,,მამას სიმღერებიდან ძალიან მიყვარს "მზე და შოკოლადები", თუმცა ბევრად ახლოსაა დედის შემოქმედება" - სტეფანე და სტეფანია ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

19 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა შვილთან სტეფანიასთან ერთად, რომელთაც ერთმანეთთან ურთიერთობაზე, მუსიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

– სტეფანე, იშვიათად თანხმდები შვილის საჯაროდ წარდგენას, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს სწორედ მასთან ერთად გვეწვიე,

– გეთანხმებით, მე და მაია ბავშვობიდან ვცდილობთ შევინაჩუნოთ სტეფანიას პირადი სივრცე. ძალიან მიყვარს თქვენი რადიო, დიდი ხანია ვმეგობრობთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სტეფანიას მოყვანა. დიდი მადლობა, რომ ჩვენით ინტერესდებით და გვიწვევთ სტუმრად.

– სტეფანია, როგორი მამაა სტეფანე?

– ძალიან კარგი მამა და საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ყოველთვის ბოლომდე ვენდობი.

– როგორც ვიცი, შენს მეგობრებს ძალიან უყვართ თქვენთან სტუმრობა და სტეფანესთან საუბარი,

– ჩემს მეგობრებს მართლა ძალიან უყვართ მამა და მის სიმღერებსაც ხშირად უსმენენ.

– სტეფანე, არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყვე შვილს, როცა საზღვარგარეთ გადაუხადე დაბადების დღეს,

– არაჩვეულებრივი დრო იყო, თუმცა მერე პანდემია დაიწყო და საერთოდ ვერსად ვეღარ წავედით. იმედია მალე გაუქმდება შეზღუდვები და ისევ შევძლებთ მოგზაურობას.

– სტეფანე, როგორ დაახასიათებ სტეფანიას?

– არ მიყვარს სტეფანიას ქება. ყველა მშობელს უყვარს საკუთარი შვილი და ჰგონია, რომ განსაკუთრებულია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტეფანია ძალიან კეთილი, ჰუმანური ადამიანია და სწორი ფასეულობებით ცხოვრობს, რაც ძალიან მახარებს.

– სტეფანია, რამდენად ხშირად ესწრებოდი მამის კონცერტებს?

– ყოველთვის სიამოვნებით ვესწრები, როცა ვახერხებ და დრო მაქვს.

– სტეფანე, კონცერტების დროს ხშირად უხდი მადლობას პუბლიკას, რისთვის ემადლიერები პუბლიკას პირველ რიგში?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის მადლობელი ვარ მათი, ვინც უამრავი პრობლემის მიუხედავად, მაინც შეძლო ჩემს კონცერტზე მოსვლა. სამწუხაროდ, ცხოვრება ყოველდღე რთულდება, ამიტომ ძალიან დასაფასებელია, მელომანების ასეთი ერთგულება.

– ორი ათწლეულია ანებივრებ მსმენელს შენი სიმღერებით. როგორ მოახერხე პოპულარობის შენარჩუნება?

– სიმართლე ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი, რამდენად აქტუალური ვარ დღეს. ზოგადად, ძალიან მარტივია პოპულარობის მოპოვება, ბევრად რთულია, რეიტინგის შენარჩუნება. ყოველთვის ძალიან ბევრს ვფიქრობ და ძალიან ვნერვიულობ ახალ სიმღერაზე მუშაობისას, რადგან არ ვიცი, როგორ მიიღებს პუბლიკა.

– რამდენად რთულია კარგი სიმღერის დაწერა?

– ძალიან რთულია, რადგან ყოველთვის შესაბამისი ემოციაა საჭირო. ახლა ძალიან დაცლილი ვარ, ამიტომ ახალ სივრცეს ვეძებ, სადაც ჩავიკეტები და ახალ ალბომზე დავიწყებ მუშაობას.

– სტეფანია, არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები გაქვს, რას ნიშნავს სიმღერა შენთვის?

– ძალიან მიყვარს სიმღერა, თუმცა მხოლოდ გატაცებაა და არასდროს გახდება პროფესია. მშობლებისგან ვიცი, რომ მუსიკოსობა რთული და მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომ მხოლოდ გასართობად ვმღერი.

– (სტეფანე) იყო მომღერალი ნიშნავს – ნებით გაწირო საკუთარი თავი ტანჯვისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვურჩევთ, საბოლოო არჩევანს კი, სტეფანია თვითონ გააკეთებს, მაგრამ მუსიკოსობა მაინც უმძიმეს პროფესიად მეჩვენება, რადგან მარტო მომღერლობა საკმარისი აღარაა. ახლა პროდიუსერიც თვითონ უნდა იყო, სიმღერებსაც თვითონ ქმნიდე და ყველა პრობლემის მოგვარებაზე თავად იზრუნო. ამასთანავე, შოუბიზნესში კონკურენციაც ძალიან “სპეციფიურია”, ყოველთვის შეიძლება მიიღო ზურგში დანა და იმან გაგწიროს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდი, ამიტომ პიროვნებაც ძალიან ძლიერი უნდა იყო, რათა ყველა სიმძიმეს გაუძლო.

– სტეფანია, მამის რა თვისება მოგწონს ყველაზე მეტად?

– მომწონს, რომ ძალიან სწრაფად ივიწყებს წყენას.

– სტეფანე, რამდენად ხშირად უბრაზდები სტეფანიას?

– რა თქმა უნდა, მშობელი ვარ და ხშირად ვაძლევ შენიშვნას. მართალია, გადამეტებული სიმკაცრე არ ვარგა, მაგრამ სწორედ იმისთვისაა მშობელი, რომ შვილს რჩევა და სწორი მიმართულება მისცეს. სხვათა შორის, თვითონაც ხშირად მაძლევს სწორ შენიშვნებს, რომელთაც აუცილებლად ვითვალისწინებ.

– სტეფანია, რა თვისება მოგწონს ადამიანში?

– ასე კონკრეტულად არ ვიცი, ადამიანს თუ შევხედე და მომეწონა, მერე არასდროს აღარ შევიცვლი წარმოდგენას.

– (სტეფანე) მიხარია, რომ სტეფანია არასდროს აქცევს ყურადღებას ადამიანის ჩაცმულობას ან მის გარეგნობას, რადგან მისთვის უმთავრესი ადამიანის ხასიათი და მისი ფასეულობებია.

– სტეფანე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებამ გასწავლა?

– მთავარია, იცხოვრო და ისიამოვნო დღევანდელი დღით.

– სტეფანია, გაქვს თუ არა საყვარელი გამოთქმა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავ?

– მასწავლებლის ფრაზა მახსენდება ხშირად, რომელმაც მითხრა, “ისე იცხოვრე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობსო!”

– სტეფანე, რა იყო ყველაზე რთული შენს ცხოვრებაში?

– უამრავი სირთულე გამოვიარე. სერიოზული ფინანსური პრობლემები მქონდა, ამასთანავე,  ძალიან მძიმედ გადავიტანე ძვირფასი ადამიანების გარდაცვალება. თუმცა, ნათქვამია, “რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებსო” და ალბათ, მეც გამოვიმუშავე გარკვეული იმუნიტეტი.

– სტეფანია, შენ როგორ ერევი პრობლემებს?

– მეგობრებთან ნაკლებად გახსნილი ვარ, უფრო მშობლებთან მიყვარს გულწრფელობა, ამიტომ ჩემს პრობლემებზეც მეტწილად მათთან ვსაუბრობ.

– ვერც შენ დააღწიე თავი კორონა ვირუსს და ამ ზაფხულს იავადმყოფე,

– საბედნიეროდ, ძალიან მარტივად გადავიტანე, თუმცა მშობლები იქცეოდნენ ძალიან სასაცილოდ. სრულად ეკიპირებული მიდგამდნენ საჭმელს კართან, წყლის ბოთლებს კი, რამდენიმე მეტრის დისტანციიდან მიგორებდნენ ღია კარში.

– საყვარელი კერძი თუ გაქვს?

– ძალიან მიყვარს თევზი, თუმცა იშვიათად ვჭამ, რადგან ალერგია მაქვს. მომწონს იაპონური სამზარეულო და სუში.

– რომელ სიმღერას გამოყოფდი მშობლების რეპერტუარიდან?

– მამას სიმღერებიდან ძალიან მიყვარს “მზე და შოკოლადები”, თუმცა ბევრად ახლოსაა დედის შემოქმედება.

– სტეფანე, მაიასთან დუეტის შესრულებისას სტეფანია თუ გამოგიყვანიათ სცენაზე?

– არასდროს უმღერია, თუმცა ისე, ბევრჯერ გამოსულა.

– სტეფანია, მამა ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულია. შენ რამდენად ჰგავხარ სტეფანეს?

– მე ნაკლებად მოწესრიგებული ვარ, თუმცა ჩემს ოთახს ყოველთვის ვალაგებ.

– (სტეფანე) სტეფანიას დროის შეგრძნება აქვს დაკარგული. ყოველთვის ჰგონია, რომ ბევრი დრო აქვს, ამიტომ ხშირად სჭირდება შეძახება და აჩქარება.

– სტეფანე, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ახლა “ნიჭიერის” მორიგი სეზონისთვის ვემზადებით. მართლა საოცარი შოუ იქნება, რადგან არაჩვეულებრივი კონკურსანტები გვეყოლება. მაყურებელს კი, გულიანად გართობას ვპირდებით, რაც პანდემიის პერიოდში ასე ძალიან დაგვაკლდა.