,,დღეს ძალიან მოდურია ე.წ. „ფეიკ-წამლების“ მოხმარება, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების სწორი და ზომიერი მიღება, რადგან თავისუფლად შეიძლება საკურნალო პრეპარატების ჭარბმა გამოყენებამაც გამოიწვიოს ალერგია" - დავით თელია

გადაცემის ლაივი LIVE

8 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით თელია სტუმრობდა, რომელმაც ალერგიულ დაავადებებსა და მათ პრევენციაზე ისაუბრა.

– ბატონო დავით, რამდენად განსაზღვრავს პროგრესი და ტექნოლოგიური განვითარება, ალერგიული დაავადებების გამწვავებასა და გახშირებას?

– ალერგია, რომელსაც ხშირად „ცივილიზაციის დაავადებასაც“ უწოდებენ, ჰიპერეაქტიულობა ანუ ადამიანის ორგანიზმის მაღალი მგრძნობელობაა გარე გამაღიზიანებლების მიმართ. ბოლო კვლევების თანახმად, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა უამრავი რევოლუციური ინოვაცია, მათ შორის უმნიშვნელოვანესი – ვაქცინაცია განხორციელდა, მკვეთრად იმატა იმუნურ-პათოლოგიური მდგომარეობების, განსაკუთრებით ალერგიული დაავადებების პრევალენტობამ და ინსიდენტობამ.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემებით ალერგიული დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებშია, ანუ რაც უფრო დაშორდა ადამიანი ბუნებრივ, „გამოქვაბულის“ გარემოს და შეეჩვია ცივილიზაციას, მით უფრო მკვეთრად განიცადა ალერგენების გავლენა, რასაც იმუნურმა სისტემამ ერთგვარი გადაწყობით უპასუხა. სხვათა შორის, ამერიკასა და ბრიტანეთში ოჯახების შემოსავლის მიხედვით დაყოფის შემდეგ გამოვლინდა, რომ შეძლებულ ოჯახებში, რომლებიც ყველაფრით არიან უზრუნველყოფილი და პრაქტიკულად იზოლირებულად ცხოვრობენ, უფრო მაღალია ალერგიული მაჩვენებელი, ვიდრე ნაკლებად შეძლებულ ოჯახებში. საინტერესო კვლევა – ჩატარდა გერმანიაშიც მის გაერთიანებამდე, სპეციალურად შეირჩა ორად გაყოფილი ქვეყანა, რადგან განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც გერმანელები ცხოვრობდნენ საერთო გენითა და წარსულით. ოჯახებში ჰიგიენური გარემოს შესწავლით გამოვლინდა, რომ აღმოსავლეთში ეშერიხია კოლის მაღალი ტიტრების ფონზე უფრო დაბალი იყო კლასიკური ალერგიული დაავადებები, ვიდრე დასავლეთში, თუმცა 13 წლის შემდეგ, უკვე გაერთიანებულ გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მართალია, შემცირდა ეშერიხია კოლის ტიტრები, მაგრამ იმატა ალერგიულმა დაავადებებმა.

ზოგადად, ალერგიას სამი – ადამიანური (ანუ გენეტიკური განწყობა), შიდა და გარე გარემო განსაზღვრავს, რომელთა შორის ყველაზე აგრესიული შიდა გარემო ანუ სახლია, რადგან ყველაზე მეტადაა დატვირთული ბიოტური (ცოცხალი ორგანიზმებით, მათ შორის მკბენარებით, ნესტის სოკოთი) და აბიოტური ანტიგენებით. რა თქმა უნდა, არც გარე გარემოა იდეალური, რადგან უამრავი ალეგენისგან შედგება, მაგრამ ევროპული კვლევების წყალობით დადგინდა, რომ ალერგიისკან  მოსახლეობის ის ნაწილია მიდრეკილი, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს შიდა გარემოში – სახლში ან ოფისში ატარებს, რადგან ალერგიული დაავადებების 95 პროცენტს, ბრონქული ასთმის ჩათვლით სწორედ ოთახის მტვრის ტკიპა იწვევს.

– რა პრევენციული ზომები არსებობს ალერგიისგან თავის დასაცავად და როგორ შეიძლება მისი შემსუბუქება?

– ალერგიული დაავადებების პრევენცია ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაზე იწყება, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ გრძელდება. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ არ ღირს ბავშვის სტერილურ გარემოში გამოკეტვა და გარე ფაქტორებისგან იზოლირება, რადგან ასე იმუნური სისტემა ვერასდროს მოერგება არსებულ გარემოს. ალერგიული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი, პაციენტმა აუცილებლად კომპეტენტური სპეციალისტი უნდა შეარჩიოს, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის დაავადებასა და მისი მკურნალობის მეთოდებზე, რადგან დღეს ძალიან მოდურია ე.წ. „ფეიკ-წამლების“ მოხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების სწორი და ზომიერი მიღება, რადგან თავისუფლად შეიძლება საკურნალო პრეპარატების ჭარბმა გამოყენებამაც გამოიწვიოს ალერგია.