სრულიად გაუგებარია რატომ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი დაპირებამ “უფასო კვება სკოლაში”. ფილოსოფიური წინააღმდეგობა იდეასთან შემიძლია გავიგო, ბაზარმა დაარეგულიროს, ეს მემარცხენე დაპირებაა და ასეთები. მაგრამ იმის თქმა, რომ თურმე დაპირება ტყუილია რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაურია, – წერს თინა ხიდაშელი ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაზე – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.

“რას ნიშნავს სკოლები განათლების სამინისტროს ეკუთვნის და ამიტომ ტყუილი დაპირებაა?

თბილისის სკოლებში ბავშვები თბილისელები არიან, შესაბამისად თბილისის მერიას ნებისმიერი სოციალური პროგრამის დაწყება შეუძლია მათთვის რასაც საჭიროდ ჩათვლის შეუზღუდავად.

ფორმა ათასნაირი არსებობს: ვაუჩერები ბავშვებისთვის, სკოლისთვის მიზნობრივი გრანტის მიცემა კონკრეტულად ამ პრობლემის მოგვარებისთვის, და სხვა.

აბსოლუტურად არაფერი უკრძალავს თბილისის, ან რომელიმე ქალაქის მერიას სოციალური პროგრამა განახორციელოს რომელიმე ჯგუფთან მის ქალაქში.

ერთადერთი წუხილი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ის არის, რომ თბილისელი ბავშვები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით და ეს ერთგვარი დისკრიმინაციის ალბათობას აჩენს. თუმცა მხოლოდ ეს არგუმენტი არ ვარგა და არ გამოდგება იმისთვის რმ თუ სხვას ვერ ვეხარებით თბილისელებიც დაიჩაგრონ.

ამასობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ყოლა სხვადასხვა ქალაქში ამითაც არის საინატერესო და სასურველი რომ კონკურენცია იწყება უკეთესი მართვისთვის და შესაბამისად, ზეწოლა პოლიტიკურ ძალებზე საკუთარი იდეები და პროგრამები სხვისთვისაც მოსაწონი და მისაბაძი გახადონ.

ეს სწორხაზოვანი აზროვნება როდიდან გახდა ასეთი პოპულარული ქვეყანაში გაუგებარია”,- წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ახალ საარჩევნო რგოლში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, მოსწავლეების 35 %კი სკოლაში ყოფნისას ყოველდღიურად განიცდის შიმშილს.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები