კანონს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები – იურისტის რჩევები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის

უმძიმესმა ტრაგედიამ გალში, რა დროსაც ენგურზე გადმოსვლისას ოთხი მოქალაქე დაიღუპა, გადაგვაწყვეტინა, ამჯერად გადაცემა არა საყოფაცხოვრებო იურიდიული ქეისებისა და პრობლემებისთვის, არამედ ოკუპაციის შესახებ კანონისთვის დაგვთმო, გაგვეგო, სამართლებრივად რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს, რა უნდა გააკეთონ, როცა ასეთ უკანონობას ეჯახებიან, ენგურის ხიდზე ვერ გადმოდიან და შემდეგ უწევთ შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა. ამ თემებზე გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” ადვოკატ ნონა ფილაურს ვესაუბრეთ.

– არსებობს თუ არა სამართლებრივი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად ისე დარეგულირდეს ვითარება, ადამიანებს მდინარის გადმოცურვა არ უწევდეთ და შემდეგ ასეთ მძიმე ფაქტებს არ ვიღებდეთ?

– მარტივად, რომ გითხრათ, კანონი ოკუპაციის შესახებ ძალიან მშრალია. ის სულ რაღაც 10 პუნქტს მოიცავს. იქ დაკონკრეტებულია, რომ შეზღუდულია გადაადგილება, ასევე ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა სახელმწიფოს მეშვეობით შედგეს კომუნიკაცია. კონკრეტულად ადამიანებს, რომლებიც ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, კანონი საერთოდ არაფერს გვეუბნება. არადა, ამ ადამიანებს ნათესავები ჰყავთ აქ . ისინი კანონის მიღმა არიან დარჩენილები. ერთადერთი ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთში გორის მუნიციპალიტეტის ნებართვით ხდება შესვლა, აფხაზეთში კი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის.

– ანუ სამართლებრივად ამ ადამიანებს არაფრის უფლება აქვთ?

– დიახ, კანონის მიღმა არიან დარჩენილები. 2008 წლის ომის შემდეგ, გვახსოვს, რომ რუსეთთან არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთადერთი შვეიცარიის საელჩოში სექცია, რომელიც იცავს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესს. ახლა უნდა წამოიწიოს ამ თემამ, რომ ეს ადამიანები კანონის მიღმა დარჩნენ, სწორედ ამ ფორმატში უნდა განიხილონ. ეს , ჩემი აზრით, რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს

– რუსეთის ინტერესებში რატომ უნდა შედიოდეს ეს საკითხი?

– ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანები მაინც გადმოდიან. ენგურის ხიდი ახლაა ჩაკეტილი, მაგრამ ზოგადად, უშვებენ ხოლმე. ანუ რუსეთი იძულებულია, მოქალაქეები მაინც გამოუშვას, რთულად, მაგრამ მაინც უწევს, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც უწევს გადმოსვლა, შესაბამისად, ამ მომენტის გამოყენება იქნებოდა ეფექტიანი, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ამ სექციამ და დაიხმაროს შვეიცარიის საელჩო. უბრალოდ , ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მიმართ არ არის ინტერესი. მე ვერ გავიგებ, მთავრობის პოზიციას, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი და ამაზე ხმა არ ამოვიღოთ, ეს არ არის ასე.

– ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ასე რთულადაა საქმე, მაინც გკითხავთ, როგორც იურისტმა, რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ ჩვენს მსმენელებს, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნათესავები, ახლობლები ჰყავთ?

– სამწუხაროდ,როგორც გითხარით, ამის შესახებ, არანაირი ჩანაწერი არ არის კანონში. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს გავლის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არ შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, ამაზე არაფერს გვეუბნება კანონი. რუსეთი კანონს ისედაც არღვევს ყოველ წუთს. რადგან კანონი მაინც დარღვეულია და ამ პირობებში ვცხოვრობთ, უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომ ეს დარეგულირდეს. ეს კი შვეიცარიის საელჩოს ამ კონკრეტული სექციის დახმარებით უნდა მოხდეს.