ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება და თან ისე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს.

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პოლიტიკური პარტიები გამოიყენოს,” – აცხადებს დაუშვილი

დეპუტატის თქმით, სააკაშვილმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი და არავითარი კითხვა არ გაჩნდეს მის უფლებრივ მდგომარეობაზე.

“პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ეს პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რაც საჭიროა უნდა გააკეთონ, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ იყოს”, – განაცხადა დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, დეპუტატები თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, იმისთვის, რომ სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ მკურნალობა მოხდეს, რის შემდეგაც ქვეყანაში დაბრუნდება და სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

დაუშვილი აცხადებს, რომ მას რაიმე დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა, ამბობს, რომ თავდებობაზე ხელს არ მოაწერს, რადგან მსგავსი რამ ნდობის გარეშე არ ხდება.

” მე პირადად ამ თავდებობას ხელს ვერ მოვაწერ, ადამიანს ან ორგანიზაციას უნდა ენდობოდე, რომ როცა რაღაცას ხელს აწერ, რასაც აწერ, ეს იქნება ასე და პირველ რიგში, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ამის საჭიროება არსებობს.” – აცხადებს დაუშვილი

დაუშვილი ამბობს, რომ მან არ იცის არსებობს თუ არა საჭიროება, რადგან ერთი მხარე ყვება თავის ისტორია, მეორე კი თავისას.

“კეთილი ინებოს და “ოცნებამ” პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. ბოდიში, მაგრამ ნდობის გარეშე, ვერავის ვერაფერზე ხელს ვერ მოვუწერ,”- განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი თემები