თქვენ თუ სკოლის მოსწავლის მშობელი ხართ, გარდა იმისა, რომ შვილის სწავლა–განათლებაზე უნდა იზრუნოთ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ ბავშვის მასწავლებლების და სკოლის დირექტორის ფსიქოლოგიით, მათი დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი და საერთოდაც, ალბათ სკოლაში შეყვანამდე სჯობს შეეცადოთ, სხვა მშობლებისგან ან ნაცნობ–მეგობრებისგან გაარკვიოთ, ვინ იქნებიან, როგორი ადამიანები იქნებიან  თქვენი შვილის მასწავლებლები. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც გარანტიებს მოგცემთ, უბრალოდ, თქვენ ამით შეეცდებით მაქსიმუმი გააკეთოთ და სიტუაციაში გაერკვეთ, თორემ ერთი შეხედვით კარგ სკოლაშიც საბჭოთა მენტალიტეტის პედაგოგი აუცილებლად გამოერევა. როგორც მონაცემთა შესწავლა გვაჩვენებს, საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას რეგიონებში. ამ სტატიაზე მუშაობის დაწყებაც, სწორედ, ბოლო დღეებში, რეგიონში მომხდარმა მძიმე ფაქტმა განაპირობა.

საქმე ეხება ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ვითომ „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირას მოარეცხინეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ როგორც ამ ვიდეოში ისმის, ბავშვებს არ სურთ აღნიშნული საქმის გაკეთება, ანუ ეს არის იძულება.

ჩვენ არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, მათ შორის ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის. ლია ჯალაღონია ამბობს, რომ როგორც სკოლის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციით გაირკვა, სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც დირექტორს უთხრა, რომ „დასუფთავების აქცია“ იგეგმებოდა და თუ მიიღებდნენ მასში მონაწილეობას. ჯალაღონიას თქმით, დირექტორი შეცდომაში შევიდა.

რაც შეეხება „დასუფთავების აქციის“ ინიციატორს – როგორც გაირკვა, ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ეს აქცია საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ბავშვების ჩართვა გადაწყვიტა, რათა მათთვის შრომა ესწავლებინა და ეჩვენებინა, რომ თუნდაც ტუალეტის დასუფთავება სირცხვილი არ არის.

თუმცა მრავალი შეკითხვა, მათ შორის ვინ აძლევს უფლებას და  რატომ წყვეტს თვითნებურად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მოსწავლეების აღზრდა-განათლებაში ჩაერიოს, შეაფასოს, განკარგოს და განსაზღვროს ჩვენი შვილების სიზარმაცისა და შრომისმოყვარეობის ინდიკატორები, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

ჩემი ინიციატივა იყო, ავუხსენი, რომ შრომა დაბადებისთანავე იწყება – გავრცელებული ინფორმაციით, მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს: მიმდინარეობს გამოძიება

ჩვენ ამ თემაზე უფლებადამცველ ანა არგანაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ ჩხოროწყუში, ტუალეტის მორეცხვაში ჩართული არასრულწლოვნების უფლებები დაირღვა.

ის დარღვევის რამდენიმე მიმართულებზე საუბრობს. მათ შორის ამბობს, რომ ასე ქაოტურად და არაორგანიზებულად, რა ტიპის აქციაც არ უნდა იყოს, კანონით იკრძალება და ამას სხვა პროცედურებთან ერთად განათლების სამინისტროს ნებართვა სჭირდება.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანიჩემთვის არის ცალსახა, რომ პანდემიის პირობებში, საპირფარეშოში ბავშვის მიერ რაიმეს მორეცხვა, ცალსახად არის მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი. ეს ერთი მიზეზიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ეს დარღვევა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არის კიდევ ბევრი სხვა მიზეზი.

ვიდეოში ჩვენ გვესმის ბავშვის ხმა, რომ ამის გაკეთება არ უნდა,

არ შეუძლია, მაგრამ ის იძულებულია, აკეთოს. აქ უკვე გვაქვს ბავშვის ქცევის საწინააღმდეგო მოქმედებები. ჩვენთვის, უფლებადამცველებისთვის, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე შრომის ჩატარება, რომელიც მის ჯანმრთელობას აზიანებს, არის ცალსახად ბავშვის უფლებების დარღვევა“, – ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევა არის სისტემური პრობლემა, რადგან ბავშვის ნების საწინააღმდეგო ქმედება არ არის აღქმული დარღვევად.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას.

„დირექტორი რომ ამბობს, ნდობის საფუძველზე ბავშვები გაატანა ვიღაცას, არასწორია. მეორეა – რომელიღაც საჯარო მმართველობაში ჩართულმა პირმა ამაზე თანხმობა  რომ გასცა. ცალკე სალაპარაკოა, რომ ბავშვთა უფლებები ამ ქვეყანაში არაკვალიფიციურად გვესმის.

ბავშვების იძულება და მათ ნების უგულებელყოფა და მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედება – ეს არის უდიდესი დანაშაული. ხშირად ბავშვზე ვძალადობთ , როცა მე როგორც მშობელი ვაიძულებ, მას რაღაც გავაკეთებინო. არადა, მე როგორც მშობელი ვალდებული ვარ, ბავშვს შევუქმნა მოტივაცია. დროა, შევცვალოთ სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ბავშვს თავს მოვახვიოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. ბავშვს უნდა ჰქონდეს მოტივაცია“, – ამბობს უფლებადამცველი.

ანა არგანაშვილი ჩვენთან სხვა ფაქტებსაც იხსენებს და ამბობს, რომ 3 წლის წინ ასპინძაში იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს ტელეფონები ჩამოართვეს და შეუმოწმეს. მიზეზი კი სოფელ ტოლოშის სკოლაში მომხდარი შემთხვევა იყო, როდესაც უფროსკლასელი გოგონა, უფროსკლასელ ბიჭს მობილურით საპირფარეშოში კადრების გადაღებაში ადანაშაულებდა. ყველაზე სამწუხარო კი აქ ისაა, რომ მშობლების ნაწილი მომხდარზე არ საუბრობს, ნაწილი კი “ამას არაფრად მიიჩნევს”. ზოგიერთმა მშობელმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ისიც თქვა, არაფერი მომხდარა, არაა ეს სალაპარაკო და არც დასაწერი ამბავი”.

კიდევ უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება სწავლობს.

კიდევ ერთი ფაქტი, რასაც უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში იხსნენებს, რამდენიმე წლის წინ ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლაში მომხდარი შემთხვევაა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სკოლის საკანალიზაციო სისტემის გაჭედვის მიზეზი ჰიგიენური საფენი გახდა, დირექტორმა გოგონები შეკრიბა და მათ ქვედა საცვლები შეუმოწმა. დირექტორის ქმედებას მოსწავლეების მშობლების პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში გოგონების ნაწილი გაკვეთილებს აღარ ესწრებოდა. ხუთმა მშობელმა კი მაშინ დირექტორის წინააღმდეგ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საჩივარი შეიტანა. საბოლოოდ, დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე სახალხო დამცველის ანგარიშშიცაა დეტალურად საუბარი, სადაც გრაფიკების მეშვეობითაა მოცემული, ძალადობის რა ფორმებია სკოლებში, რამდენად ხშირად, რამდენად უსაფრთხო გარემოა ზოგადად და ა. შ.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩხოროწყუს შემთხვევას, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

ამაზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის მოადგილემაც. ეკა დგებუაძემ თქვა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე რეაგირება იდენტიფიცირებისთანავე მოახდინა და გამოძიების პროცესში თანამშრომლობს შსს-სთან. დგებუაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში,დარღვევას განათლების სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება.

 

გადადგეს მერი! დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა: ჩხოროწყუში აქცია მიმდინარეობს

 

 

 

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები