,,ძალიან მომეწონა ,,წინანდლის ფესტივალში" მონაწილეობა, სწორედ იქ დავუკარი ჩემი ნაწარმოებები სანდრო ნებიერიძესთან და ლიზა ბათიაშვილთან ერთად" - ცოტნე ზედგენიძე ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

12 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” პატარა მუსიკოსი ცოტნე ზედგენიძე სტუმრობდა ბებიასთან, ქალბატონ ნინო მამრაძესთან ერთად. სტუმრებმა ცოტნეს შემოქმედებით წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნინო, სწორედ თქვენ ხართ ცოტნეს პირველი და ერთადერთი მასწავლებელი,

– დიახ, ცოტნეს ადრეული ასაკიდან ვამეცადინებდი, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტ ცნობილ პიანისტს შეხვდა და გაიცნო, უამრავს სწავლობს მათგან და სწორედ ასე ცდილობს გამოცდილების გამდიდრებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, თეონა ჯორბენაძეს, რომელმაც საკუთარი ფონდიდან დააფინანსა ცოტნეს პირველი კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ნიკოლოზ რაჭველს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ქართული კლასიკური მუსიკა.  აუცილებლად მინდა აღვნიშნო დათო საყვარელიძის და გიორგი რამიშვილის ინიციატივა – წინანდლის ფესტივალი თავისი არაჩვეულებრივი გარემოთი, რომელიც მართლაც საოცარი  ადგილია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

– რამდენადაც ვიცი, ცოტნეს შემოქმედებით თავად დანიელ ბარენბოიმი აღფრთოვანდა?

– ერთმანეთი ლიზა ბათიაშვილმა გააცნო, მაესტრომ თავად გამოთქვა ცოტნეს მუსიკალურ აღზრდაში მონაწილეობის მიღების სურვილი. სხვათა შორის, ლიზას ფონდი უამრავ ახალგაზრდას ამოუდგა მხარში, ჩვენც ძალიან ვემადლიერებით, რადგან მართლაც გულწრფელად ცდილობს ნიჭიერი ბავშვების და მოზარდების დახმარებას. ვფიქრობ, ქართველები ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკოსები და ბრწყინვალე ადამიანები გვყავს, ვისთვისაც მუსიკა არა პროფესია, არამედ ცხოვრების ნაწილია.

– ცოტნე, როდის გაგიტაცა მუსიკამ?

– მე მგონი დაბადებიდან ვუსმენ მუსიკას. ბებია სახლში ამეცადინებდა კონსერვატორიის სტუდენტებს და მეც სულ მათთან ვიყავი. პირველად 5 წლის ასაკში დავუკარი, რა თქმა უნდა, პირველი გაკვეთილი ბებიამ ჩამიტარა, 8 წლისამ მანამდე უცნობი კომპოზიტორები გავიცანი, მათი ოპერები მოვისმინე და ძალიან მომინდა ახალი ნაწარმოებების დაკვრა. მოგვიანებით, ქალბატონმა ელისო ვირსალაძემ მომისმინა, მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მომეწყო კონცერტი და პროგრამაც შემირჩია. სადებიუტო კონცერტი 2019 წლის 14 ივნისს მოვაწყვე, სწორედ იმ გამოსვლას დაესწრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი დაკრული და მალე ყველას გააცნო ჩემი თავი. ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა ნიკოლოზთან ერთად მუშაობის და შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტი დაკვრის საშუალება. მოგვიანებით პაატა ბურჭულაძის და თეონა ჯორბენაძის ფონდის “იავნანას” ორგანიზებით გაკეთდა კიდევ ერთი კონცერტი, მერე კი, პანდემია დაიწყო და მასშტაბური კონცერტების მოწყობა შეუძლებელი გახდა. სამაგიეროდ ლიზა ბათიაშვილი გავიცანი, რომელმაც დანიელ ბარენბოიმოსთან წარმადგინა მან კი, გერმანიაში დაგვპატიჟა. პირველად ვიმოგზაურე უცხოეთში და ძალიან მომეწონა ბერლინი.

– როგორ შექმენი კომპოზიცია, რომელიც დედას მიუძღვენი?

–  პირველი კონცერტი დედას  მივუძღვენი, მოგვიანებით დაწერილი კაპრიჩიო კი, ესპანელ მხატვარს ფრანსისკო გოიას მიეძღვნა. ძალიან ბევრი კომპოზიცია შევქმენი, მათ შორის სონეტა ვიოლინოსთვის და ორი სიუტა როიალისთვის. ძალიან მომეწონა წელს, ,,წინანდლის ფესტივალში” მონაწილეობა, სწორედ იქ დავუკარი ჩემი ნაწარმოებები სანდრო ნებიერიძესთან და ლიზა ბათიაშვილთან ერთად.

– რა გრძნობ, როცა კონცერტის ბოლოს მაყურებელი აპლოდისმენტებით გაჯილდოებს?

– ყველას დიდ მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით მათ, ვინც მეხმარება და რა თქმა უნდა, ბებიას – ჩემს პედაგოგს, რომლის გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

– ქალბატონო ნინო, რას უსურვებთ ცოტნეს, როგორც პედაგოგი?

– პირველ რიგში, ცოტნეს არაჩვეულებრივ იუმორს აღვნიშნავ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როცა ადამიანი საკუთარ თავს არა ზედმეტად სერიოზულად, არამედ იუმორით უყურებს. ძალიან მნიშვნელოვანია თავმდაბლობა და თვითკრიტიკა, რათა მუდმივად განვითარდე და არ დაკმაყოფილდე უკვე მიღწეულით. რაც შეეხება სურვილებს, საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევას ვუსურვებ. ვფიქრობ, მთავარი პიროვნების ჰარმონიული განვითარება, ზომიერი თვითკრიტიკა და თვითირონიაა, რადგან სხვა შემთხვევაში არანაირ ნიჭს ფასი არ აქვს.

– ცოტნე, კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებ, რომელიც კონცერტის დროს შეგემთხვა?

– ზოგჯერ რაღაც მავიწყდება, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო და ისე გავაგრძელო, თითქოს არაფერი მომხდარა.

– რას გეგმავ სამომავლოდ?

– განსაკუთრებულს არაფერს. ძალიან მომწონს ჩემს დასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრება,  მინდა ბევრი ოპერა, ბალეტი შევქმნა და დირიჟორობა მოვსინჯო. ამასთანავე, ვოცნებობ, რომ ჩემი ნაწარმოები სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულოს.

– ცნობილი შემსრულებლებიდან, ვისთან ერთად ისურვებდი დაკვრას?

– ძალიან მინდოდა ლიზა ბათიაშვილთან ერთად დაკვრა და უკვე ავიხდინე ოცნება.