მოოქროვილი უნიტაზი, ძვირადღირებული ნივთები, ძვირფასი ქვებით გაფორმებული საძინებელი და სამზარეულო – რუსეთში, კორუფციაში ბრალდებული პოლიციელების სახლების ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებს ასეთი სურათი და ნივთები ერთ-ერთი პოლკოვნიკის სახლში დახვდათ. 

საგამოძიებო კომიტეტის ვებსაიტზე განთავსებულია ვიდეო, რომელშიც ჩანს უზარმაზარი სასახლე ექსტრავაგანტული ინტერიერით.

სახლი პოლკოვნიკ ალექსეი საფონოვს ეკუთვნის, რომელიც სტავროპოლის სამხრეთ რეგიონში საგზაო პოლიციის უფროს იყო.

კორუფციის ბრალდებით საფონოვთან ერთად, დაკავებულია კიდევ 6 ადამიანი.

როგორც BBC წყაროებზე დაყრდნობით წერს, საგზაო პოლიციის დეპარტამენტში ქრთამს იღებდნენ სხვადასხვა ბიზნესზე ყალბი ნებართვის გაცემისთვის.

აღნიშნული ნებართვებით, მძღოლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, პოლიციის საგუშაგოების გავლით, მარცვლეულისა და სამშენებლო მასალების უნებართვო ტვირთი გაეტარებინათ.

დაკავებულ პოლკოვნიკს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. კორუფციაში ეჭვმიტანილებს წარდგენილ ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები