დღეისათვის ზამთრის კურორტებზე მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს, ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, სასტუმროში იცხოვროს, მწვანე ბარათი უნდა ჰქონდეს. ამ რეგულაციამ დიდად არ იმოქმედა დამსვენებლების რაოდენობაზე, რადგან მწვანე პასპორტი ბევრს აქვს და ამ სეზონზე სასტუმროები ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ.  – ამის შესახებ  Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა ბაკურიანში.

„განსაკუთრებით კარგად მუშაობს ბაკურიანი, რომელიც ქართველებზე იყო ყოველთვის ორიენტირებული და დღესაც იქ დამსვენებლების უმეტესობა ქართველები არიან.

გუდაურში კი ვიზიტორების უმრავლესობა კვლავ უცხოელები არიან, რაც კარგის მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ზამთრის კურორტი ასე თუ ისე კარგად მუშაობს“. – განაცხადა ერეკლე კოკაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“.

კოკაიამ ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოში ზამთრის კურორტებზე არსებობს.

„სვანეთს ჯერ კიდევ მეტი პიარი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გზა ასე თუ ისე მოწესრიგებულია და არის ფრენები, სვანეთს ჯერ კიდევ არ აქვს სახელი გათქმული, როგორც ფართო სათხილამურო კურორტს.

გოდერძის პრობლემა კი სამწუხაროდ კვლავ ინფრასტრუქტურაა. გოდერძის სათხილამურო ტრასამდე მისასვლელი გზა ბოლომდე გამართული არაა და შესაბამისად გარდა იმისა, რომ დიდი გზა სჭირდება თბილისიდან გოდერძის კურორტამდე ასვლას, ამას ემატება, რომ გზა არ არის მოწესრიგებული“. – განმარტა კოკაიამ გიორგი კეპულაძის გადაცემაში „ბიზნესკურიერი“.

ერეკლე კოკაიამ აღნიშნა, საახალწლო პერიოდში ინ ჯგუფში შემავალი სასტუმროები სრულად იყო დაჯავშნილი და ტენდენცია ახლაც შენარჩუნებულია.

„საახალწლო დღეები საკმაოდ დატვირთული იყო, 100%-ით ვიყავით დაკავებული გუდაურშიც და ბაკურიანშიც და საბედნიეროდ როგორც უცხოელებისგან, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისგან მოთხოვნა ახლაც გრძელდება.

შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული იქნება, მოლოდინია, რომ სხვადასხვა ხარვეზები, რომელიც კურორტებზე არსებობს, აღმოიფხვრება“ – განაცხადა “In Group”-ის დირექტორმა “ფორტუნას” ეთერში.

„ბაკურიანში თოვლი არის, მაგრამ ყველა საბაგირო გახსნილი არაა, რაც კურორტის სრულყოფილად ამუშავებას აფერხებს – გოდერძის პრობლემა კი, სამწუხაროდ, კვლავ ინფრასტრუქტურაა – როგორ აფასებს ზამთრის სეზონს სექტორი / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები