,,მან აქცია ფესტივალი ნამდვილ დღესასწაულად" - ,,ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს გაიმართება

გადაცემის ლაივი LIVE

2 ნოემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ბათუმი-თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების” დირექტორი ნინა ცაგარელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი სტუმრობდნენ, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის მოწყობილ მასტერკლასსა და ზოგადად ფესტივალზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნინა, რამდენად კმაყოფილი ხართ ბავშვებისთვის მოწყობილი მასტერკლასით?

– ალბათ იცით, რომ “მშობელთა ხიდის” კავშირის ბენეფიციარებს – შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ვსტუმრობდით. საოცრად ემოციური შეხვედრა გვქონდა, რისთვისაც პირველ რიგში კულტურის სამინისტროს მინდა გადავუხადო მადლობა. სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი მსგავსი მასტერკლასის მოწყობა, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება.

– ბატონო ვახტანგ, თქვენ როგორ შეაფასებთ ბავშვების მუსიკალურ მონაცემებს?

– ერთდროულად აღფრთოვანებულიც ვარ და გაკვირვებულიც. ალოიზ მიზანდარის ხელოვნების სკოლაში მართლაც არაჩვეულებრივი ახალგაზრდები იზრდებიან გელა ფანჩუკიძის ხელმძღვანელობით. სწორედ ბატონმა გელამ წარმოგვიდგინა არაჩვეულებრივი გუნდი, სასიამოვნო სიურპრიზად კი, ბიჭუნების ანსამბლის გამოსვლა იქცა, როცა თითოეულმა სოლო შეასრულა. რა თქმა უნდა, ხუთივე ბრწყინვალედ მღეროდა, მაგრამ სამს მართლაც უნიკალური მონაცემები აღმოაჩნდა. იმედი მაქვს, სამომავლოდ სწორ გზას აირჩევენ, კარგ პედაგოგებთან მოემზადებიან და სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ტალანტის გამოვლენას. აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვა იმ არაჩვეულებრივ, საოცრად ჰუმანურ გარემოს, რომელიც სკოლაშია შექმნილი. მიხარია, რომ მცირე წვლილი მეც შევიტანე მათ მუსიკალურ განათლებაში, მით უფრო, რომ ყველა რჩევა დაუყოვნებლივ გაითვალისწინეს.

– ისეთ გრანდიოზულ ფესტივალებზე, როგორიც “ღამის სერენადებია”, ყოველთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება დირიჟორს, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული  ორკესტრის მუშაობა,

– როგორც ჩემი მეგობარი, უდიდესი მაესტრო იური ტემერკანოვი იტყოდა, “თუ დირიჟორს არ აქვს შამანური თვისებები, შეუძლია სახლში წავიდეს”. “შამანობა” ამ შემთხვევაში “მუსიკალურ ჯადოქრობას” გულისხმობს, რომლის მთავარი შემოქმედი ქალბატონი ლიანა ისაკაძეა, რადგან სწორედ მან აქცია ფესტივალი ნამდვილ დღესასწაულად.

– (ნინა ცაგარელი) სხვათა შორის, წელს ლიანა ისაკაძეს და ვახტანგ მაჭავარიანი იუბილარები არიან ქალბატონ ლიანას 75 წელი, ბატონ ვახტანგს კი – 70 წელი შეუსრულდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ორივეს მთელი გულით მივულოცო იუბილე და ვუსურვო წარმატებები.

– ქალბატონო ნინა, “ღამის სერენადები” ყოველთვის ანებივრებდა მელომანებს პრემიერებით. საინტერესოა წელს რას შესთავაზებთ მუსიკის მოყვარულებს?

– გიორგი ისაკაძის ინიციატივით, ბოლო წლებში ქართველი კომპოზიტორები სწორედ ფესტივალისთვის ქმნიან ახალ ნაწარმოებებს. წელს ვახტანგ მაჭავარიანი და სანდრო ნებიერიძე შესთავაზებენ პუბლიკას საკუთარ ნამუშევრებს. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ რაჭველმა უკვე წარმოადგინა თავისი ნაწარმოები, რომელიც პანდემიის დროს შექმნა და იტალიელებს მიუძღვნა.

– (ვახტანგ მაჭავარიანი) სიხარულით გამოვეხმაურე ბატონი გიორგის ინიციატივას, რადგან მართლაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართველი კომპოზიტორების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია, მით უფრო, რომ ფესტივალის ფარგლებში მართლაც საოცარი კომპოზიტორების – ვაჟა აზარაშვილის, სოსო ბარდანაშვილის და სხვათა მუსიკა გაჟღერდა. ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს წელსაც. ალბათ იცით, რომ 2020 წელი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საიუბილეო წელი იყო, თუმცა გრანდიოზული ღონისძიებები, რომლისთვისაც მთელი მსოფლიო ემზადებოდა, პანდემიამ ჩაშალა. უდიდეს კომპოზიტორს მივუძღვენი მეც საკუთარი ნაწარმოები “მიძღვნა ლუიდვიგ ვან ბის”, რომელშიც მისი ცხრავე სიმფონიის თემა გავაერთიანე. აღსანიშნავია, რომ ისევ “ღამის სერენადების” ფარგლებში, საქართველოში პირველად შესრულდება მოცარტის კლარნეტის კონცერტი ალბან ბერგის ორკესტრის და კლარნეტისტის საბინე გროფმაიერის მიერ.

– ქალბატონო ნინა, სად გაიმართება ფესტივალის დასკვნითი კონცერტი?

– სწორედ დასკვნითი კონცერტის მოწყობა იქცა ყველაზე დიდ პრობლემად, რადგან შეზღუდვებისა და რეგულაციების ფონზე ყველა დარბაზი დაკავებული აღმოჩნდა. საბოლოოდ კონცერტის მოწყობა 21 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში  გადაწყდა.

– ბატონო ვახტანგ, რას ნიშნავს თქვენთვის მსმენელი?

– მუსიკისთვის აუცილებელია პუბლიკისა და შემსრულებლის ენერგიის მუდმივი გაცვლა, რადგან მსმენელი ერთის მხრივ, დამატებითი პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ, შემოქმედების შეფასებაა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ჯილდო მუსიკოსისთვის აპლოდისმენტები და პუბლიკის აღიარებაა. რა თქმა უნდა, ქართველი მსმენელი ყოველთვის აფასებდა კლასიკურ მუსიკას, მაგრამ კარგი იქნება თუ ინფორმირებულობა უფრო გაიზრდება.