თინათინ წულაძემ ახლახან საზოგადოებას თავისი პირველი სპექტაკლი წარუდგინა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ელოდებოდა მამის, ცნობილი რეჟისორის, ლევან წულაძის შენიშვნებს, რომელიც, სხვათა შორის, ქალიშვილს არასდროს აკლებს კრიტიკას, თუმცა თინათინს მისი მოსაზრებები ყოველთვის ძალიან აინტერესებს და უპირობოდ ითვალისწინებს. თინათინი FORTUNA.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას საკუთარი გზა აქვს კარიერაში, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და ეს არ არის მამის ნაკვალევი…

„ქალაქის თეატრი“ შენი სადებიუტო სპექტაკლით გაიხსნა… ალბათ, მღელვარება პიკს აღწევდა და ორმაგი პასუხისმგებლობა გაწვებოდა მხრებზე, როგორც ლევან წულაძის ქალიშვილს.

თინათინ წულაძე:

ძალიან ვნერვიულობდი, „ქალაქის თეატრი“ ჩემი სპექტაკლით იხსნებოდა და როგორ აღიქვამდა მაყურებელი ამ თეატრს, გარკვეულწილად ჩემზე შეიძლებოდა ყოფილიყო დამოკიდებული… მამაჩემის შვილი რადგან ვარ, უნდა ვამტკიცო რაღაც – ეს მომენტი არ მაქვს. ასე ჩემს მშობლებს არ გავუზრდივარ, არასდროს უთქვამთ, რომ მე ვარ მათი სახე. მე მაინტერესებს მამაჩემის აზრი და არა ის, რას იტყვიან ჩემზე, როგორც სახალხოდ ცნობილი რეჟისორის შვილზე. მისი აზრი საინტერესოა იმიტომაც, რომ განსაკუთრებით ჩემ მიმართ ძალიან პირდაპირია. დედაჩემი ყოფილა აღფრთოვანებული ჩემით, მამა – ნაკლებად. მანანას ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებ.

არადა, ლევანი უფრო თბილი ჩანს…

არა, პირიქით. დედაჩემიც მეუბნება ხოლმე, არსად ფიქრობს, მაგრამ ძირითადად, ლმობიერია და მამა ძალიან დაუნდობელია, როდესაც მიიჩნევს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ ან არასწორ გზაზე ვდგავარ. მიმითითებს და მეც ვითვალისწინებ.

თინათინ წულაძემ სადებიუტო სპექტაკლი დადგა: „დედა სპექტაკლში მონაწილეობდა და ძალიან ვნერვიულობდი მასთან მუშაობისას… მამამ მითხრა, კარგი გოგო ხარო…“

არასდროს გაგიპროტესტებია?

არასოდეს, რადგან ყოველთვის მართალია ხოლმე. რამდენი რაღაც მითხრა, რასაც არ ვეთანხმებოდი, იმდენჯერ აღმოჩნდა სწორი. ეს პროფესიას ეხება. ჩვენი ურთიერთობა ამის გარშემოა აწყობილი. რეალური ურთიერთობა, მეგობრობა დაიწყო მაშინ, როცა მამამ პირველად დაინახა, რომ მე რაღაც საქმე მიყვარს. პატარაობაში დედასთან მეტი ურთიერთობა მქონდა, მამასთან ნაკლები საერთო მქონდა. მასზე ყოველთვის ვგიჟდებოდი, რა თქმა უნდა… საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა, იმდენად არანორმალურად ვიყავი შეყვარებული ცეკვაზე… ეს რომ დაინახა, მაშინ დაიწყო უფრო მეტად ჩემი აღქმა. ასეთი ადამიანია მამაჩემი. მამა ზედმეტად შრომისმოყვარეა. დასვენება რომ არ შეუძლია, ასეთი ადამიანია. დედაჩემიც ასეა. მათგან ვისწავლე შრომის სიყვარული.

 

სპექტაკლის შემდეგ კმაყოფილი დარჩი?

ვერ ვიტყოდი ასე. ბევრი რამ შემეძლო, უფრო კარგად გამეკეთებინა, ამიტომ რა თქმა უნდა, არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი.  ბოლო წლები, რაც წამოვედი ანსამბლიდან და გადავწყვიტე დამოუკიდებელი ქორეოგრაფის ახალი გზა ამერჩია, ძალიან ბევრი ეჭვი მქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, პანდემიამდე ვფიქრობდი რაღაცების გაკეთებას. პანდემიამ ხელი შემიშალა, მერე დავფეხმძიმდი და ამანაც – რასაკვირველია, თან გული მწყდებოდა, მაგრამ სადღაც გულში მშვიდად ვიყავი, რადგან დამოუკიდებლად არ მიწევდა საქმის კეთება – მარტივია, როცა რეჟისორთან ერთად მუშაობ, უფრო ადვილია, როცა სპექტაკლი მთლიანად შენი პასუხისმგებლობა არ არის. ძალიან მეშინოდა… კმაყოფილი ვარ იმით, რომ შემძლებია…

როგორ ფიქრობ, „ქალაქის თეატრი“ მოიზიდავს მაყურებელს და შემოგვთავაზებს სიახლეს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართულ თეატრალურ სივრცეს?

ბევრი თეატრია ახალი და მაყურებელიც ახალგაზრდა გაჩნდა. მაგალითად, ჩემს სამეგობროში თითქმის არავინ დადის თეატრში, ჩემი ხათრით თუ წამოვლენ ხოლმე. უფრო ახალ თაობას სხვანაირი მიდგომა აქვს. სულ მიკვირდა, როცა მამა ამბობდა, რომ ქვეყანაში წელიწადში მინიმუმ ხუთი თეატრი უნდა იხსნებოდეს, მიკვირდა, რა საჭირო იყო. ახლა ვხვდები, რასაც ამბობდა. ბუნებრივია, ყველა თეატრს თავისი მაყურებელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს თეატრსაც ეყოლება, სხვანაირად შეუძლებელია, ეს ენერგია, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს, შეუძლებელია, მაყურებელზეც არ გადავიდეს.

თინათინ, დედ-მამის ჩრდილისგან მთლიანად ხარ თავისუფალი?

არა. პატარა ასაკიდან ძალიან მტკენდა გულს, როდესაც საზოგადოებას მაცნობდნენ, როგორც ლევანისა და მანანას შვილს. ჩემი მშობლებით ძალიან ვამაყობ, გარდა პროფესიონალიზმისა, არიან სამაგალითო ადამიანები. ის, რომ შენ არ აღგიქვამენ ინდივიდად და გიყურებენ, როგორც ვიღაცის შვილს, საკმაოდ რთული გასააზრებელია პატარა ასაკში.  პრინციპში, ამიტომაც არ გავყევი სამსახიობო კარიერას. დღემდე, როცა სპექტაკლებს ვუყურებ, სულ მაინტერესებს, ნეტავ, როგორი მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ ეს ძალიან მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი. მშობლებს არასდროს უთქვამთ, სად უნდა ჩამებარებინა ან არ ჩამებარებინა, მაგრამ პატარაობიდანვე მივიღე გამოცდილება და ვიცოდი, რომ მსახიობის გზა რომ ამერჩია, სულ იქნებოდა შედარებები. მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ და გადავწყვიტე, რომ ჩემით გამეკეთებინა ყველაფერი. კი, მე ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთე. „სუხიშვილებში“ მოსახვედრად საკმაოდ დიდი გზა გავიარე, ბევრჯერ შევეჯახე იმას, რომ რაღაც არ გამომდიოდა, ბევრი განცდა და გულისტკენა გამოვიარე, მაგრამ გამომივიდა და არავის დახმარებით, ჩემით აღმოვჩნდი იქ. სხვების დასანახად არასდროს არაფერს ვაკეთებ. ჩემი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა. ახლა შემიძლია, რომ თეატრში ვიმუშაო წყნარად, მშვიდად, აქაც ჩემით…

ვიდეო: როგორი მამა და ბაბუაა ლევან წულაძე: „ვიცი, რასაც განიცდის…“

აღნიშნე, რომ ფეხმძიმობამ ხელი შეგიშალა ახალი საქმის წამოწყებაში… ლევანს გოგონა შვილიშვილი წარმოედგინა, ბოლო-ბოლო როგორ გადალახა ეს „დილემა“?

რადგან თავად გოგონას მშობელია, ბიჭთან შეხება არ ჰქონია და ეუცხოვებოდა, ნათევსაებიც ყველანი გოგონები იყვნენ პატარები. საერთოდ არ არის დიდად ყურადღებიანი ადამიანი, მაგრამ ხშირად მირეკავს და მეკითხება, როგორ არის. ეს გასაკვირია (იღიმის). მიმყავს ხშირად. კორონაც ერთად გადავიტანეთ…

დედობამ როგორ შეგცვალა?

საკმაოდ რთულად გავიარე პირველი ორი-სამი თვე. ხშირად ქალებს ერიდებათ ამ თემაზე საუბარი, რადგან თითქოს ჩაითვლება, რომ ცუდი დედა ხარ. ხშირად მაწყნარებდნენ ხოლმე, რანაირად შეიძლება ცუდად იყო, როცა ასეთი შვილი გყავსო. ჩემი შვილი მუცლიდან მიყვარს, დედამიწაზე ყველაზე მეტად. ყველა ქალს შეიძლება არ აქვს, მაგრამ პოსტსამშობიარო მდგომარეობა ზოგს ძალიან რთულად აქვს და ჩემთვის პირადად ძალიან რთული იყო. მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გამიჩნდა შიში, შევძლებდი თუ არა მუშაობას. მე საქმის გარეშე ვერ ვძლებ. მეშინოდა, როგორ შევძლებდი ახალი საქმისა და ბავშვის მოვლის ერთმანეთთან შეთავსებას, თუმცა ამ პერიოდმა, რა თქმა უნდა, გაიარა და საქმეს კიდევ უფრო კარგად ვაკეთებ, რადგან უფრო დიდი მიზნები გამიჩნდა. მინდა, ჩემმა შვილმა ისევე იამაყოს თავისი მშობლებით, როგორც მე ვამაყობ – ჩემით. ეს ინსპირაცია ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ახლა ცხოვრება ბევრად უფრო უკეთესია…

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tinatin Tsuladze (@tinatints_)

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები