„ლევან ვარშალომიძეს აქვს პოლიტიკური ბოიკოტი, ამ პირობებში მისი პარლამენტიდან გაშვება არის პოლიტიკური დევნის დემონსტრირება“, – ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შესაძლო შეწყვეტას ეხმაურება.

როგორც წიკლაური აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ვარშალომიძეს მანდატს შეუწყვეტენ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში არავინ შევა.

„ეს არის პოლიტიკური დევნის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩახსნილია, ე.წ. სია და იმ შემთხვევაში, თუ ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში არავინ შევა. ახლა ხდება კანონების გამოყენება იმისათვის, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური დევნა ოპონენტების წინააღმდეგ.“– განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები