სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება.

დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 27.0 პროცენტი გაიკეთებდა.

სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება:

  • ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%),
  • სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%),
  • ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%),
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%),
  • COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%),
  • ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%),
  • COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%),
  • მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%),
  • მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%),
  • სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების არარსებობა (2.5%),
  • ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%),
  • მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%).

გამოკვლევის თანახმად, იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისთვისაც ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთებს ვაქცინას და იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისაც არ გადაუწყვეტია, ნაკლებად მოსალოდნელია ან თითქმის გამორიცხულია, რომ გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ერთმანეთისგან განსხვავდება ვაქცინის გაკეთების მთავარი მოტივების მიხედვით.

რესპონდენტებს შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთებს ვაქცინას, 59.6 პროცენტისთვის მთავარი მოტივი არის საკუთარი თავის დაცვა, 16.3 პროცენტისთვის კი – ხანდაზმული ადამიანების დაცვა.

იმ რესპონდენტებს შორის, ვისაც არ გადაუწყვეტია ან არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, 40.2 პროცენტისთვის მთავარი მოტივი იქნებოდა საკუთარი თავის დაცვა, 11.8 პროცენტისთვის – ხანდაზმული ადამიანების დაცვა, ხოლო 21.9 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სჭირდებათ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: რამდენად უსაფრთხოა (81.3%), გვერდითი მოვლენები (56.4%), რამდენად ეფექტურია (55.5%), როგორ მოქმედებენ სხეულში (31.7%), როგორ შეიქმნა (21.4%), რომელი ვაქცინები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში (9.5%).

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს რესპონდენტების 57.7 პროცენტი ენდობა. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები