26 წლის ნაკო მარიამიძე გორის რაიონში, სოფელ კარბში დაიბადა და მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, უდარდელი და ლაღი ბავშვობა ჰქონდა. 13 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილებია და ამის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

თქვენ შესახებ..

მერეთის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ კი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე. დაოჯახებული ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

როგორი ბავშვობა გქონდათ?

თბილ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა, მეც თანატოლებთან ერთად სხვადასხვა თამაშს ვთამაშობდი.

გამზრდელ მშობლებზე მომიყევით?

ჩემი გამზრდელი მშობლები არიან მარინე მარიამიძე და გია მარიამიძე. სამაგალითო, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები არიან. მზრდიდნენ ისე, როგორც საჭიროა, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს პიროვნებად. ახლა რასაც წარმოვადგენ, მათი დამსახურებაა.

როგორ გაიგეთ, რომ ისინი არ არიან ბიოლოგიური მშობლები?

13 წლის ასაკში, გამზრდელმა დედამ მითხრა. გეგმავდა, რომ 15 წლის რომ გავხდებოდი, სიმართლე ეთქვა. თუმცა, შემთხვევით მას ავტოსადგურზე ჩემი და შეხვდა. იმდენად დიდი მსგავსება იყო, რომ დაეჭვდა და გარკვევა გადაწყვიტა. ჩუმად სურათიც კი გადაუღო. შემდეგ, როცა ყველაფერი დააზუსტა, ნამდვილად იყო თუ არა ჩემი ტყუპისცალი. ფოტო მაჩვენა და სიმართლე მითხრა.

რეაქცია..

როცა სურათი დავინახე, მეგონა, მე ვიყავი და დედას ვკითხე, სად გადამიღე-მეთქი. მან მითხრა, რომ ის ჩემი და იყო. არ დავუჯერე და ვკითხე, ,,როგორ, მამამ გიღალატა და სხვისგან ჰყავს შვილი?!“ იმდენად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნაშვილები ვიყავი. მსგავსი რამ, აზრადაც არ მომსვლია. შემდეგ, ყველაფერი მიამბო. თავიდან, ყველაფერი ბუნდოვანი და გაუაზრებელი იყო. მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, გამეცნო ჩემი ტყუპისცალი და, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავდა.

ადამიანები ხშირად შინაგანად გრძნობენ, როდესაც ნაშვილები არიან, ან სადმე და-ძმა ჰყავთ…

კი, ყოველთვის მეგონა, რომ კიდევ ჩემნაირი ადამიანი ცხოვრობდა სადღაც. სულ ვოცნებობდი, რომ და მყოლოდა ტყუპისცალი, რომელიც ჩემი ორეული იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა.

რა იყო გაშვილების მიზეზი?

როგორც აღმზრდელმა დედამ მიამბო, სუსტად ვიყავი და ბიოლოგიურ დედას შეეშინდა, რომ უსახსრობის გამო, ვერ გადამარჩენდა, ამიტომ ექიმებმა გაშვილება შესთავაზეს და ასეც მოიქცა.

როგორ გაიცანით ტყუპისცალი?

დედას ვთხოვე, რომ მოეძებნა და მასთან შევეხვედრებინე. ასეც მოიქცა, სამ დღეში ჩემი და ვნახე.

როდესაც ტყუპისცალს შეხვდით, იცოდა თუ არა თქვენ შესახებ, რა რეაქცია ჰქონდა?

მოულოდნელი იყო, რადგან იცოდა, რომ სამშობიაროში დავიღუპე. ,,დედამისმა’’ ასე უთხრა ყველას. როცა მნახა, ძალიან გაუხარდა. ისიც  და მეც ,,შოკში’’ ვიყავით. ერთმანეთის მსგავსებამ ორივე გაგვაოცა.

როგორც ვიცი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დედმამიშვილი გყავთ… როგორი იყო მათი რეაქცია, როდესაც შეხვდით?

დიახ, ერთი ძმა და ხუთი და მყავს. სულ შვიდნი ვართ. არ იცოდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი. ერთდროულად გახარებულები და გაოცებულები იყვნენ.

როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩით…

ძალიან მიხაროდა. ყველაზე მეტად მაშინ დავაფასე დედა, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთა და ჩემი ოცნება ამისრულა.

ბიოლოგიურ დედას შეხვდით?

მისი გაცნობა ვერ შევძელი, გარდაცვლილია.

მასზე ნაწყენი ხომ არ ხართ?

რა თქმა უნდა, გული მტკივა, რომ ტყუპისცალს დამაშორა, მაგრამ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ შანსი მომცა, მოსიყვარულე მშობლების გვერდით გავზრდილიყავი.

ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კარგი. ძალიან ბედნიერი ვარ.

გამზრდელი მშობლები რას გეუბნებიან, როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

სამწუხაროდ, 15 წლის ასაკში მამა გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო ჩემთვის, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვიშუშებ. დედასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. მისი წყალობით ჩამოვყალიბდი კარგ პიროვნებად, მან მასწავლა, რა რის სწორი და არასწორი. ის, რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მადლობა უფალს, რომ ასეთი კარგი დედა მყავს.

რას ეტყვით მათ, ვინც ბავშვი გააშვილა, ან რაიმე ინფორმაცია აქვს ზოგადად გაშვილებულ ადამიანებზე?

ვურჩევდი, რომ არ დამალონ სიმართლე. რაც უნდა მძიმე იყოს, ჩემი აზრით, ყველა ადამიანი იმსახურებს, იცოდეს თავისი ვინაობა და არავის სურს ტყუილში ცხოვრება.

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები