PMC კვლევითი ცენტრის ცნობით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სამუშაო ძალის მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალის მიღმა მყოფი მოსახლეობა 3%-ით შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი სამუშაო ძალა 101.3 ათასი ადამიანით შემცირდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში BAG დასაქმების ბარომეტრმა საშუალოდ 26.3 ქულა აჩვენა, რაც 6.7 ქულით მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2020 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მაღალი საშუალო ქულა დაფიქსირდა მრეწველობის (34.7), ყველაზე დაბალი კი – მომსახურების (17.6) სექტორში.

2022 წლის პირველ ნახევარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საშუალოდ 22.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2400 ლარზე მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილი კი – 16%. 2022 წლის პირველი ნახევარში, ხელფასის მიმღებთა საშუალო რაოდენობა 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47 ათასით გაიზარდა.

BAG დასაქმების ბარომეტრმა და ხელფასის მიმღებთა გაზრდილმა რაოდენობამ, 2022 წლის პირველ ნახევარში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნა აჩვენა. შესაბამისად, პოზიტიური ცვლილებები აისახა Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებზეც. 2022 წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა 51%-ით გაიზარდა.

„ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშებულ ხელფასებზე დაკვირვებაც. საქართველოში 2015 წლიდან 2021 წლამდე ანაზღაურებად დასაქმებულთა ნომინალური ხელფასები 50.7%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 12.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2021 წლამდე შეადგენდა 22.4%- ს, რაც 10 პროცენტული ერთეულით აღემატება ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული ხელფასების ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახება მუშახელის ხელფასებზე“, – წერია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები