ოვაშვილი და მარიამ ხაჭვანი ,,სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის" დეტალებით ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

5 ოქტომბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” რეჟისორები გიორგი ოვაშვილი და მარიამ ხაჭვანი სტუმრობდნენ, რომელთაც ,,სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე” ისაუბრეს.

– მარიამ, თქვენ ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ბრძანდებით. რამდენად რთული იყო მსგავსი ღონისძიების ორგანიზება, მით უფრო მესტიაში?

– ფესტივალის დაფუძნების იდეა ხუთი წლის წინ გამიჩნდა. მართალია, გლობალური პანდემიის ფონზე უამრავი სირთულის დაძლევა მოგვიხდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ. პირველი ფესტივალი ნაკლებად მასშტაბური გამოვიდა, თუმცა მთავარი დაწყება იყო. იმედი მაქვს,  ფესტივალი სწრაფად განვითარდება, გაფართოვდება და მომავალ წელს ბევრად მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონია

– როგორია ფესტივალის პროგრამა?

– საკონკურსო პროგრამამ 20 უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაერთიანა, რომელთა შორის მხოლოდ ორია ქართული, დანარჩენი კი, უცხოური. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური შეარჩევს პაოლო ბერტოლინის ხელმძღვანელობით. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ფიჩინგ-ფორუმიც 12 სრულმეტრაჟიანი პროექტის მონაწილეობით, რომელთაც ჟიური შეაფასებს გიორგი ოვაშვილის, რუსუდან ჭყონიას და სხვათა შემადგენლობით.

– გიორგი, რამდენად რთულია ჟიურის წევრობა, როცა მეგობრების ნამუშევრების შეფასება გიწევს?

– პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ფესტივალის მნიშვნელოვნება. ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ, თუმცა არც დახმარება გვაწყენდა, ამიტომ კოლეგებს გაერთიანებისა და ჩვენი წამოწყების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ. დაუფიქრებლად მივიღე მარიამის შეთავაზება ჟიურის წევრობაზე, რადგან ვიცოდი რამდენად რთული იყო მისთვის ამგვარი ფესტივალის მოწყობა. ყოველთვის რთულია ფესტივალის დაფუძნება, ამიტომ მთელი გულით მინდა მივულოცო წარმატება ჯერ მარიამს, მერე მესტიას და მთელ საქართველოს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ჟიურის წევრობა, რადგან ყოველთვის ვიღაცის ბედს წყვეტ და გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. ვფიქრობ, მთავარი ობიექტურობის შენარჩუნებაა და მნიშვნელობა არ აქვს ვის ნამუშევარს აფასებ.

– როგორც ვიცი, ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასების ჩატარებასაც გეგმავთ,

– მარიამის თხოვნით მართლაც მოვაწყობ რამდენიმე შეხვედრას ახალგაზრდებთან და მაქსიმალურად შევეცდები გადავცე საკუთარი გამოცდილება.

– მარიამ, ვინ იზრუნა ფესტივალის პრიზის შექმნაზე?

– დიდხანს ვფიქრობდი ფესტივალის ლოგოზე და საბოლოოდ ქალღმერთი დალი შევარჩიე, პროზებიც მთის თემას მივუძღვენი, პირველი პრემია დალის და ჯიხვის გამოსახულებით იქნება, მეორე – მხოლოდ ჯიხვის, მესამეზე კი – არწივი იქნება გამოსახული.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, როდის ვიხილავთ თქვენს ახალ ნამუშევარს?

– (მარიამ ხაჭვანი) ახალი პროექტი კინოცენტრში გვაქვს შეტანილი, იმედი მაქვს მხარდაჭერას მივიღებთ და მალე მუშაობასაც შევუდგებით.

– (გიორგი ოვაშვილი) ჩვენ ახლა ვასრულებთ სამწლიან მუშაობას დრამაზე “მშვენიერი ელენე”, რომელიც ახალგაზრდა ქართველი ქალის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს. სხვათა შორის, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე, რადგან პირველად მივმართე ქალების თემას და მე მგონი წარმატებით გავართვი თავი. მართალია, მწირი დაფინანსების ფონზე უამრავი სირთულის დაძლევა მოგვიხდა, მაგრამ მაინც შევძელით დაწყებულის ბოლომდე მიყვანა.