პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია, თუ როგორც ძალადობს ქალზე, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი.

როგორც მარიამ სიჭინავამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, ვიდეო კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

მისივე სიტყვებით, კადრები დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროსთან არის გადაღებული.

„ვიდეოზე ასახულია მამაკაცი, რომელსაც აცვია პოლიციელის ფორმა. ჩემი წყარო ადასტურებს, რომ ეს არ იყო დაცვის პოლიციელი. ის იყო ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ქალზე. მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი“, – აცხადებს მარიამ სიჭინავა.

მისივე თქმით, უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ძალადობის ფაქტს. იგი გეგმავს ზუგდიდის სამმართველოში მისვლას და ვიდეოს მტკიცებულების სახით წარდგენას.

აღნიშნული ფაქტის შესახებ „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო, შესაბამისად, რეაგირებას შემოწმების შემდეგ მოახდენს.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები