დღეს ყველა პაციენტი უნდა იყოს მშვიდად, როდესაც კლინიკის კარს აღებს: რას მოიცავს პრევენციული ღონისძიებები და როგორ იმოქმედა Covid 19-მა

გადაცემას “smile Care” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე, სხვადასხვა ორგანიზაციების საპატიო წევრი, ქეთევან გოგილაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სტომატოლოგიაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

 

რა დარგებს მოიცავს სტომატოლოგია და პაციენტებმა კონკრეტულ სიტუაციაში რომელი პროფილის ექიმს უნდა მიმართონ?

სტომატოლოგია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, არის სპეციალობები და ქვე-სპეციალობები. ძირითად სპეციალობებს მიეკუთვნება – თერაპიული და ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია და ყბა სახის ქირურგია. რაც შეეხება მომიჯნავე სპეციალობებს, ასეთია იგივე ბავშვთა სტომატოლოგია და პირის ღრუს ქირურგია. პაციენტი უნდა მივიდეს კლინიკაში და შემდეგ უკვე სპეციალობის მიხედვით მოხდეს გადამისამართება.

საქართველოში სტომატოლოგია განვითარების რა ეტაპზეა, ვეწევით თუ არა მსოფლიოს?

სტომატოლოგია მედიცინის დარგებს შორის ალბათ პირველი იყო, რომელიც ძალიან განვითარდა, ტექნოლოგიურად ძალიან დაიხვეწა. მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები შემოვიდა.

ჩვენი დარგი გაციფრულდა და ეს ძალიან სასარგებლოა როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის. ციფრული ფოტოგრაფირება ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენს სფეროში. არსებობს სპეციალური ციფრული პროგრამები, სადაც ციფრული ფოტოგრაფირებით მომავალი რესტავრაციის დაგეგმარებაა შესაძლებელი. ანუ ღიმილის ციფრული დაგეგმარება შეგვიძლია. მიღებულ შედეგს პაციენტს ვაცნობთ, ის სასურველ ფორმას არჩევს და შემდეგ უკვე ექიმის რეკომენდაციებით საბოლოო არჩევანს ვაკეთებთ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენთან დაფუძნდა ინტერდისციპლინური მიდგომა სტომატოლოგიაში. როდესაც პაციენტი ერთი გარკვეული ჩივილით მოდის, შესაძლოა რამდენიმე პროფილის სპეციალისტის პაციენტი აღმოჩნდეს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას.

სტომატოლოგები რამდენად სწორად ვთანამშრომლობთ მედიცინის სხვა დარგების სპეციალობებთან?

როდესაც კომპლექსურ მიდგომაზე ვსაუბრობ, არა მხოლოდ სტომატოლოგთა შორის გუნდურ მუშაობას, არამედ სხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობასაც ვგულისხმობ. დღეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ პირის ღრუს დაავადებებსა და ზოგად დაავადებებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. თანაც, არა მხოლოდ დაავადებებთან, არამედ მდგომარეობასთანაც.

მაგალითად, ავიღოთ ორსულობა; არსებობს უამრავი მითი, რომლის დანგრევასაც ვცდილობთ. თითქოს ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება, დაუშვებელია მკურნალობის ჩატარება, არ შეიძლება არც ერთი პრეპარატის მიღება, რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. არადა მეან-გინეკოლოგმა უნდა იცოდეს, რომ თუკი საჭიროება არსებობს ორსული უნდა გადამისამართდეს შესაბამის სპეციალისტთან. სტომატოლოგთან უნდა შეფასდეს რისკის და სარგებლის თანაფარდობა, ანუ რას გამოიწვევს უარის თქმა მკურნალობაზე და მეორეს მხრივ რა შედეგს მოგვცემს ჩატარებული მანიპულაცია.

თუ ანტიბიოტიკები აუცილებლად დასანიშნია ასეთ შემთხვევაში თანამედროვე გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები უნდა გამოვიყენოთ. თუკი ტკივილგამაყუჩებელია საჭირო –  აცეტამინოფენის ანუ პარაცეტამოლის მიღებაა რეკომენდებული.

ბოლო 2 წელია პანდემიურ რეალობაში ვცხოვრობთ. დაწესდა გარკვეული რეგულაციები სტომატოლოგებისთვისაც. საინტერესოა, რა როლი შეასრულა ამ პროცესში ასოციაციამ?

რეგულაციების შემუშავებაში ასოციაციამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. შეიქმნა ექსპერტთა საბჭო, გავეცანით ევროპულ და ამერიკულ რეგულაციებს, შევიმუშავეთ წესები მათი რეკომენდაციებით და გადავაგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროში. ამის შემდეგ მასობრივად დახურული კლინიკების თანდათან გაიხსნა დაიწყო. ამაყი ვარ იმით, რომ ამ პროცესში ექსპერტთა საბჭომ და ზოგადად ასოციაციამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. დღეს ყველა პაციენტი უნდა იყოს ძალიან მშვიდად, როდესაც ამა თუ იმ სტომატოლოგიური კლინიკის კარს აღებს.

Covid 19-მა პირის ღრუს დაავადებებთან დაკავშირებით რაიმე გართულებები გამოავლინა?

პირის ღრუს და კოვიდს რაც შეეხება, პირველ რიგში ეს იყო გემოვნების დაკარგვა, თუმცა ეს სიმპტომი პირის ღრუსთან პირდაპირ კავშირში არ არის. Covid-19 ეს არის იმუნური სისტემის დეფიციტი ანუ ყველა იმ დაავადების გამოვლენა ხდება, რომელიც პაციენტებს აწუხებთ. ჯერჯერობით ზუსტად იმის თქმა, რომ კოვიდმა ესა თუ ის დაავადება გამოიწვია, შეუძლებელია. ასეთი დასკვნების გაკეთება მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო კვლევების შემდეგ იქნება სწორი.

სტატისტიკის მიხედვით, რომელი დაავადებები გხვდება პირის ღრუში უფრო ხშირად?

ნებისმიერ ასაკში გხვდება კარიესი და პაროდონტის დაავადებები. ძალიან  ბევრს ვსაუბრობთ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაზე და ყველა იმ საშუალებაზე რომელიც დღეს ასე მრავლად გვაქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ პირის ღრუს ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რადგან კარიესიც და პაროდონტის დაავადებებიც, რომელიც ყველაზე ხშირად გამოვლენილ დაავადებებს მიეკუთვნება, გამოწვეულია ნადებით.

არის თუ არა ისეთი დარგი, რომელიც მხოლოდ ბავშვთა ასაკში მკურნალობას მოიცავს?

რამდენიმე წელია ორთოდონტიის დარგის მიმართულება შეიცვალა. ადრე ორთოდონტია მიეკუთვნებოდა ბავშვთა ასაკს და კბილების გასწორება ბავშვთა ასაკში უნდა მომხდარიყო. დღეს ასე აღარ არის, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია რომ ორთოდონტს მიაკითხოს და შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს.

რას მოიცავს პრევენციული ღონისძიებები?

ასაკთან ერთად კბილების პათოლოგიური ცვეთა ხდება, სახის ქვედა მესამედი მცირდება. ხდება დადაბლება ანუ  ე.წ. მოხუცის სახე მიიღება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორთოდონტის გათვალისწინება. ორთოდონტის ჩართულობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის დროსაც.

მაგალითად, პაციენტი მოვიდა ორთოპედთან გადახრილი კბილით და ესთეტიკური გასწორება – გვირგვინი მოითხოვა. ასეთ შემთხვევაში პულპა ანუ ნერვი უნდა მოკვდეს და ზემოდან გვირგვინი გაკეთდეს. არადა ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ კბილის ცოცხლად შენარჩუნება და ბრეკეტებით ან სხვა ორთოდონტიული საშუალებით კბილის გასწორება.

რა როლი აქვს სტომატოლოგთა ასოციაციას დარგის განვითარებაში?

ასოციაციის როლი არის ძალიან დიდი. ასოციაციას ჰყავს უამრავი წევრი და ჩვენი ვალდებულებაა მათი დაცვა, მათი განათლება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ვებ-გვერდი სადაც ყველა სიახლეა განთავსებული და ხელმისაწვდომია არამხოლოდ ჩვენი წევრებისთვის, არამედ პაციენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

გვაქვს ძალიან ბევრი უწყვეტი განათლების პროგრამები. დაახლოებით 3 წლის წინ, განათლების სამინისტროს დავალებით შეიქმნა პროფესიული განათლების პროგრამა. ეს არის სტომატოლოგიური საქმე, რომელშიც გაერთიანდა როგორც კბილის ტექნიკოსი, ასევე სტომატოლოგის ასისტენტი და პირის ღრუს ჰიგიენისტი.

ასეთმა პროგრამებმა დასავლეთში 80%-ით შეამცირა უმუშევრობა. არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი. ასეთი პროგრამები მოკლე დროში კვალიფიკაციის მიღების და შემდეგ უკვე დასაქმების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

არის თუ არა უახლოეს მომავალში ჩვენი კოლეგებისთვის რაიმე საგანმანათლებლო ღონისძიება დაგეგმილი?

ბათუმში ტრადიციული საერთაშორისო კონგრესის ჩატარება იგეგმება. ამ კონგრესს სტომატოლოგთა ასოციაცია წელს უკვე მე-18-ედ მართავს. წელს განახლებული პროგრამა და განსხვავებული ფორმატი გვექნება, ბევრ სიახლეს მივაწვდით ჩვენს კოლეგებს. ასევე, სასიამოვნოა სიახლე ის, რომ თეა ნაცვლიშვილთან ერთად ვმუშაობთ სახელმძღვანელოზე, რომელიც რამდენიმე ტომს მოიცავს და ყველა თანამედროვე გაიდლაინი დაწვრილებით იქნება მოწოდებული.

ქალბატონო ქეთი, რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ პაციენტებს და თქვენს კოლეგებს?

როგორც წესი, ჯანმრთელი პირის ღრუს შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ სტომატოლოგთან იმისათვის, რომ მოხდეს პირის ღრუს პროფესიონალურად დათვალიერება, ანამნეზის შეგროვება, დიაგნოსტიკა და ყველა იმ ხარვეზის გამოვლენა, რასაც პაციენტები ვერ ამჩნევენ. ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არასდროს მიიღონ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე.

რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს, მკურნალობის მეთოდები მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევების შედეგებით უნდა შეარჩიონ.

ყველაზე სანდო საშუალებები უნდა ამოვარჩიოთ, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ მკურნალობა იყოს უფრო ეფექტური და უსაფრთხო. აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, რადგან კოლაბორაციის დეფიციტით შესაძლოა პაციენტს ვავნოთ.

ტეგები: smile care