დღეს, 13 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება. სხდომას ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრება. სააკაშვილის ადვოკატის შალვა თუთბერიძის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა აღნიშნული პროცესი იყოს „ლაკმუსის ქაღალდი“ იმისა, თუ რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში.

„პროცესი, რომელიც უნდა გაიმართოს შეეხება ე.წ. საზღვრის კვეთის საკითხს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებიან საქართველოში დაბრუნებას. დაცვის მხარე სრულად მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ასევე პროცესს დაესწრება თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც ბუნებრივია, რომელსაც სხდომაზევე გავაჟღერებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესიც იყოს „ლაკმუსის ქაღალდი“ და დემონსტრატორი იმისა, თუ რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში,“ – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

მსგავსი თემები