დღეს ტურიზმი პანდემიის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, სტატისტიკა კი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით დადებითი ტენდენციებია და ამიტომ უკვე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ დაასახელა ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად.

ტურისტებისთვის, როგორც წესი, ყველაზე საინტერესო აჭარის რეგიონია, რომელიც პანდემიის დროსაც გამორჩეულია – თვეზე მეტია აჭარა მწვანე ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

  • როგორ ემზადება მწვანე აჭარა, შავი ზღვით და ცისფერი ცით ტურისტული სეზონისთვის, ამის შესახებ “ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესაუბრა:

 

ახლა მსოფლიოში არავინ მოგზაურობს, თუმცა როდესაც საზღვრები გაიხსნება, საქართველო იქნება ყველაზე საინტერესო და სასურველი მიმართულება, რადგან დღეს, პირველი, რასაც მოგზაური ამოწმებს პანდემიის გავრცელების სტატისტიკაა, რაც საქართველოს ყველაზე დაბალი აქვს. ჩვენ პრიორიტეტს გვაძლევს კოვიდ სტატისტიკა და ქვეყანაში პანდემიის მართვის ეფექტიანი მენეჯმენტი. 

ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებით პასუხისმგებლობას აჩენს, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ შეიმუშავა სტანდარტები სერვისის მიმწოდებლებისთვის(სასტუმროები, ბარები…), რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის შევქმნათ უსაფრთხო გარემო, არ შემოვატანინოთ ვირუსი საზღვარგარეთის მოქალაქეებს და ასევე, დავიცვათ უცხოელი მოგზაური. ამასთან, ტურისტების ნაკლებობის გამო, წელს შიდა ტურიზმის განვითარებაზე აქტიურად ვიმუშავებთ.

  • ამ მხრივ კონკრეტულად რა გაქვთ დაგეგმილი?

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკვე მუშაობს შიდა ტურიზმის გეგმაზე, რომელის მიხედვითაც, აჭარაში ჩამოსულ დამსვენებლებს ახალ მიმართულებებს შევთავაზებთ. გვექნება ძალიან ბევრი ახალი ადგილი, რომელიც ქართველებსაც და უცხოელებსაც საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი აჭარა და იმოგზაურონ აქტიურად.
ველოდებით შიდა ტურისტებს მთელ აჭარაში.

  • თუმცა დამსვენებლების დიდ ნაწილს უფრო ზღვა აინტერესებს, რომელიც, როგორც ინფექციონისტები ამ ეტაპზე ამბობენ, საშიში არ არის. როგორ დაიცავთ პლაჟზე უსაფრთხოების ნორმებს?

ზღვა არ არის განსაკუთრებული რისკის შემცველი, თუმცა წელს, ზღვაზეც, ხმელეთზეც და მთაშიც უნდა დავიცვათ ორი მნიშვნელობანი კომპონენტი – ჰიგიენა და დისტანცია. რა თქმა უნდა, დამსვენებელს არ მოეთხოვება პირბადეებით გარუჯვა, თუმცა დაცული იქნება დისტანცია, როგორც შეზლონგებს, ასევე ფიზიკურ პირებს შორის, რომლებიც შეზლონგების გარეშე იქნებიან ზღვის სანაპიროზე. რადიუსი დაახლოებით არის მეტრნახევარი.
ასევე იქნება რეგულაციები წყლის ტრანსპორტზე, კვების ობიექტებსა და ღია ბუნგალოებზე.

  • ამ რეგულაციების აღსრულება და მონიტორინგი როგორ მოხდება. პლაჟებზე ივლიან სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები და გააკონტროლებენ სიტუაციას?

მონიტორინგს აწარმოებს შრომის პირობების ინსპექცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად. რა თქმა უნდა, ის მეიჯარეები, რომლებსაც შეზლონგები თავად ექნებათ და უზრუნველყოფენ სერვისის მიწოდებას, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუმცა ყველა მოქალაქეს ექნება თავისი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ის წესები, რომელსაც ბულვარის ადმინისტრაცია, თუ ქალაქის მერია გასცემს. წესები ყველასთვის უკვე ნათელია: დისტანცია და ჰიგიენური ნორმები.

 

  • ექნება თუ არა აჭარას “ზაფხულის პროგრამა” ხომ არ იგეგმება, რაიმე ტიპის ღონისძიებები?

ღონისძიებები და სპორტული აქტივობები, რომლებიც თავის თავში გულისხმობს ერთად ყოფნას და გართობას, ამ ეტაპზე შეზღუდულია, რადგან რთული იქნება დისტანციის მონიტორინგი. სანამ შეზღუდვა არ მოიხსნება ასეთ კალენდარს ვერ შევადგენთ. ამიტომ წელს განსხვავებული ზაფხული გვექნება, საკმაოდ რთული – ყველამ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ოჯახების და გარშემომყოფების ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. შესაძლებელია, საერთოდ არ იყოს ასეთი ღონისძიებები.

 

  • ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზეც?

ასე ცალსახად რთულია თქმა, ამ ეტაპზე ღამის კლუბებზე შეზღუდვაა, თუმცა ღია ფორმის კაფე-ბარები, რომლებშიც მუსიკა იქნება და დისტანციას დაიცავენ, შესაძლებელია ფუნქციონირებდეს. კლუბები, კაზინოები თუ სხვა ატრაქციები შეზღუდულია.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები