“ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალებია, როდის არის გადაღებული, ატვირთული, ვიღაცის მიერ გამოტანილი. აქ თუ ვინმეს ბრალეულობა არის, უნდა დაისაჯოს, არამხოლოდ თანამდებობიდან გადადგეს”, – ასე ეხმიანება უკანონოდ გავრცელებულ ჩანაწერებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია და ამბობს, რომ თუ ბრალი მიუძღვით უნდა დაიჭირონ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, გადადგომაც არაფერ შუაშია.

ხვიჩიას თქმითვე, ის არაფერს გამორიცხავს, მათ შორის არც იმას, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი რამის გაკეთებას აპირებდეს:

“ცინიზმია, როცა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იცავს ეკლესიას და მის ინტერესებს, ერთიც და მეორეც ამ საქმეში არის გარეული დიდი ალბათობით – როგორც გადამღები, ისე გამავრცელებელი.

არ მიყვარს მტკიცებულებების გარეშე საუბარი. ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალებია, როდის არის გადაღებული, ატვირთული, ვიღაცის მიერ გამოტანილი. აქ თუ ვინმეს ბრალეულობა არის, უნდა დაისაჯოს, არამხოლოდ თანამდებობიდან გადადგეს. თუ ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? – მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ გადადგომა რა შუაშია? ამიტომ ჯერ ჩვენ ეს ეტაპი გვაქვს გასარკვევი და შემდეგ უნდა გავარკვიოთ, ვინ უნდა გადადგეს და ვინ უნდა დავიჭიროთ.

როგორც წინა ხელისუფლება მპასუხობს დაბნეულად უაზრობებს, როცა მათ ვეკითხები თავის დროზე მათ მიერ გადაღებულ კადრებზე, ზუსტად ასევე იქცევა ეს ხელისუფლება, როცა საქმე ეხება მათ მიერ გადაღებულ კადრებს. მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი რამის გაკეთებას აპირებდეს, მაგრამ მთავარი არასოდეს დაგვავიწყდეს – ეს არის ის, ვინც გადაიღო, ვინც გასცა ამაზე კურთხევა და არასოდეს უნდა აგვერიოს ისინი გამომქვეყნებლებში. გამომქვეყნებლებიც დამნაშავეები არიან, მაგრამ უპირველესი დამნაშავეა გადამღები, მან ეს გადაიღო იმისთვის, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა ან გამოექვეყნებინა, ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც კი შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს.” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები