ციფრული სტომატოლოგია სტომატოლოგიის მომავალია: რა პროცედურების გავლა უწევთ პაციენტებს

გადაცემას “Smile Care” სტუმრობდნენ ორთოპედები ირაკლი ბერაძე და თამარ შერვაშიძე, რომლებმაც ციფრული სტომატოლოგიის შესახებ ისაუბრეს.

 

თამარ, რამდენად დიდი როლი ენიჭება ციფრულ სტომატოლოგიას თანამედროვე სტომატოლოგიაში?

ციფრული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის მომავალი. ბაზარზე ხარისხის კრიტერიუმების ზრდამ ეს პროცესი გარდაუვალი გახადა. ციფრული სტომატოლოგია აერთიანებს თითქმის ყველაფერს. მკურნალობის მეთოდები, დაგეგმარება და პროთეზირება ყველა სფეროში სხვადასხვანაირია, თუმცა ბაზა საერთოა – 3D სკანირება, 3D მოდელირება და საბოლოო შედეგის მიღება. სულ უფრო ხშირად ვხვდებით ექიმების კაბინეტებში თანამედროვე დანადგარებს, რაც მკურნალობის მეთოდებს ამარტივებს და პაციენტს იდეალურ შედეგს აღებინებს.

ეს ყველაფერი ციფრული სტომატოლოგიის უპირატესობაა?..

ციფრული სტომატოლოგია პირველ რიგში ეს არის სწრაფი მკურნალობა, პაციენტზე მორგებული მეთოდი, მაღალი ხარისხი და შედეგად კმაყოფილი პაციენტი.

როგორ ვიწყებთ პაციენტის კონსულტაციას?

პირველ რიგში ვიწყებთ 3D ტომოგრაფიით, რომელიც დღეისათვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. ორთოპედიაში 3D ტომოგრაფიას ძვლოვანი ქსოვილების შესაფასებლად, ფესვების მდებარეობის და ყველა იმ დეტალის გასარკვევად ვიყენებთ, რაც მკურნალობის დასაგეგმად გვჭირდება. შემდეგ გადავდივართ სკანირებაზე და ეს პროცესი დაახლოებით 1 წუთს მოიცავს.

რა არის სკანირება?

სკანირება არის ციფრული მეთოდი, ანუ იგივე ანაბეჭდის აღება. სკანირება გვაძლევს საშუალებას პაციენტისთვის ბევრად უფრო კომფორტულად ავიღოთ ანაბეჭდი და თან ზუსტი შედეგიც მივიღოთ.

ირაკლი, რა პროცედურების გავლა უწევთ პაციენტებს სასურველი შედეგის მისაღებად?

ციფრულ სტომატოლოგიაში ყველაფერი იწყება ფოტოგრაფიით, ციფრული აპარატით ხდება დიაგნოსტირება, პირის ღრუს სკანირება, შემდეგ ყველა ეს მონაცემი პროგრამაში მუშავდება. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პაციენტს შეგვიძლია სამომავლო პროგნოზი ვაჩვენოთ ანუ როგორი მოვიდა და როგორს გავუშვებთ.

რას ნიშნავს ორთოპედიული ვინირება?


ვინირება ეს არის რესტავრაციის ფორმა ანუ იგივე კერამიკული ვინირებით რესტავრაცია. ციფრული მეთოდების დახმარებით ნაკლებ დროში იდეალური ხარისხის მიღება შეგვიძლია. იმისათვის, რომ ვინირის ფიქსაცია მოხდეს, კბილი უნდა იყოს ჯანსაღი. სხვა შემთხვევაში გვირგვინის ან ნახევარგვირგვინის სახეს იღებს.

თამარ, იმპლანტების შემთხვევაშიც ციფრული მეთოდით ხდება დაგეგმარება?

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იმპლანტებზე ანაბეჭდს ჩვეულებრივი მეთოდით ვიღებთ, მაგრამ ძირითადად გადავდივართ სკანირებაზე, რადგან ეს ძალიან კომფორტული და მარტივი პროცედურაა. სკანერის თავაკი იმდენად პატარაა, რომ არ ვეხებით არც რბილ ქსოვილებს, არც პირის ღრუს ზედაპირს, რაც პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია. სკანირების საშუალებით ნაკლები ვიზიტით და მეტი სიზუსტითაა პასუხის მიღება შესაძლებელი.

როგორია ვადები, ყველა პაციენტს აინტერესებს როდის მიიღებს მზა შედეგს?

ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლოა პაციენტის რეაბილიტაცია ერთ დღეშიც კი მოხდეს. ანუ ეს პროცედურა მოიცავს სკანირებას, შაბლონების დამზადებას (საჭიროების შემთხვევაში) და რაღა თქმა უნდა, ორთოპედიული კონსტრუქციის ჩაბარებას.

თამარ, ერთ ვიზიტში კონსულტაცია, დაგეგმარება და რეაბილიტაციაც კია შესაძლებელი. დღეს, როცა ყველას დროის დეფიციტი აქვს, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია…

პირველ რიგში, ყველაფერი 3D ტომოგრაფიის გაშიფვრით იწყება. შემდეგია პირის ღრუს დასკანერება, სკანერთან ერთად მზადდება ქირურგიული შაბლონი და პაციენტი იმპლანტაციისთვის მზადდება. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში ხდება თუკი პაციენტს სრული ადენტია ანუ უკბილობა აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ პირველივე ვიზიტისას ხდება დროებითი გვირგვინების გამოჩარხვა და ფიქსაცია იმპლანტებზე, რათა პაციენტი მეორე დღიდანვე დაუბრუნდეს თავის სოციუმს. ბუნებრივია, ეს არის დროებითი კონსტრუქცია და თუ რამდენი ხნით გავუშვებთ პაციენტებს დროებითი კბილებით, ეს უკვე ძვლის კონსტრუქციაზეა დამოკიდებული.

როგორია მაქსიმალური ვადა ანუ როდის ცვლით დროებით კბილებს?

დაახლოებით 4 თვეა მაქსიმალური ვადა და ესეც ძვლის ხარისხზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ ვცვლით კონსტრუქციას და ამ შემთხვევაშიც არჩევანის წინაშე ვდგავართ, შესაძლოა გაკეთდეს როგორც ცემენტოვანი, ასევე ჭანჭიკოვანი ფიქსაცია. საბოლოო არჩევანს ყველა დეტალის გათვალისწინებით ვაკეთებთ.

რა განსხვავებაა მოსახსნელ და მოუხსნელ კონსტრუქციას შორის?

მოსახსნელი კონსტრუქცია კეთდება 4 იმპლანტზე და ეწოდება პროთეზი ძელზე. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა კონსტრუქცია 4 იმპლანტზე მეტია, ხიდისებრი ანუ მოუხსნელი კონსტრუქცია ეწოდება.

ირაკლი, სჭირდება თუ არა ამ კონსტრუქციებს განსაკუთრებული მოვლა?

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ პაციენტებმა, ვინც იმპლანტს იკეთებს, ეს ხომ არა სრულფასოვანი კბილი, არამედ ჩანაცვლებაა და ბუნებრივ კბილს 100%-ით ვერ ცვლის. ამიტომ, სავალდებულოა ირიგატორის გამოყენება და გეგმური ვიზიტები მკურნალობის დასრულების შემდეგ.

 

ტეგები: smile care