რუსეთ-უკრაინის მესამე პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 29 მარტს, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაიმართა, ითქვა, რომ რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს და ამაზე თავად რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა ისაუბრა, თუმცა მეორე დღესვე ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე აქტიური თავდასხმები კვლავ განაახლეს. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, გვიან ღამით, გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ოკუპანტებმა ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 7 რაკეტა გაუშვეს. შემდეგ კი უკვე პენტაგონმა განაცხადა, რომ კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა  რეალური გაყვანა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აზრი იმის შესახებ, რომ რუსების ვითომდა მზაობა, გადაედგა შემხვედრი ნაბიჯი, მორიგი ფარსი აღმოჩნდა.

მალევე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტი ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირებას გეგმავს და ამასთანავე, ხერსონის ოლქში ცდილობს, მოამზადოს ნიადაგი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ რეფერენდუმის ჩასატარებლად.

რა შესაძლო რესურსებს ფლობს ამ ეტაპზე პუტინი, რა ტიპის გადაჯგუფება ხდება ოკუპანტების შეიარაღებულ ძალებში და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა – ამ თემაზე „ფორტუნა“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველსა და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.

 

მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის – რუსეთი ისევ ცრუ „შემხვედრ ნაბიჯებზე“ მიდის

 

– ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს, როდესაც მხარეები თანხმდებიან, გარკვეული ქალაქებიდან სამხედრო ძალების გაყვანაზე და იმავე დღეს, ზუსტად ეს ქალაქები კვლავ აქტიურად ხდება დარტყმის სამიზნე… სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთს ჯარები კი არ გაჰყავს, არამედ ახდენს გადაჯგუფებას. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ოკუპანტის ერთგვარი ტაქტიკა და რა გაგრძელება შეიძლება ამ პროცესს ჰქონდეს?

ვახტანგ კაპანაძე: როცა მოლაპარაკებებია და ორივე მხარე მზად არის ამისთვის, პირველ რიგში, ხდება ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ დანარჩენი საკითხების განხილვა. ამ შემთხვევაში, საქმე ფაქტობრივად, რუსების მხრიდან, ვითომდა გადადგმულ შემხვედრ ნაბიჯებთან გვაქვს, რაც უფრო ტაქტიკური, დროის მოგების, გადაჯგუფებისა და ძალიხმევის გადანაწილების პერიოდია, ამას ნამდვილად ვხედავ.

ის, რომ რაკეტები გაუშვეს და დაბომბვა გრძელდება, გასაგებია. უნდა ითქვას, რომ შეთანხმება ამაზე (ცეცხლის შეწყვეტაზე) არ ყოფილა. შეთანხმება იყო იმაზე, რომ მოხდებოდა კიევის შემოგარენის დებლოკირება და გარკვეული ჯგუფები ზევით გადაიწევდნენ.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ რუსებს ძალიან გაუჭირდათ და თანაც გახსოვთ, რომ იყვნენ ძალიან დაქსაქსულები, ცალკეულ მონაკვეთებზე გაჭიმული შენაერთები, რომლებიც ძალიან მოწყვლადები იყვნენ. ამ გადაჯგუფებით კი, რუსეთი ალბათ შეეცდება არსებული ფრონტი გაასწოროს. ქალაქ სლავუტიჩის აღებაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომელიც განლაგებაში ჯიბედ იყო დარჩენილი.

გასაგებად რომ ავხსნათ: ფრონტის დაცვა როცა ერთ მუშტადაა შეკრული, ერთ სიღრმეზეა განლაგებული, უფრო ადვილია, ვიდრე ასე დაქსაქსულად არსებულ პირობებში.

 

რუსი ოკუპანტი ქალაქ ხერსონის მისადგომთან

 

აგრესორის შეცვლილი რიტორიკა თუ ტაქტიკის ნაწილი

 

– ასევე მინდა გკითხოთ, რუსების შესამჩნევად შეცვლილ რიტორიკაზე, რაც ასევე აქტიურად ისმის ექსპერტულ წრეებში. ტერმინები – დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რომლებიც რუსეთმა ომის დასაწყისში სამხედრო აგრესიის „საფუძვლად“ გააცხადა და ომს „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა, აქტიურად აღარ ისმის. როგორ ფიქრობთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოკუპანტებმა კრახი განიცადეს და ახლა მიზნები შეცვალეს თუ შესაძლოა, ესეც გარკვეულ რუსულ პროპაგანდას მივაწეროთ?

– მოდით ამას მეორე კუთხიდან შევხედოთ: როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შემდეგ რუსული მხრიდან გამოდიან, ისინი ამბობენ, რომ ყველა ის მიზანი, რომელიც თავიდან დასახული იყო, მიღწეული იქნება. მიზნები არ იცვლება, მივდივართ მისი შესრულებისკენ და ა.შ. შესაძლოა მოლაპარაკებებზე ამ ტერმინებს არ იყენებდნენ, სავარაუდოდ, უფრო რბილად საუბრობენ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია როგორ მიაწვდიან ამ კამპანიას თავად რუსულ აუდიტორიას.

მათი გადმოსახედიდან, უნდა იყოს მიწოდებული როგორც წარმატებული ხომ? თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რაც იზიუმიდან ან კრამატორსკიდან უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევას გულისხმობს, რუსეთს შეუძლია თქვას:

პირველი – მან წარმატებით განახორციელა დენაციფიკაცია, ანუ, ნაციონალური დანაყოფები განადგურებული იქნა, მისთვის ამის თქმა ადვილი იქნება. კი, გასაგებია, რომ რეალურად ამ ტერმინში ხელისუფლების ცვლილება იგულისხმება, მაგრამ რუსებს ეს ამ ფორმით არ უთქვამთ, მათ თქვეს, რომ ეს შეიძლება იყოს აზოვის პოლკისა და დონბასის დანაყოფის განადგურება. ანუ, იტყვიან, რომ ნაციონალისტური დაჯგუფების შენაერთები განადგურებულია.

მეორე – შეიარაღების დანაკარგებზე კი უკვე ისეთ ციფრებს ამბობენ ყოველ დღე, რომ უკრაინას ომამდე არ ჰყავდა ამდენი. იტყვიან, რომ ქვეყნის შეიარაღების პოტენციალი განადგურებულია, რაც სამხედრო საწარმოებისა და საწყობების განადგურებას გულისხმობს. ანუ, იტყვიან, რომ დემილიტარიზაციაც მოხდა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ლუგანსკს თითქმის გასულები არიან, ახლა დონეცკის ნახევარზე არიან და დამატებით დერეფანი, რომელიც გაყვანილი იქნება. ამ ყველაფრის ფონზე კი, იმის თქმაც შეუძლიათ, რომ აი, უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე, უარს ამბობს.

ფაქტობრივად, რუსებს თავიანთ მოსახლეობას შეუძლიათ პროპაგანდისტული „ანტურაჟით“ წარუდგინონ, რომ ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა, ამიტომაც მათ აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეული წარმატება სჭირდებათ.

 

რუსი სამხედროები ხერსონის მცხოვრებთა ყირიმში იძულებით გადაადგილებისას

 

ბელარუსი, როგორც დამხმარე ამოცანის შემსრულებელი

 

– როგორც ცნობილია, მოლაპარაკების დღესვე ოკუპანტებმა რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. რას გვეტყვით, რა რესურსს ფლობს საერთოდ ბელარუსი და რამდენად შესაძლებელია აგრესორმა პუტინმა ამ პროცესში არსებული მოკავშირეები, იგივე ბელარუსის ძალები გამოიყენოს და რესურსის გაძლიერება ამ ფორმით მოახდინოს?

– ამ პროცესში ბელარუსის ჩართვა, მისთვის უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე უკრაინისთვის. ლუკაშენკო რომელი დამოუკიდებელი მოთამაშეა პოლიტიკაში, პუტინით უდგას სული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მეტადაც ჩაითრიოს. ბელარუსების მხრიდან 4 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი მობილიზებულია საზღვართან, ასე რომ ალბათ რუსებს ისინი ჯერ არ სჭირდებათ.

ყველაზე ბრძოლისუნარიანი 38-ე დანაყოფი ჰყავთ – საჰაერო-საიერიშო დივიზია, თუმცა როგორც ცნობილია, საბრძოლო განწყობა როგორც სამხედროებში ისე ხელმძღვანელობაში, მაღალი არ არის და ამასთან ერთად, უკვე მოსახლეობაში საბოტაჟიც კი ხდება. იგივე გადაადგილებებში ხელის შეშლები და ა.შ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩაერთვებიან, მათ უფრო დამხმარე ამოცანების შესრულება დაევალებათ და არა ძირითადისა. თუმცა, მგონია, რომ პუტინამდეც დავიდა, რომ ერთდროულად ყველა მიმართულებით, წარმატებული ვერ იქნება.

ძალიან ძნელია რაიმე კონკრეტულის თქმა, მაგრამ საზღვართან ახლოს დანაყოფების აქტიურობა უფრო უკრაინის შეიარაღებული ძალების გარკვეული მიჯაჭვულობისთვის გაგრძელდება, იმისთვის რომ მათი აღმოსავლეთით დასახმარებლად გადასროლა არ მოხდეს. რუსეთი კი ამ დროს, მთავარი დარტყმის მიმართულებას კვლავ სამხრეთ-აღმოსავლეთით – მარიუპოლი, დონბასი და ლუგანსკის მხარეს გააგრძელებს.

რაც შეეხება რესურსს – ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ამოცანა დგას ძალების წინაშე. რუსეთს შეუძლია, გარკვეული ნაწილი დაცვაში გადაიყვანოს, ამისთვის რესურსი დაზოგოს და გარკვეული მიმართულებით პირიქით – გააძლიეროს. რა თქმა უნდა, რუსეთს რესურსების პრობლემა ეტყობა. პირველ რიგში, ადამიანურ რესურსზეა საუბარი და ამიტომაც სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დანაყოფები მოჰყავს, ამიტომ ცდილობს მოხალისეები შეკრიბოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მაინც იმ დანაკარგის შევსება იქნება, რაც რუსეთმა განიცადა და არა გაძლიერება.

 

ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლი

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან, რუსეთი ისეთივე ძლიერი დაჯგუფების შექმნას მაინც ვერ მოახერხებს, რომელიც მას დაწყებამდე ჰყავდა. მობილიზაცია შეუძლიათ გამოაცხადონ, მაგრამ ამას დრო და მომზადება სჭირდება, რადგან სამხედრო „კომისარიატიდან“ ჯგუფს პირდაპირ ვერ გაუშვებენ. ამას დრო და რესურსი უნდა, რაც რუსეთის ინტერესებში ახლა არ შედის.

რუსეთს ასევე შეუძლია დანაყოფები რუსეთის სიღრმიდან, შორეული აღმოსავლეთიდან თუ შუა აზიიდან გააძლიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში თავად დასუსტდება. „თალიბანის“ სიახლოვის პირობებში შუა აზიის დაკარგვა, შესაძლოა ძალიან მძიმედ დაუჯდეს. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებიან. საუბარია იაპონიის მიმართულებაზე. ასევე, რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა შუა აზიის მიმართულებაზე დგას, რომლის გამოყვანაც ნიშნავს, რომ ტაჯიკეთი, უზბეკეთი და შუა აზიის რესპუბლიკები საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან იქ ნატოს უახლესი შეიარაღებით აღჭურვილი „თალიბანი“ დგას, რომელსაც ამ რესპუბლიკებზე თავისი გავლენის გავრცელების პრეტენზია აქვს.

ხოლო, თუ რუსეთმა შუა აზია დაკარგა, ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება. სხვათა შორის, ამ წარუმატებლობის ფონზე, ასადის რეჟიმის მოხალისეების განწყობაც გარკვეულწილად დაქვეითებულია, საიდანაც რუსეთი ხალხის გადმოსროლას გეგმავდა. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც მსუბუქი ქვეითები იქნებიან და დამხმარე ფუნქციებით, თანამედროვე მექანიზებულ ომში, ეფექტიანად ვერ იმოქმედებენ, მათ საამისოდ შესაძლებლობა და უნარიც არ გააჩნიათ.
ვფიქრობ, მდგომარეობა გაცილებით მეტად დაახლოებით, ორ კვირაში გამოიკვეთება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მიაღწევს თუ არა წარმატებას რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში.

სადღაც 1 თვის თავზე, მოლაპარაკებების ჩათვლით, გარკვეული მონახაზები უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში – ლუგანსკი, დონეცკის, მარიუპოლის მიმართულებაზე გარკვეული წარმატება გააჩნია, ფაქტობრივად, უკრაინას აზოვის ზღვას წყვეტს, ხოლო თუ უკრაინის აღმოსავლეთ დაჯგუფების ალყაში მოქცევა მოახერხა, ეს მისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება. ეს ყველაფერი დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება.

 

 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დანაყოფები რუსულ ომში

 

– ზემოთ ახსენეთ, რომ რუსეთი ამ ომში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო დანაყოფების ჩართვას ცდილობს. თქვენი ინფორმაციით, რამდენად დიდია მათი მასშტაბი და ამ შემთხვევაში რამდენად მართებულია საუბარი იმაზე, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხზე რაიმე ტიპის პოლიტიკური სვლა მოახდინოს?

– ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზეა მიღებული და ნათქვამია, რომ საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს, ძალის გამოყენებით არ გადაწყვეტს. თანაც გავიდა 800 ადამიანი სამხრეთ ოსეთიდან და 1200 აფხაზეთიდან და თუ გადაწყვეტილებაში არ გიდევს და პოლიტიკურად გაცხადებული გაქვს, რომ აღნიშნული პრობლემები მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტო, ალბათ ზედმეტი ამ მომენტში არაა საჭირო.

დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოჩნდება და თანაც ჯერ უკრაინაში შედეგი არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წარმატებებს ვერ მიაღწია, ჯერ საბოლოო შედეგი მაინც არ ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში, სტრატეგიული თვალსაზრისით, უკრაინა გამარჯვებულია და რუსეთი დამარცხებული, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, რომ შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქროთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნის პირველადი პრიორიტეტი პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები