,,გამომძიებელი, რომელიც ძალადობის მსხვერპლს ეკონტაქტება, ხშირად მოუმზადებელია" - ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში"

მოზარდებზე ძალადობა, მათი თვითმკვლელობამდე მიყვანა, მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ჩვილის გარდაცვალების ფაქტი – ასეთი მძიმე და ტრაგიკული შემთხვევები საქართველოში, სამწუხაროდ, ლამის ყოველკვირეულად გვესმის. ამიტომ დღევანდელი გადაცემა ბავშვთა უფლებებს ეხება. ჩვენს კითხვებს იურისტი ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” გვპასუხობს.

– რა ტიპის პრობლემები გვხვდება, როცა ბავშვთა უფლებების დარღვევებზე ვსაუბრობთ?

–უნდა დავაზუსტოთ პირველ რიგში, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა ეს არ არის სახელმწიფოს არჩევანი, ეს არის მისი ვალდებულება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტიპის პრობლემა. ერთი – კანონმდებლობაში ხარვეზებია. ყველაზე მეტი პრობლემა კი პრაქტიკაშია. მხოლოდ კანონში რაღაც ჩავწერეთ და ის ადამიანებს დაიცავს – ეს არასწორია. კანონებს სჭირდება აღსრულება. აღსრულების ინსტიტუციები კი ხშირად გამოწვევების წინაშე არიან. მათ არ აქვთ არც მგრძნობელობა, არც ცოდნა. ხშირია, როცა გამომძიებელი, რომელიც შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდს ეკონტაქტება, ის ამისთვის მოუმზადებელია. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დასწრებაც. სამწუხაროდ, საქართველოში სათანადოდ არ არის აღქმული ფსიქოლოგის მნიშვნელობა.

– ერთ–ერთი პრობლემაა სოციალური მუშაკების რაოდენობა – რატომ არ არის შესაბამისი რაოდენობის პირი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს?

– ამისთვის უნდა იყოს პირველ რიგში ნება. საზოგადოებამაც მუდმივად უნდა მოითხოვოს სახელმწიფოსგან საქმის კეთება ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი უნდა მოითხოვდეს ამას. პოლიტიკური ნების ფორმირება ამის გარეშე არ ხდება. როგორც წესი, ადამიანის უფლებების დაცვის ისტორია მუდმივი ბრძოლის ისტორია. შეიძლება ამ ბრძოლის შედეგი 10 წლის მერე დაინახო.

– მიუხედავად ამდენი პრობლემისა ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით, რატომ არ არის ეს საკითხი უფრო პრიორიტეტული?

– იმდენი პრობლემაა, რომ რთულია. რეალობაა ისიც, რომ ქვეყანაში არიან თანამდებობის პირები, რომლებიც კანონს უნდა ასრულებდნენ და ამის აღსრულებას უზრუნველყოფდნენ, აღმოჩნდა, რომ პერსონალური კონფლიქტის დროს კანონს კი არ მიმართავენ, პერსონალურად აგვარებენ ყველაფერს. ეს არის დამანგრეველი მენტალობა. ამ მენტალობისგან სანამ არ გავთავისუფლდებით, მანამდე იქნება პრობლემები.