ბათუმში მიმდინარე უკანონო მშენებლობებს, რაზეც ბოლო დღეებია ოპოზიცია და ადგილობრივები აქტიურად საუბრობენ, თავად მშენებელი კომპანია გამოეხმაურა.  “მეტრო ტერმინალი” წარმოებულ სამშენებლო სამუშაოების მოტივაციად ქვეყნისთვის 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის შენარჩუნებას ასახელებს. ის BM.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მათ კუთვნილ ტერიტორიას მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა, ახალი პროექტის შეთანხმება კი 2021 წლის მოწვევის საკრებულოსთან ვერ მოხერხდა.

კომპანიამ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ააშენა 4 ერთმანეთთან დაკავშირებული ექვსსართულიანი შენობა და რვასართულიანი 2 შენობა. უნებართვო მშენებლობის გამო ბათუმის მერიამ კომპანია 49-ჯერ დააჯარიმა, თუმცა მშენებლობა არ შეჩერდა.

“პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მივმართავთ და ვთხოვთ აქტიურ ჯგუფებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფუძველზე, ნუ შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას”, – აცხადებენ კომპანიაში.

“მეტრო ტერმინალი” აცხადებს, რომ კუთვნილ 300 000 კვადრატულ მეტრს სივრცეში გეგმავს ტექნოპარკის მოწყობასაც.

ბათუმის მერიამ ქალაქში უნებართვო მშენებლობის დაწყების შესახებ თავიდანვე იცოდა. ეს ირკვევა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით მერიის სახელით გავრცელებულ განმარტებაშიც.

აუდიტის სამსახური 28 იანვარს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერდა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მერიის გადადგმული ნაბიჯებმა ვერ შეაჩერა მშენებლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია ვალდებულია მშენებლობა შეაჩეროს.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები