,,ბედნიერი ვარ, თუ მისი შემოქმედება მართლა მე მეძღვნება" - ორი ანუკას მეგობრობა და სიყვარულის ლამაზი ისტორია ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

26 ოქტომბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ანუკა ცქვიტინიძე, ანუკა კავლელიშვილი და მახო ალავიძე სტუმრობდნენ, რომელთაც შემოქმედებით და პირად ცხოვრებაზე ისაუბრეს.

– ანუკა, ძალიან საინტერესო რომანტიკული ისტორია გაქვს, როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

– (ანუკა კავლელიშვილი) მე და მახომ ერთმანეთი 2018 წელს გავიცანით. ძალიან მძიმე პერიოდის გამოვლა მოგვიხდა, რადგან ჩვენი გაცნობისთანავე დამისვეს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი. ყველამ იცის, რამდენად მძიმეა ონკოლოგიური პაციენტის რეჟიმი და რამდენად რთულია იგრძნო თავი სრულფასოვან ქალად, როცა უამრავი სამედიცინო პროცედურა გავლა გიწევს. მაშინაც ძალიან გამიკვირდა და ახლაც მაკვირვებს მახოს გამბედაობა. მართალია, გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებამდე მეგობრებად დარჩენა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, გერმანიაში ჩამომაკითხა და უმძიმესი მკურნალობის ყველა ეტაპი ჩემთან ერთად გაიარა, საკუთარ თავზე აიღო ჩემზე მზრუნველობა და პრაქტიკულად ყველა მეგობარი და ნათესავი შემიცვალა. უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ჯგუფ “ქართუს” მიმართ, სადაც იმ პერიოდში დავიწყე მუშაობა. ფასდაუდებელი დახმარება გამიწიეს და მეც იმ ადამიანების უზარმაზარ ჯგუფს შევუერთდი, ვინც სწორედ “ქართუს” ქველმოქმედების წყალობით შეძლო გადარჩენა. მათი დახმარებით გავემგზავრე გერმანიაში და დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას. საბედნიეროდ, პროგნოზი დამაიმედებელია, იმედი მაქვს, მალე საბოლოოდ შევძლებ მძიმე სენის დამარცხებას.

– ანუკა, პირველი სიმღერა 6 წლისამ დაწერე და საკუთარი ჯგუფი შექმენი, ერთი წლის შემდეგ კი, თავად ბატონმა ჯანსუღ კახიძემ შემოგთავაზა სიმღერის დაწერა,

– (ანუკა ცქვიტინიძე) მართალია, ბავშვობა კარგად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დავიწყება შეუძლებელია. 1989 წელს ბატონ ჯანსუღს გამომცემლობაში ვესტუმრე რუსთაველის გამზირზე. რექვიემი ჰქონდა დაწერილი, რომელიც 9 აპრილს მიუძღვნა, მე კი, სიმღერის დაწერა შემომთავაზა, რომელსაც ჯერ ჩვენი კვარტეტი, მერე ქალბატონი ირმა სოხაძე ასრულებდა. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა თამუნა ჭოველიძე, რომელიც 9 აპრილს დაიღუპა, მართალია პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულად განვიცადე მისი დაღუპვა და სწორედ მას მივუძღვენი ჩემი სიმღერა.

– სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობენ ორი ანუკას მეგობრობაზე. საინტერესოა, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– (ანუკა კავლელიშვილი) ანუკა ჩვენთან სახლში გავიცანი, იმ ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში “ანოსთან და მახოსთან” ვიდეოების ციკლად გავრცელდა. ძალიან სწრაფად დავმეგობრდით, რადგან ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. ძალიან მიკვირს, რომ ყოველთვის ერთ გარემოში ვცხოვრობდით, ერთი ასაკის ვართ და აქამდე საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს. ანუკა მართლაც საუკეთესო საჩუქარია, რომელიც ბოლო წლებში მივიღე.

– ანუკა, ამბობენ, თითქოს ყველა შენი ლექსი მახოს ეძღვნება,

– (ანუკა კავლელიშვილი) მართალია, ლექსების წერა ადრეული ბავშვობიდან დავიწყე, მაგრამ ყოველთვის მეუხერხულებოდა გამხელა, მახოს გაცნობის შემდეგ კი, რა თქმა უნდა ყველა ლექსი მას მივუძღვენი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ლექსებზე მაცაცო სებისკვერაძემ, მარიკა კვალიაშვილმა და ჯუმბერ ამანათაშვილმა შექმნეს კომპოზიციები, მე და ანუკამ კი, სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ ერთად მუშაობა და უკვე სამი სიმღერა დავწერეთ.

– მახო, ანუკას განცხადებით ბოლო დროს შექმნილი ყველა სიმღერა შენ გეძღვნება?

– თვითონ ამბობს ასე, თორემ მე მგონია, რომ მატყუებს. ბედნიერი ვარ, თუ მისი შემოქმედება მართლა მე მეძღვნება.

– არის თუ არა ანუკა ის იდეალური ქალი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი?

– სიმართლე ვთქვა, ქალის იდეალი არასდროს მყოლია, მაგრამ ანუკა ნამდვილად ის ადამიანია, რომელმაც გამაბედნიერა.

– რას ნიშნავს შენთვის ქართული სიმღერა?

– ქართველები უბედნიერესი ხალხი ვართ, რადგან არაჩვეულებრივი ფოლკლორი, თანამედროვე სიმღერები გვაქვს. ქართველებისთვის ყველაფერი სუფრაზე მოლხენით იწყება, მშობლების ოჯახში ამგვარი “ქეიფები” ხშირად ეწყობოდა, უამრავი ცნობილი შემსრულებელი გვსტუმრობდა, მათ გარემოში გავიზარდე და რა თქმა უნდა, ქართული სიმღერაც შევიყვარე.