საქართველო ირჩევს დასავლეთს ან მივექანებით „ახალ საბჭოთა კავშირში“, დროა გამოფხიზლდეთ და ეროვნული ინტერესები ყველა პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენოთ, -ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობი და მტკივნეულია ის რეალობა, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება. უკრაინელი ხალხი გადის იმ გზას, რომელიც 14 წლის წინ საქართველომ გაიარა და ახლაც ჩნდება კითხვები, რომ თუ რუსეთი ვერ მიიღებს სათანადო პასუხს აგრესიაზე, მაშინ დიდი ალბათობაა იმისა, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე კვლავ საქართველო იქნება.

წარმოუდგენლად დიდია უკრაინელი ხალხის თავდადება და სულისკვეთება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ცივილიზებული სამყარო ნათლად და მკაფიოდ აღიქვამს ომის სიმძაფრეს და აანალიზებს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლაა, მათ შორის საქართველოსთვის. ჩემგან განსაკუთრებული პატივისცემა პრეზიდენტ ზელენსკის, ადამიანს, რომელიც პატრიოტული თავდადებით უმკლავდება იმ მძიმე რეალობას, რომელიც დღეს უკრაინაშია და ჩვენ, ყველა ერთად ვხედავთ, როგორ ყალიბდება იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად.

ჩვენ მომსწრე ვართ რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს მხრიდან უპრეცედენტო რეაქციისა, ვხედავთ რამდენად მძიმეა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რუბლის ისტორიულ ნიშნულამდე დაცემა, საჰაერო სივრცის დაკეტვა, რუსული ელიტის სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცევა და ასე შემდეგ” – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად იკავებს პოზიციას, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო ან ირჩევს დასავლეთს და ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს ან მიექანება „ახალ საბჭოთა კავშირში“.

“პარალელურად რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში?! საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად იკავებს პოზიციას, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი – ის, რომ რუსული აგრესიის მსხვერპლი პირველად სწორედ ჩვენ ვიყავით და ყოველი მომდევნო პრაგმატულობას მოკლებული განცხადება მმართველი გუნდის მხრიდან არის უკან გადადგმული ნაბიჯი ცივილიზებულ და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.

ახლა ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპამ მიგვიღოს დიდ ოჯახში. აუცილებელია მივმართოთ ევროკავშირს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული. საქართველო ან ირჩევს დასავლეთს და ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს ან მივექანებით „ახალ საბჭოთა კავშირში“, ამიტომ ბატონებო, დროა გამოფხიზლდეთ და საქართველოს ეროვნული ინტერესები ყველა პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენოთ.

უკრაინაში ომის პარალელურად ჩვენ, ყველა კარგად ვხედავთ, რამდენი ადამიანი იკრიბება მშვიდობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე და მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში, რამდენი ადამიანი ცდილობს უკრაინას გვერდში დაუდგეს და უფრო მეტად სასიხარულო არის ის, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც ძალიან მალე დაიკავებენ ადგილებს ამ დარბაზშიც და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც.

უდიდესი პატივისცემა ჩემგან ამ ხალხს, რომლებმაც შეძლეს და მსოფლიოს დაანახეს როგორ შეგვიძლია ერთად დგომა, რომ ჩვენ გვახსოვს 2008 წელი და ოკუპაციის ის სიმწარე რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიმკით.

და საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ პუტინის მმართველობის მომავალი, მაშინ როდესაც გუშინ, უკრაინაში ჭურვები ესროლეს სამშობიარო სახლს, როდესაც პუტინი, რომლის დასასრულიც დაწყებულია, მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით განადგურებით, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი და დღეს მაღალჩინოსანი მედვედევი რუსეთის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებაში პოზიტიურს იმას ხედავს, რომ საშუალება ექნებათ რუსეთში აღადგინონ სიკვდილით დასჯა.

ნამდვილად არ დაუშვებს ქართველი ხალხი საქართველოს წარსულში დაბრუნებას.

და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო ერთხელ მაინც შეძლებს ნანგრევებში ქვეშ მოყოლის ნაცვლად, შესაძლებლობების ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოყენებას” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები