„ბავშვი რასაც ხედავს ოჯახში და შეიგრძნობს, იმასვე იმეორებს შინ თუ გარეთ“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ ვასწავლოთ ბავშვს პასუხისმგებლობა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.

რა არის პასუხისმგებლობა და რა როლი უჭირავს მას ადამიანის ცხოვრებაში?

პასუხისმგებლობა ყველა ადამიანის აუცილებელი ფსიქოსოციალური კომპონენტია, რომლის გარეშე, შეუძლებელია ადამიანის სასიცოცხლო და სოციალური უნარების განვითარება. ჩვენ ეს უნარი გვჭირდება როგორც საკუთარ თავთან, ისე სოციუმთან, გარემოსთან, ბუნებასთან, სამყაროსთან და საქმესთან მიმართებაში. პასუხისმგებლობის გარეშე არცერთი ურთიერთობა, საქმე თუ განვითარება არ არსებობს.

პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევების, ისევე როგორც სხვა, მეტი წილი უნარების განვითარება ბავშვის დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება. შეიძლება მეტიც კი ვთქვათ, ჩასახვიდანვე არის შესაძლებელი მას ეს მნიშვნელოვანი ჩვევები ჩაენერგოს. ბავშვი მუცლიდანვე გრძნობს როგორი დამოკიდებულება აქვს მის მშობელს მის მიმართ და ზოგადად, საკუთარი თავის მიმართაც.

თუ დედა თავიდანვე გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ემბრიონის მიმართ, უფრთხილდება თავის თავს და ნაყოფს, იცავს რეჟიმს, იქცევა ექიმისა და ფსიქოლოგის მითითებების მიხედვით, პასუხისმგებლობის ეს უნარი მშობლიდან შვილს მექანიკურად, არაცნობიერად გადაეცემა და ამას გნებავთ ვუწოდოთ გენეტიკა, გნებავთ – კარმა ან სხვა რამ, ჩვენ მშობელი ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შვილს მისდა უნებურად, არაცნობიერად მუცლადყოფნიდანვე უვითარებს. ასე გრძელდება ჩვილის დაბადების შემდეგაც.

ბავშვი ოჯახის სარკეა და ნაყოფი ხისგან შორს ვერ დავარდება, ბავშვში და მოზარდშიც ეს გრძნობა კინესთეტურ და კოგნიტიურ დონეზე ვითარდება.

როგორ სწავლობს ბავშვი პასუხისმგებლობას?

ვიცით, რომ ბავშვისთვის აღზრდის პროცესში ბევრად პროდუქტიულია ოჯახში ავტორიტეტებისგან მიღებული პრაქტიკული მაგალითი, ვიდრე თეორიული სწავლება, თუ როგორ უნდა მოექცე არ როგორ არ უნდა მოექცე ადამიანს, ოჯახის წევრს, მეგობარს, უფროსს, უმცროსს, ცხოველს, პირად თუ სხვის ნივთს. სწორედ ასე ხდება პასუხისმგებლობის დასწავლა.

ბავშვი რასაც თვალით ხედავს და შეიგრძნობს, იმასვე იმეორებს შინ თუ გარეთ და გადაჭარბებულ ჩიჩინს, პოპულისტურ, სხვისთვის დასანახ და გასაგონ სწავლებებს დიდად ეფექტი არ მოაქვს. ამრიგად, ვხედავთ, რომ თუ გვინდა ბავშვს ჩამოუყალიბდეს ეს გრძნობა, პირველ რიგში ის უნდა გამოვიმუშაოთ ჩვენ, მშობლებმა, დავანახოთ მათ ჩვენს მაგალითზე და თან გზადაგზა ავუხსნათ, თუ რისთვის ვიქცევით ასე და რის გამო უნდა გაიზარდოს ასეთი.

როცა ჩვენ ჩვენს ნივთებს ვუვლით, ვუფრთხილდებით, მერე მას ვასწავლით თავის სათამაშოების, ტანსაცმლის, წიგნების თუ ფანქრების მოფრთხილებას, უპირობოდ სწავლობს პასუხისმგებლობიან ქცევებს. ამ გრძნობის ბავშვში ჩანერგვა და განვითარება მეტად საპასუხისმგებლო საკითხია და უფროსებს, რომლებიც მოზარდს ზრდიან, დიდი სიფრთხილე ართებთ ზომიერების დაცვაში.