მიმდინარე წელს, შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციული მოპყრობის 15 ფაქტი გამოავლინა. 

ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დადგენილი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები ეხებოდა როგორც დაინტერესებული პირის მომართვის, ასევე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე ვაკანსიის შესახებ განცხადებებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების მოკვლევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

“შრომის ინსპექციის მიერ დადგენილი იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. სწორედ აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სამსახურის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის მიერ განხორციელდა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ერთეული ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით.

ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:

◼  გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება “სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის” წარმომადგენლის კანდიდატურა.

◼  სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე – მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით.

◼  ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.

◼  გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე და ა.შ.

როგორც ინსპექციის სამსახურში განმარტავენ, წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა შემდეგ გარემოებების შემოწმებას დაეფუძნა:

◼  პირს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად ეპყრობიან;

◼  განსხვავებული მოპყრობა პირს ზღუდავს ან ხელს უშლის შრომითი უფლებებით სარგებლობისას;

◼  არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის კანონით განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზანი;

◼  განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.

“შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის უპირველესი მიზანია საზოგადოების ყველა წევრს შეექმნას მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. ამრიგად, შრომის ინსპექცია მოუწოდებს დამსაქმებლებს, არ დაუშვან დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, რაც თანაბრად ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ყველა, მათ შორის, ვაკანსიის გამოცხადებისა და კანდიდატის აყვანის ეტაპებზე, რათა უკანონოდ არ შეეზღუდოთ სამუშაოზე წვდომა, ასევე განვითარება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს.” – აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები