,,იცეკვე და გამოიძახე ბედნიერება!" - ახალი პროექტი, რომელიც ადამიანებს ნეგატივისგან გათავისუფლებასა და პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება

გადაცემის ლაივი LIVE

26 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”  ახალი პროექტის ,,დასი” ავტორი ლიკა მენაღარიშვილი და თანაავტორი, ,,სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე,  სტუდია ,,თედასის” დამფუძნებელი თეა დარჩია სტუმრობდნენ, რომელთაც ერთობლივ წამოწყებაზე ისაუბრეს.

– ლიკა, რას წარმოადგენს ახალი პროექტი?

– “დასი” – ვებგვერდია, რომლის წყალობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს ცეკვა პროფესიონალი მოცეკვავეებთან ერთად. ამ ეტაპზე პლატფორმა თეა დარჩიას და სალომე ჭაჭუას ცეკვის გაკვეთილებს აერთიანებს, ახლო მომავალში კი, ქეთი ხატიაშვილიც შემოგვიერთდება. მსურველებს ქართული, ლათინო-ამერიკული ცეკვების და ჰიპ-ჰოპის შესწავლა შეუძლიათ.

– თეა, რატომ დაინტერესდით ლიკას წამოწყებით?

– “დასი” ლოგიკური გაგრძელებაა იმ საქმისა, რომელიც პანდემიის დროს დავიწყე, თუმცა ახალი პროექტი ბევრად უფრო პროფესიონალური, კომფორტული და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. “დასი” ერთადერთი ქართული პროექტია, რომელიც ყველა სტილის ცეკვას სთავაზობს მსურველებს პროფესიონალი მოცეკვავეების ხელმძღვანელობით. ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ გაკვეთილები ძალიან იაფი – თვეში სულ რაღაც 25 ლარი ღირს. ბევრმა შესაძლოა არ იცის, მაგრამ ცეკვა სტრესის, დეპრესიის და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების საუკეთესო წამალია. ჩვენი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ადამიანებს ნეგატივისგან გათავისუფლებასა და პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება, რადგან ვერ აცეკვდები თუ ბედნიერება არ გამოიძახე.

– ძალიან საინტერესო სლოგანია “იცეკვე და გამოიძახე ბედნიერება!” რა უნდა ვქნათ, თუ ცეკვის განწყობა არ გვაქვს?

– ყოველთვის საკუთარ თავს უნდა დააძალო. სასოწარკვეთას და დეპრესიას ადამიანების ჩათრევა ახასიათებს, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ნეგატიურ ემოციებს.

– როგორ ახერხებთ ყოველთვის ფანტასტიკური ფორმის შენარჩუნებას?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მარტო ვცეკვავ.

– რა დროს უთმობთ ცეკვას?

– დღეში სამი ჯგუფი მყავს, თითო გაკვეთილი 90 წუთი გრძელდება. თუმცა, იმდენად ვივსები პოზიტიური ენერგიით, რომ მთელი დღე მყოფნის. დიდი ხანია მინდა გავაერთიანო ცეკვის მოყვარული, ბედნიერებას მოწყურებული ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სწორედ “დასია” ამის საუკეთესო საშუალება. ამასთანავე, ჩვენი პროექტი ქართული კულტურის საუკეთესო რეკლამაა, რადგან სწორედ ცეკვა და სიმღერა წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ.

– ლიკა, რა შეფასება დაიმსახურა პროექტმა?

– “დასმა” მხოლოდ სამი კვირის წინ აიღო სტარტი, თუმცა უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასება. განსაკუთრებული პოპულარობით თეას გაკვეთილები სარგებლობს, რაც არცაა გასაკვირი. მართალია, ყველა გაკვეთილი წინასწარ იწერება, მაგრამ საოცარი დრაივისა და ატმოსფეროს წყალობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სარეპეტიციო დარბაზში ხარ. ამასთანავე, “დასის” საიტი ყველა იმ ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც ნებისმიერს გაუადვილებს ცეკვის სწავლას.

– თეა, როდისაა საუკეთესო დრო ცეკვისთვის?

– რა თქმა უნდა, ადრიან დილას არ ღირს ორგანიზმის გადატვირთვა, უმჯობესია გამოფხიზლების საშუალება მივცეთ, დღის მეორე ნახევარში კი, ცეკვაც შეიძლება და ვარჯიშიც.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ძალიან გვინდა რომ ყველაფერი ღირებული, რაც ქართველებს გვაქვს, მათ შორის ცეკვა, სიმღერა და გალობა ამ პლატფორმაზე გავაერთიანოთ. ამასთანავე, ძალიან მალე “დასი” სამენოვანი და შესაბამისად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.