,,ძალიან გამიხარდა, თუმცა მთავარი ახლა იწყება" - ლევან კოღუაშვილის პირველი ემოციები “ოსკარზე” მისი ფილმის გაგზავნის შემდეგ

13 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის პრემიაზე, ,,ოსკარზე” ნომინირებულ ფილმზე ,,მეოთხე ბრაიტონზე” ისაუბრა.

“ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმი ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი” იქნება

– ბატონო ლევან, რა ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ თქვენი ფილმი 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარადგინეს?

– რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, თუმცა მთავარი ახლა იწყება, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სარეკლამო კამპანიის წარმოებას ენიჭება.

– რა სტრატეგია შეიმუშავეთ კამპანიის სწორად მართვისთვის?

– ძალიან კარგი ბიუჯეტი გვაქვს. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ბევრად გამოსწორდა სიტუაცია, ახლა სახელმწიფო გვაფინანსებს, წლების წინ კი, წარმოდგენაც არ გვქონდა როგორ უნდა გვემოქმედა. სერიოზულ დახმარებას ვიღებთ ამერიკული სადისტრიბუტორო კომპანიისგანაც, რომელმაც ჩვენი ფილმი შეიძინა. სწორედ კინოაკადემიის გადაწყვეტილებას ელოდნენ კომპანიის მესვეურები, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი, თვითონ წამოიწყეს სარეკლამო კამპანია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ფილმს ამერიკული კომპანია წარადგენს, რომელმაც სხვებზე უკეთ იცის მეტად სპეციფიკური კამპანიის წარმოების ნიუანსები.

– რას გულისხმობს ფილმის სათაური “მეოთხე ბრაიტონი”?

– მეოთხე ბრაიტონი მთავარი გმირების მისამართია. ვფიქრობ, სათაური კარგად მოერგო ფილმს შინაარსობრივადაც და ემოციურადაც. ჩვენი ისტორია ქართველ მამაზეა, რომელიც ნიუ-იორკში ჩადის შვილთან, რათა სერიოზული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

– რა პრინციპით შეარჩიეთ მსახიობები?

– ჩვეულებრივ, მათთან ვმუშაობ, ვისთან ურთიერთობაც მსიამოვნებს. კარგი ფილმის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა შემოქმედებით ჯგუფს კარგად ესმის ერთმანეთის და საერთო ინტერესები აქვს. მთავარ როლი ლევან თედიაშვილმა შეასრულა, რომელიც კიდევ ერთ ქართველ მსახიობთან, მერაბ ნინიძესთან ერთად აზიურ “ოსკარზეა” ნომინირებული.